ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ დიპლომების გადაცემის ცერემონია თსუ-ში

ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ დიპლომების გადაცემის ცერემონია თსუ-ში
12 ივლისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ (Filière Francophone en Informatique) კურსდამთავრებულებს ფრანგული ეროვნული დიპლომები (უნივერსიტეტი პარიზი 8) გადაეცათ. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტი პარიზი 8-დან პროგრამის ხელმძღვანელი ჟან-ჟაკ მარიაჟი, უნივერსიტეტი პარიზი 8-ს წარმომადგენელი ჰინდ უკერადი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები,  პროგრამის კოორდინატორი არჩილ ელიზბარაშვილი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში წარმატებით მუშაობს: „თსუ-ში 100-მდე ქართველმა სტუდენტმა მიიღო თსუ-სა და უნივერსიტეტ პარიზი 8-ის დიპლომი. მათი დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია: ბოლო 6 წლის შედეგებით, კურსდამთავრებულთა 100 პროცენტი დასაქმებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწავლის ხარისხიც ძალიან მაღალია. ვაპირებთ, რომ გავაფართოვოთ თანამშრომლობა ფრანგ პარტნიორებთან.“

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს. ამ პროგრამის კურსდამთავრებულს ეძლევა ორმაგი - ქართულ-ფრანგული დიპლომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა უნივერსიტეტი პარიზი 8-ს წარმომადგენელმა ჰინდ უკერადიმ.

„ამ პროგრამამ მოგვცა შესაძლებლობა მიგვეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ინფორმატიკისა და პროგრამირების მიმართულებით,“- აღნიშნა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა გური სალუქვაძემ.  

ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“  საქართველოში 2002 წლიდან, თსუ-ში კი 2009 წლიდან მოქმედებს და 15 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. სწავლის განმავლობაში სტუდენტები მინიმუმ ერთი სემესტრი უნივერსიტეტ პარიზი 8-ში სწავლობენ. კურსდამთავრებულთა 40-მა პროცენტმა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა საფრანგეთსა და სხვა ფრანკოფონულ ქვეყანაში გააგრძელა. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საფრანგეთის ეროვნული განათლების სამინისტროს მიერ, ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით. სტუდენტებს ლექციებს ქართველ და ფრანგ ლექტორთა შერეული ჯგუფი უკითხავს.









სხვა სტატიები »