ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

გერმანული ფილოლოგია საქართველოში

31 მაისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ღონისძიება „გერმანული ფილოლოგია საქართველოში“ გაიმართა, რომელსაც  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენთალერი, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საქართველო-გერმანიისა და ქართულ-გერმანულ უნივერსიტეტებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. „გერმანული ფილოლოგიის სწავლება უნივერსიტეტში დაარსების დღიდან დაიწყო. თავად ივანე ჯავახიშვილი იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის უნივერსიტეტიც სწორედ გერმანული უნივერსიტეტების გამოცდილებით დააფუძნა. ამ კავშირებს დღემდე წარმატებით ვინარჩუნებთ. ახლო მომავალში ვაპირებთ, საქართველოში პირველებმა, სტრუქტურირებული სადოქტორო საფეხური შემოვიღოთ, რასაც ჩვენი პარტნიორი გერმანული უნივერსიტეტების მეშვეობით განვახორციელებთ,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„დღეს ვზეიმობთ გერმანული ფილოლოგიის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში კიდევ უფრო განმტკიცდეს გერმანული ფილოლოგია, როგორც მეცნიერება და კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები დამყარდეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის,“-განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ.

„ჩვენ აღვნიშნავთ იმ ენის დღეს, რომელ ენაზეც ვსაუბრობთ. საქართველოში ავსტრიის საელჩო 10 თვის წინ გაიხსნა და აქტიურად ვართ ჩართული საქართველოს და ავსტრიას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში,“-განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში არად ბენკომ.

„შვეიცარია, როგორც ერთ-ერთი გერმანულენოვანი ქვეყანა, მონაწილეობს ღონისძიებაში. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ამდენი ადამიანი ფლობს გერმანულ ენას. ასეთი ღონისძიებები, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი კონტაქტების გამყარებას,“- აღნიშნა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.

თსუ გერმანული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა ლალი ქეცბა-ხუნდაძემ მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ამ მიმართულების მუშაობაზე უნივერსიტეტში. „დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და ჩვენი მიმართულებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ღონისძიებაზე გერმანულენოვანი ქვეყნების ელჩების ყოფნა ხელს შეუწყობს ამ ენის  პოპულარიზაციას,“- განაცხადა ლალი ქეცბა-ხუნდაძემ.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო გერმანიის უნივერსიტეტებისა და გერმანისტული ინსტიტუტების პარტნიორობას, ერთობლივ პროექტებს, თსუ-ში გერმანული ფილოლოგიის სასწავლო პროგრამებს. გაიმართა მრგვალი მაგიდა „გერმანული ფილოლოგიის დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები.“

ღონისძიების ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა „გერმანიის კულტურა და მეცნიერება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.“ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, „გამოფენაზე წარმოდგენილია გერმანიაში გამოცემული უნიკალური წიგნები, რომლებიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული.  მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოში დაცული ყველაზე ძველი ნაბეჭდი წიგნი - 1484 წელს ლიუბეკში დასტამბული ,,ცხოვრება წმინდა იერონიმესი“, რომლითაც ყველა მდიდარი ბიბლიოთეკა იამაყებდა. ასევე წარმოდგენილია თბილისის უნივერსიტეტში ჩვენი პროფესორების მიერ შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება გერმანულ კულტურას, ენას, ლიტერატურას.“

ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.





სხვა სტატიები »