ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებები თსუ-ში

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებები თსუ-ში
29 მაისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“ გაიმართა. ღონისძიების გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბევრი ღონისძიება ჩატარდა. "ძალიან საინტერესო კვირეული გამოგვივიდა წელს, გაიმართა გამოფენები, კონფერენციები, წიგნის პრეზენტაცია, დღეს კი გამოიფინა ძალიან საინტერესო ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური მასალები პირველი უნივერსიტეტის და პირველი რესპუბლიკის მთავრობას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ, თუ რა კეთდებოდა უნივერსიტეტისთვის, როგორი განვითარება ჰპოვა უნივერსიტეტის იდეამ ამ წლების განმავლობაში. ასევე იმართება სტუდენტური კონფერენცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. ეს კვირეული არის მნიშვნელოვანი ასახვა იმისა, თუ რა როლი ჰქონდა და ექნება პირველ უნივერსიტეტს საქართველოში“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„დღეს სრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც უნივერსიტეტში აღინიშნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტო და ნაბეჭდი დოკუმენტაცია, რომლებიც მოგვითხრობენ იმ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესის შესახებ, რომელიც ვითარდებოდა 1918-1921 წლებში უნივერსიტეტსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის“,-განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა. მისი ინფორმაციით, თსუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაისხნა ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. 20-ზე მეტმა ახალგაზრდამ ყველა ფაკულტეტიდან წარმოადგინა მოხსენება, რომლებშიც განხილული იყო 1918-1921 წლების ეპოქის ყველა ასპექტი.
     
თსუ მუზეუმის მიერ მომზადებულ ექსპოზიციაზე ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმისა და საქართველოს  ეროვნული არქივის ფონდებში დაცული ხელნაწერები, ფოტო და ბეჭდური  მასალა, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ თითქმის საუკუნის წინ საქართველოში განვითარებულ რთულ პროცესებს. კერძოდ, ქართველი ერის დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის ბრძოლას, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ მოპოვებულ პირველ წარმატებებს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ასევე, გამოიფინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბისა  (შარლემანის მიერ შესრულებული) და დროშის  ესკიზები, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოს სხდომაზე, დოკუმენტები, რომლებიც მოგვითხრობენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და თსუ-ის პროფესურის თანამშრომლობაზე, რომლის დროსაც გადაწყდა უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები: წარმოდგენილი ექსპონატები ასახავს ახალი, ევროპული სტანდარტების შესატყვისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის,  სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის უნივერსიტეტისათვის გადმოცემის, ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნის, ევროპაში სასწავლებლად გასაგზავნ სტუდენტატთვის ხელშეწყობის პროცესს და სხვა.

"მუზეუმში გამოფენილი მასალა წარმოადგენს ერთგვარ რეტროსპექტივას იმ მოვლენებისა, რომელიც ახლდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის პროცესს, მაგრამ მთავარი ამ გამოფენაში, არის ის ურთიერთობა, რომელიც ახლად დაფუძნებულ უნივერსიტეტსა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას შორის არსებობდა. ეს ურთიერთობა ეროვნულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული“,-აღნიშნა თსუ მუზეუმის ხელმძღვანელმა მაია გურაბანიძემ.





სხვა სტატიები »