ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
6 დეკემბერი, 2017
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის გივი მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო სხდომა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მეცნიერები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.    

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გივი მაჭავარიანმა მთელი ეპოქა შექმნა ქართველური ენების შედარებითი ანალიზის კუთხით. „ის გამოირჩეოდა ინტენსიური სამეცნიერო მოღვაწეობით, განსაკუთრებული ნიჭიერებით. მისი ორი მონოგრაფია „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ თამაზ გამყრელიძის თანაავტორობით და „საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა“ არის ის ფუძემდებლური მონოგრაფიები, რომლებმაც ქართველური ენების ახლებურ ხედვას, ახლებურ გაგებას ჩაუყარა საფუძველი. სულ სხვანაირად წარიმართებოდა ქართველური ენების შესწავლა და განვითარება ასეთი უნიჭიერესი მკვლევარები რომ ყოფილიყვნენ მის სათავეში. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, თუმცა ძალიან ბევრი რამ, რაც გააკეთა პროფესორმა მაჭავარიანმა დღემდე არის ფუძემდებლური “,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.    

"დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს მიაგებს პროფესორ გივი მაჭავარიანის ხსოვნას, რომელიც სულ ახალგაზრდა 40 წლისა გარდაიცვალა. გივი მაჭავარიანი იყო არაჩვეულებრივი მეცნიერი, თვალსაჩინო მკვლევარი ქართველური ენების ისტორიის, სტრუქტურის, რომელიც ქმნიდა ახალ ცოდნას, მისი ამაგი ფასდაუდებელია ჩვენი სამეცნიერო სივრცისათვის",-განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

გივი მაჭავარიანის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ცენტრალური ადგილი ეკავა კავკასიური და ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, აგრეთვე, ზოგად ენათმეცნიერულ პრობლემატიკას. მის მიერ შექმნილმა ფუნდამენტურმა მონოგრაფიებმა: „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (თამაზ გამყრელიძესთან ერთად) და „საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა“, ავტორს საბოლოოდ მოუხვეჭა ქართველური ენების გამოჩენილი მკვლევრის სახელი. იგი სისტემატურად მონაწილეობდა საკავშირო კონფერენციებსა და საერთაშორისო კონგრესებში. 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრისა და ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი, შემდეგ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
სხვა სტატიები »