ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა

თსუ-ში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა

თსუ-ში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
27 იანვარი, 2018
2018 წლის 27 იანვარს თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა და სისხლის სამართლის სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითმა ცენტრმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას „ჰოლოკოსტი და გენოციდის კვლევა ადამიანის უფლებების ჭრილში“ უმასპინძლა.

1945 წლის 27 იანვარს მოკავშირეთა ძალებმა გაათავისუფლეს აუშვიც-ბირკენაუს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი, რომელშიც ჰოლოკოსტის დროს ყველაზე მეტი ებრაელი დაიღუპა.

2005 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და სახელმწიფოებს  ჰოლოკოსტის დანაშაულზე ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობისკენ მოუწოდა.

კონფერენციის ფარგლებში თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა წარადგინეს  კვლევები ჰოლოკოსტისა და გენოციდის საკითხებზე. აკადემიური დისკუსია ჰოლოკოსტის ისტორიულ მიმოხილვას, ამ დანაშაულის გავლენას საერთაშორისო სამართალზე, XX საუკუნის 30-იან წლებამდე და შემდგომ პერიოდში ჩადენილი გენოციდის ფაქტებისა და გენოციდის დანაშაულის თეორიული ასპექტების ანალიზს მიეძღვნა.

კონფერენცია თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ ძირითადი შესავალი გამოსვლით გახსნა. ჰოლოკოსტის დროს ჩადენილი საზარელი დანაშაულების გახსენებისას პროფესორმა ალექსიძემ ხაზი გაუსვა ამ თემებზე აკადემიური დისკუსიის ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვით წახალისების მნიშვნელობას; „დღეს მძიმე და სევდიანი დღეა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც მოხდა ჰოლოკოსტის დროს, რომ მსოფლიომ აღარ დაუშვას ასეთი საშინელებისა და სისასტიკის განმეორება“ - განაცხადა მან.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, რომლის სახელსაც უკავშირდება თსუ-ში საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის განვითარება. პროფესორმა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენცია იმართება თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში. მანვე ისაუბრა ჰოლოკოსტის დანაშაულისა და, ზოგადად, გენოციდის მრავალმხრივი კვლევის მნიშვნელობასა და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, რაც კონფერენციის ერთ-ერთი ამოცანაც იყო.

კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მას ოთხმოცამდე სტუდენტი დაესწრო. საინტერესო დისკუსიის დასასრულს საუკეთესო გამომსვლელებს სერტიფიკატები გადაეცათ. ორმა სტუდენტმა საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს სპეციალური ჯილდო, ერთმა საუკეთესო გამომსვლელმა კი საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში სტაჟირება დაიმსახურა.

გალერეა
სხვა სტატიები »