ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ „საერთაშორისო ურთიერთობების“ სწავლების 25 წელს აღნიშნავს

თსუ „საერთაშორისო ურთიერთობების“ სწავლების 25 წელს აღნიშნავს
28 იანვარი, 2017
თსუ საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის დაარსებიდან 25 წელი გავიდა. 28 იანვარს უნივერსიტეტში ამ იუბილესთან და კათედრის პირველი გამგის, პროფესორ ალექსანდრე რონდელის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1991 წელს დაარსდა. ფაკულტეტი სამ კათედრას აერთიანებდა, მათ შორის ორი საერთაშორისო სამართლის მიმართულების, ხოლო ერთი საერთაშორისო ურთიერთობების პროფილით. იმ დროს, საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც მეცნიერება და როგორც საუნივერსიტეტო სპეციალობა, სრულიად ახალი სფერო იყო საქართველოში.

25 წლის მანძილზე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ სპეციალობად, რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს პირველობას პოპულარულობის რეიტინგის მიხედვით საქართველოში. კურსდამთავრებულებს შორის მრავლადაა ჩვენი საზოგადოების ცნობილი სახე _ სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და მეცნიერები.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ დავითაშვილი იხსენებს განვლილ 25 წელს და კათედრის მიღწევებზე საუბრობს: „საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ სპეციალობად. საბჭოთა კავშირში ორი უმაღლესი სასწავლებელი ამზადებდა სუ-ს სპეციალისტებს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი და მეორე, კიევის უნივერსიტეტში იყო ფაკულტეტი. მაგრამ იმის გამო რომ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, არც იყო საჭიროება ასეთი ფაკულტეტისა, რომელიც მოამზადებდა ამ სპეციალობის ადამიანებს.

1990-91 წლებში დღის წესრიგში დადგა იმის აუცილებლობა, რომ ფაკულტეტი გახსნილიყო. მაშინ უკვე ყველასთვის ნათელი გახლდათ, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ გახდებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავისი კადრები ამ სფეროში მასაც დასჭირდებოდა. 

ამიტომ 1991 წელს უნივერსიტეტში მომზადდა და სექტემბრისთვის გაიხსნა ახალი ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომელიც ორ სპეციალობას აერთიანებდა: საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობებს. საერთაშორისო სამართალში არსებობდა გარკვეული გამოცდილება, რადგან უნივერსიტეტში უკვე იყო საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფო სამართლის კათედრა, რომელსაც 60-იანი წლებიდან ლევან ალექსიძე ედგა სათავეში. 

შესაბამისად, იმ დროს საერთაშორისო ურთიერთობები სრულიად ახალი სფერო იყო. სხვადასხვა სპეციალისტისგან შედგა კათედრა და მისი პირველი გამგე ალექსანდრე რონდელი გახდა. სპეციალობით ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, შემდეგ გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, უაღრესად განათლებული და ფართო ერუდიციის მქონე ადამიანი იყო. მისი ძალისხმევით დავიწყეთ პირველმა შემადგენლობამ მუშაობა, ჩვენი მიზანი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება გახლდათ. ეს იყო ძალიან რთული, არ გვქონდა გამოცდილება და არც სახელმძღვანელოები და მასალები. მართალია საბჭოთა კავშირში ორ უმაღლეს სასწავლებელში მზადდებოდნენ სტუდენტები საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც მეცნიერება საბჭოთა კავშირში არ არსებობდა. ეს სპეციალობა გაიგივებული იყო საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიასთან, არადა მეცნიერება ნამდვილად არსებობდა, ის ამერიკაში ჩამოყალიბდა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ თავისი თეორიით, მეთოდოლოგიითა და სტრუქტურით. 

დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა პროგრამის შესადგენად, ამაში დაგვეხმარა სტაჟირებები, რომლებიც გავიარეთ საზღვარგარეთ, დიდი გამოცდილება მივიღეთ იქ. რთული იყო ისიც, რომ თვით აშშ-ს უნივერსიტეტების უმრავლესობაში საერთაშორისო ურთიერთობების მხოლოდ სამაგისტრო სწავლება არსებობდა, საბაკალავრო სპეციალობა კი უნივერსიტეტების 4-5% თუ ჰქონდა. შესაბამისად, ყველაფერი თავიდან დავიწყეთ და საკმაოდ რთული და საინტერესო გზა გავიარეთ; 2005-2006 წლებში ბოლონიის პროცესს შევუერთდით და მიზნად დავისახეთ ჩვენი კურლიკულუმი თანხვედრაში ყოფილიყო ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.

25 წელი გავიდა რაც ეს სპეციალობა არსებობს, 20 გამოშვება გვყავდა და შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია. თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება უკვე რამდენიმე წელია კონკურენციის გარეშე დგას პირველ ადგილზე, როგორც ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი სპეციალობა, ჩვენ პრაქტიკულად არ გვყავს სტუდენტი, რომელსაც არ აქვს 100%-იანი გრანტი, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ და იმ წარმატებებითაც, რომელიც დეპარტამენტმა მიიღო. ეს პირველ რიგში, იმ თვალსაზრისით რომ ჩვენი სტუდენტები, რომლებიც სწავლას აგრძელებენ ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებში, თამამად შეიძლება ითქვას თავიანთი ცოდნის დონით არათუ ჩამოუვარდებიან, არამედ უმრავლეს შემთხვევაში, ბევრად მაღლა დგანან თავიანთ უცხოელ თანატოლებზე.

პირველი გამოშვება 1996 წელს გვყავდა, ჩვენი ყველაზე ხანდაზმული კურსდამთავრებული 42-43 წლისაა. სამწუხაროა რომ ამ სპეციალობის ფუძემდებელი და კათედრის პირველი გამგე დღეს ცოცხალი აღარ არის. ის რომ ალექსანდრე რონდელმა ჩამოაყალიბა ეს სპეციალობა ყოველთვის გვავალდებულებს, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სახელის ფართოდ გავრცელებისათვის“. 

ფაკულტეტზე გატარებულ წლებს იხსენებს ჩვენთან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი:„სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში არის უნიკალური პერიოდი. ხარ ახალგაზრდა, გაქვს ოცნებები და სურვილები და ფიქრობ, როგორ განახორციელო ისინი. როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩავაბარე, საქართველოს დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდა. ძალიან მიმზიდველი იყო პერსპექტივა, გამხდარიყავი დიპლომატი, წარმოგეჩინა შენი ქვეყანა, გენახა მსოფლიო. ყველაფერი ეს კომბინაციაში თავსდებოდა ამ ფაკულტეტზე. ალბათ, ამიტომ გახდა ეს ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი, ძალიან „ელიტურიც“, რაც იმას ნიშნავდა, რომ, იცით, მაშინდელ სისტემაში, ადვილი არ იყო „მოხვედრა“ აბიტურიენტებისთვის მხოლოდ საკუთარი უნარებით და ცოდნით, სამწუხაროდ, თუმცა არა შეუძლებელი, რაც საკუთარი გამოცდილებით ვიცი. საბედნიეროდ, ეს ფუნდამენტურად შეიცვალა და დღეს ცოდნა, უნარი და მონდომება წარმატების ობიექტური წინაპირობაა. 

1990-იან წლებში, იმ რთულ პერიოდში ჩვენ მეტი ძალისხმევა და მიზანმიმართულება გვჭირდებოდა განათლების მისაღებად _ ხშირად ჭრაქის შუქზე ვმეცადინეობდით, დავდიოდით ბიბლიოთეკებში, ვაკოპირებდით წიგნებს და ვუზიარებდით ერთმანეთს კონსპექტებს, რაც დღეს ელექტრონულად მარტივად ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვისაც უნდოდა, რომ ესწავლა, მაშინაც ახერხებდა კარგი განათლების მიღებას. 

ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებული ბევრი წარმატებული ადამიანია. კარგი ჯგუფი მყავდა და ძალიან კარგი ლექტორები. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებულად მინდა გავიხსენო ალექსანდრე რონდელი. მან დიდწილად განავითარა ჩვენი დამოკიდებულება და სიყვარული ამ სფეროს მიმართ და ბევრი ჩვენგანისთვის იყო მეგობარი და მენტორი. სტუდენტების ნაწილს, ვისზეც ფიქრობდა, რომ გარკვეული უნარები ჰქონდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ ცენტრში უყრიდა თავს. ჩვენთვის ეს უნიკალური გამოცდილება იყო, ძალიან გვიმაღლებდა მოტივაციას. ჩემთვის იგი იყო მაგალითი პრინციპულობის, სამართლიანობისა და პატიოსანების. 

აბიტურიენტებს და სტუდენტებს ვურჩევ, რომ მისდიონ თავიანთ სურვილებს და ოცნებებს. აუცილებლად ისარგებლონ ძალიან ბევრი ახალი და კარგი შესაძლებლობით გაცვლითი პროგრამებით, რომლებიც საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალებას იძლევა - ეს კიდევ უფრო აფართოებს და ავითარებს მსოფლმხედველობას.

განათლება არის უნიკალური სიმდიდრე, რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს და გამოიყენოს ცხოვრებაში, სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, მხოლოდ შეგიძლია მეტი და მეტი დააგროვო, ეს არის ყველაზე სწორი ინვესტიცია“, _ ამბობს მინისტრი.

თეონა ყუფუნია, NDI-საქართველოს პროგრამის მენეჯერი ასევე საერთშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულია. მისი კვლევის სფეროა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა უფლებები, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრია და დღეს ასე იხსენებს თავისდროინდელ არჩევანს: „საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლა გადავწყვიტე იმიტომ რომ დაინტერესებული ვიყავი დიპლომატიით, პოლიტიკით, სოციოლოგიით, ხოლო ეს მიმართულება ყველა ამ საგანს მოიცავდა. სწავლა “ლამპის” შუქზე გვიწევდა, რა თქმა უნდა, ინტერნეტზე წვდომა არ გვქონდა, ძალიან გვიჭირდა თემების საწერად საჭირო მასალის მოძიება, თუმცა მოტივაცია და ენთუზიაზმი არ გვაკლდა. გვასწავლიდნენ პროფესიონალი ლექტორები. მაგალითად, ალექსანდრე რონდელმა, რომელიც ჩემი პირადი მენტორი იყო, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აკადემიურ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში.

მე თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობები 2002 წელს დავამთავრე, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, უნივერსიტეტში ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდებოდა. ამ მიმართულებაზე გაგრძელების მსურველებს, საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხი დაგეხმარებათ კომპლექსურ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გააზრებაში, ისწავლით წერას, გაგიუმჯობესდებათ სიღრმისეული ანალიზის უნარი და სხვა. ასევე, თანაბრად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო კარიერული განვითარების შესაძლებლობები არსებობს. 
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი ეკა აკობია, რომელიც აკადემიური საქმიანობის პარალელურად, 2005-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2012-2016 წლებში კი გახლდათ აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორი, საუბრობს კონკრეტულ უპირატესობებზე და იმ მიღწევებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დააგროვა მიმართულებამ.

„სტუდენტი 1998 წელს გავხდი. სკოლაში სწავლის პერიოდში ყოველთვის მაინტერესებდა ისეთი საგნები როგორიცაა ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენები. პროფესიებს შორის კი მიტაცებდა დიპლომატიის როლი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში და პოლიტიკის სფეროში არსებული სხვადასხვა პროფესიები. ამასთან, მახსოვს, ჩემი აბიტურიენტობის პერიოდში, გამოიცემოდა წიგნი/ბუკლეტი, სადაც სხვადასხვა სპეციალობების ჩამონათვალი იყო. მახსოვს, მომხიბლა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის აღწერილობამ და იმ საგნების ჩამონათვალმა, რომელსაც ჩაბარების შემთხვევაში, ფაკულტეტი შემოგვთავაზებდა. მართალი გითხრათ, ამ აღწერილობის წაკითხვის მომენტიდან მხოლოდ ერთი სურვილით ვიყავი შეპყრობილი _ გავმხდარიყავი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ შემოთავაზებული კურიკულუმის უკან იდგა ორი, ყველა სუ-ელისთვის პატივსაცემი ადამიანის, ბატონი ალექსანდრე რონდელისა და ბატონი ზურაბ დავითაშვილის ხედვა და ტიტანური შრომა. მათ ეს ფაკულტეტი, ბატონ ლევან ალექსიძესთან ერთად 1991 წელს შექმნეს, ორი დამოუკიდებელი სპეციალობით და მას მერე დაუღალავად ემსახურებიან მიმართულებების განვითარებას და დახვეწას. 

ამ მიმართულებაზე სწავლა განმსაზღვრელი იყო ჩემი შემდგომი პროფესიული კარიერისთვის. გარდამტეხი გავლენა ჰქონდა ისეთი ლექტორების მოსმენას, როგორებიც იყვნენ ბატონი ალექსანდრე, ბატონი ზურაბი და სხვები, მათ შორის ფაკულტეტის ახალგაზრდა ლექტორები. ჩვენი მიმართულება ყოველთვის გამოირჩეოდა სასწავლო პროცესისადმი მომთხოვნი დამოკიდებულებით, ხოლო კურიკულუმი მთლიანობაში იძლეოდა ფართო ზოგად განათლებას და ღრმა ერუდიციას მსოფლიო ისტორიის, გეოგრაფიის, პოლიტიკის შესახებ, ისევე როგორც ცოდნას ფუნდამენტური დისციპლინების _ ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის თუ სამართლის შესახებ. ვფიქრობ, სუ მიმართულება იმ დროს, 90-იან წლებში, პერიოდში, როდესაც საქართველოს განათლების სისტემას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაძლეული საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ეპოქის მანკიერი თვისებები, ჩვენი მიმართულება, ბატონი ალექსანდრესა და ბატონი ზურაბის, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა ლექტორების მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, წარმოადგენდა ფუნდამენტური, მეცნიერული ცოდნის გაცემისა და გავრცელების ოაზისს. შესაბამისად, ამ სპეციალობის კურსდამთავრებულები მუდმივად იყვნენ მაღალკონკურენტულები დასაქმების ბაზარზე და არაერთ მაღალ საჯარო პოსტზე უმსახურიათ. ამასთან, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ 1991 წელს ამ ფაკულტეტის შექმნის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა გაეზარდათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობები, რომლებიც სახელმწიფოს მართვის, სამართლის თუ საერთაშორისო დიპლომატიის დისციპლინებს იცნობდნენ მეცნიერულ დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ამ სპეციალობის აკადემიურმა პერსონალმა და კურსდამთავრებულებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და დღესაც ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში ჩვენი წვლილის შეტანას. 

სწავლებისადმი მიდგომებში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. 2005 წლიდან საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს, გადავედით კრედიტების სისტემაზე, რამაც გამოიწვია ჩვენი მიმართულების კურიკულუმის და სწავლების მეთოდოლოგიის მნიშვნელოვანი ცვლილება. 2005 წლიდან მოყოლებული, აშშ-ში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დასრულების შემდგომ, თავად შევუერთდი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას, ჯერ როგორც მოწვეული ლექტორის, ხოლო შემდგომ ასისტენტ-პროფესორის რანგში. შესაბამისად, ჩემს კოლეგა ლექტორებთან ერთად ვმონაწილეობ ჩვენი მიმართულების კურიკულუმის დახვეწის და თანამედროვე სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოების პროცესში. ამასთან, ჩვენს მიმართულებაზე ვცდილობთ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ კვლევის კომპონენტის გაძლიერებას.

ბოლო რამდენიმე წელია თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, საქართველოში არსებულ 700-ზე მეტ საბაკალავრო პროგრამას შორის ყველაზე რეიტინგულია და პირველი არჩევანით ლიდერობს.

გამოწვევებთან დაკავშირებით არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კონკრეტულად მიმართულების წინაშე მდგარი გამოწვევები ორგანულად არის დაკავშირებული ქვეყანაში უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებთან და თსუ-ში შემდგომი რეფორმების გატარების აუცილებლობასთან. ვფიქრობ, უმთავრესია შეიქმნას კვლევისათვის ხელსაყრელი გარემო და ისეთი აკადემიური სივრცე, სადაც ორიგინალური კვლევა მოთხოვნადია და ტარდება კონკურენტულ, ჯანსაღ გარემოში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიმართულებაზე სემესტრულად გვყავს 40-50 წარჩინებული სახელმწიფო სტიპენდიანტი, ყოველწლიურად გვყავს სხვადასხვა პოპულარული უცხოური გაცვლითი პროგრამების გამარჯვებულები, სემესტრში ჩვენი 30-მდე სტუდენტი სარგებლობს ერასმუს+ მობილობით, ხოლო ჩვენი სამაგისტრო პროგრამები მუდმივად მასპინძლობენ უცხოელ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე გვყავს საერთაშორისო აკადემიური პერსონალი. მოწვეულ ლექტორებს შორის სხვადასხვა დროს გვყოლია პროფესორები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, არგენტინიდან, სამხრეთ აფრიკიდან თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. 

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის თსუ-ს სუ-ს მიმართულებას გააჩნია საუკეთესო და მაღალკონკურენტუნარიანი სასწავლო პროგრამები უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო), შესაბამისად წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ამ სპეციალობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

სხვა სტატიები »