ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ათი წლისაა

1 ივლისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ათი წლის საიუბილიო ღონისძიება და 2017 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. 10 წლის განმავლობაში ISET-ში ასეულობით წარმატებული კურსდამთავრებული აღიზარდა, რომლებიც წარმატებულ პოზიციებს იკავებენ რეგიონში. წელს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა 32-მა მაგისტრმა დაამთავრა.

კურსდამთავრებულებს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ISET-ის პრეზიდენტმა ერიკ ლივნიმ, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა, BP-ის გენერალურმა მენეჯერმა კრის შლუტერმა, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ქუიკმა  და სხვა ოფიციალურმა სტუმრებმა. საიუბილეო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ISET-ის სტუდენტები, სკოლის მეგობრები და მხარდამჭერები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„უკვე 10 წელი გავიდა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა დაარსდა, ეს არის ღირსშესანიშნავი თარიღი. ISET-მა გაუძლო გამოწვევებს, გაუძლო დროს, სკოლის ბევრი კურსდამთავრებული დასაქმებულია წარმატებით. დღეს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საღამოა. ვულოცავ მათ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრებას. ვუსურვებ წარმატებებს“-განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა ISET-ის წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესახებ, რომლებიც დღეს წამყვან პოზიციებს იკავებენ ქვეყნის, რეგიონის და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებში.

„მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო სწავლა, ძალიან ბევრი მომცა ISET-მა, პირველ რიგში ეკონომიკის ცოდნა და თავდაჯერება იმისა, რომ არ არსებობს იმ სირთულის ამოცანა, რასაც ვერ გავუმკლავდებით“, - აღნიშნა კურსდამთავრებულმა შოთა პაპუაშვილმა.

ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის 2017 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონიასთან ერთად, ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყარა სკოლის მიერ ინიცირებულ ახალ კამპანიას „დააბრუნე ამაგი“. კამპანიის მონაწილე ISET-ელები, დაინტერესებულ ბიზნესკომპანიებთან, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მენტორობას გაუწევენ სოფლის სკოლების მოსწავლეებს: დაეხმარებიან პროფესიული კარიერის დაგეგმვაში, პროფესიული სტაჟირებებისა და საგანმანათლებლო სტიპენდიების მოძიებაში. კამპანია მიიღებს რეგულარულ ხასიათს და მასში აქტიურად იქნებიან ჩართული საჯარო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




სხვა სტატიები »