ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„UNIკადრი 2017“

„UNIკადრი 2017“
20 მაისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფოტოკონკურსის „UNIკადრი 2017“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჟიურიმ, რომლის შემადგელობაშიც ფოტოგრაფები გურამ წიბახაშვილი, მინდია მიდელაშვილი და ნინო ქუთათელაძე იყვნენ, სამი საუკეთესო ფოტოს ავტორები შეარჩიეს. მთავარი პრიზი პლანშეტური კომპიუტერი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს ნუცა ნიკოლაიშვილს გადაეცა. კონკურსის მეორე გამარჯვებული ასევე იურიდიული ფაკლულტეტის სტუდენტი ირაკლი ბუთურიშვილი გახდა, რომელიც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის. მესამე გამარჯვებული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ლექსო მიქაძე უნივერსიტეტის მაღაზიათა ქსელის „Scripta Manent”-ის სასაჩუქრე ნაკრებით დასაჩუქრდა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ კონკურსში გამარჯვება, ფოტოგრაფიით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ და კონკურსშიც ვცადე ბედი, გამარჯვება მოულოდნელი იყო, გამოფენაზე ბევრი კარგი ფოტო ვიხილე. ვფიქრობ მომავალშიც გადავიღო საინტერესო კადრები“, - განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა ნუცა ნიკოლაიშვილმა.

სტუდენტური ფოტოკონკურსი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება. წელს კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა მიიღო. მონაწილეებმა უნივერსიტეტის გარე ფასადის, შენობის, ინფრასტრუქტურისა და სასწავლო პროცესის ამსახველი კადრები გადაიღეს. კონკურსზე შემოსული ფოტოებიდან ჟიურიმ საუკეთესო 17 შეარჩია, რომელიც უნივერსიტეტში გამოიფინა.

„მსგავსი კონკურსი ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა არ იფიქროს მარტო ერთი - სწავლის მიმართულებით, არამედ იფიქროს ზოგადად და გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები სხვადასხვა კუთხით. ფოტოგრაფია არ არის პროცესი, როდესაც ხედავ და მარტო აჭერ თითს გადასაღებად, ფოტოგრაფია არის აზროვნების პროცესი, ამიტომაც ყველას ვისაც აინტერესებს მსგავსი კონკურსი, იმას უყვარს ფიქრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ჟიურის წევრმა გურამ წიბახაშვილმა.


სხვა სტატიები »