ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

აკაკი შანიძე - 130

აკაკი შანიძე - 130
17 მაისი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი მეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტის წარმომადგენლები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ. 

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, აკაკი შანიძის 130 წლის იუბილეს ღონისძიებათა ციკლი მიეძღვნა უნივერსიტეტში. „აკაკი შანიძე იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გახლდათ ერთ-ერთი პირველი პროფესორი, პირველი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბევრ მიმართულებას. უამრავი თემა არის, რომელსაც ეხებოდა ის თავის სამეცნიერო მოღვაწეობაში. ერთეულები არიან ისეთი ადამიანები, ვინც ქმნიან მიმართულებებს მეცნიერებაში, ასეთი გახლდათ აკაკი შანიძე“,-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

საღამოზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციის მიერ მომზადებული კრებულის ,,აკაკი შანიძე - ქართული საქმის კაცი” პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის შემდგენელი და რედაქტორია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი ნინო კაკულია; რეცენზენტი-რედაქტორი- ავთანდილ არაბული.

კრებულის წარდგენის შემდეგ ფილმის ,,აკაკი შანიძე” პრემიერა გაიმართა. ფილმი მომზადებულია პროექტის ,,მათ შექმნეს უნივერსიტეტი” ფარგლებში. ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელია მერაბ კოკოჩაშვილი. „საკმაოდ რთული გამოდგა ამ პროექტზე მუშაობა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი მასალაა აკაკი შანიძეზე და რომელ გზას ავირჩევდით ამაზე იყო დიდი ფიქრი, მსჯელობა. საბოლოო ჯამში, როდესაც მასალა შევაგროვეთ, თვითონ ბატონმა აკაკიმ გვიამბო როგორი ფილმი უნდა გაგვეკეთებინა.“-განაცხადა ფილმის რეჟისორმა ირაკლი სოლომონაშვილმა.


     


სხვა სტატიები »