ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ოსური ენის გრამატიკისა და ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური და ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროს პრეზენტაცია

ოსური ენის გრამატიკისა და ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური და ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროს პრეზენტაცია
29 სექტემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაირა ბეპიევის ოსური ენის გრამატიკისა და ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური და ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროს პრეზენტაცია  გაიმართება.

ოსური ენის პრაქტიკულ გრამატიკაში წარმოდგენილია ოსური ენის ძირითადი გრამატიკული ასპექტები ოსურ და ქართულ ენებზე. მსგავსი ტიპის სახელმძღვანელო დღემდე არ გამოცემულა. წიგნში პირველად არის წარმოდგენილი ოსური ენის ხმოვანთა და თანხმოვანთა კლასიფიკაცია ქართული ენის ბგერით სისტემასთან კავშირში. ოსური ენის გრამატიკული კატეგორიები ახსნილია ქართული ენის კატეგორიებთან მიმართებაში. განსხვავებულ გრამატიკულ მოვლებნებს კი ქართული შესაბამისობები დაეძებნა.

ოსური ენის პრაქტიკულ გრამატიკას ყოველი მონაკვეთის ბოლოს ახლავს სავარჯიშოები. წიგნს ერთვის აგრეთვე მოკლე ლექსიკონები, საკითხავი მასალა ოსური ფოლკლორიდან და ლიტერატურიდან. წიგნის მეორე ნაწილში განხილულია ოსური დამწერლობის ისტორია, პირველი ოსური ჟურნალ-გაზეთების გამოცემის ისტორია, ცნობები ოსური ენის მკვლევართა შესახებ, წიგნში შეტანილია ბევრი დოკუმენტური მასალა ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიიდან. წიგნში პირველად ქვეყნდება საარქივო მასალები, ცნობილ მოღვაწეთა ხელნაწერები. პრაქტიკულ გრამატიკაზე მუშაობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები.

ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისურსა და ოსურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური სასაუბროში 100-ზე მეტი თემაა. მას ახლავს ქართული და ოსური ანბანი ტრანსკრიფციით, მცირე ზომის ტექსტები, ქართულ-ოსურ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონი, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო გაუადვილებს როგორც საჭირო ფრაზების, ასევე ზოგადად, ლექსიკისა და ტერმინოლოგიის შესწავლას. სასაუბროს ერთვის კომპაქტდისკი, სადაც წარმოდგენილია ყველა ძირითადი თემა ქართულსა და ოსურ ენებზე. სასაუბროს შემდგენელი და მთავარი რედაქტორია პროფ. ნაირა ბეპიევი. რედაქტორები: აკად. ავთანდილ არაბული (თბილისი), აკად. ნაფი ჯუსოითი (ცხინვალი), დოც. ელმირა გუტიევა (ვლადიკავკაზი), პროფ. ნინო პოპიაშვილი (თბილისი); რეცენზენტები:  აკად. თამაზ გამყრელიძე (თბილისი), პროფ. თამარ გელაშვილი (თბილისი), პროფ. ნათია ამირეჯიბი (თბილისი); კონსულტანტები: მერი ცხოვრებოვა (ცხინვალი), პროფ. თინათინ მარგალიტაძე (თბილისი), ფილ. დოქტორი ლალი ხუჭუა (თბილისი), რაზიათ ქუმარიტოვი (თბილისი).

წიგნები გამოცემულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის, COBERM-ის, ფინანსური მხარდაჭერით.
სხვა სტატიები »