ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“
22 ივნისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“ გაიხსნა. კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორები, სტუდენტები, მკვლევრები აშშ-დან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან დაესწრნენ.

„ძალიან საინტერესო ფორმატი აქვს დღევანდელ კონფერენციას. რეგიონში, ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების განხილვა, მეცნიერული შესწავლა არა მხოლოდ სამეცნიერო კუთხით არის მნიშვნელოვანი, მას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. ღონისძიებაში პროფესორებთან, მკვლევრებთან ერთად დოქტორანტებიც არიან ჩართულნი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ კონფერენციის მნიშვნელობას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.   

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას განცხადებით, „წლევანდელი კონფერენციის თემაა „ეკონომიკური განვითარების ასპექტები“. ყოველ წელს ჩვენ ვეძებთ და ვპოულობთ იმ დროისთვის აქტუალურ თემატიკას. წელს მდგრადი განვითარების ასპექტები, ვთვლით რომ მეტად მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ, რომ დიდ ინტერესს იწვევს მდგრადი განვითარების კვლევა. სწორედ ამიტომ არ კარგავს კონფერენცია აქტუალობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.“

ღონისძიების თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა:  საზოგადოებრივი გეოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკის, რეგიონული და ნაციონალური კვლევები, გლობალიზაცია.   

კონფერენციის მთავარი მიმართულებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საზოგადოების მდგრადი განვითარების  შესაძლებლობების განსაზღვრა მრავალმხრივი გლობალური კონფიგურაციის სწრაფი ცვლილების პირობებში. უპირველეს ყოვლისა, წამყვანი გლობალური მოთამაშეების  პოზიციებისა და დამოკიდებულებების შეცვლასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ.    

კონფერენცია, რომელიც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერაა ორგანიზებული, ხელს უწყობს ღია და მრავალმხრივი დისკუსიის შესაძლებლობების შექმნას მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და ქვეყნის წარმომადგენლებს შორის.    

სხვა სტატიები »