ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

70 წელი _ მორფოლოგიის ინსტიტუტის ისტორია და თანამედროვეობა

70 წელი _ მორფოლოგიის ინსტიტუტის ისტორია და თანამედროვეობა
28 დეკემბერი, 2016
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტს _ საქართველოში ბიოსამედიცინო სფეროს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების, ასევე ამ დარგების სპეციალისტთა დახელოვნების აღიარებულ ლიდერ ორგანიზაციას _ დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა.
ინსტიტუტი აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის მიერ 1946 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სახით. 2010 წელს ის რეორგანიზებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით ერთეულად – თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტად.
1959 წლის ალექსანდრე ნათიშვილის გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს მიენიჭა მისი სახელი. ინსტიტუტის დირექტორად კი დაინიშნა აკად. ნინო ჯავახიშვილი _ ფართო დიაპაზონის მკვლევარი, დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მეცნიერი, ბატონ ალექსანდრეს უსაყვარლესი მოწაფე.
მორფოლოგიის ინსტიტუტის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს გაიხსნა და ფუნქციონირებდა ექსპერიმენტული და კლინიკური ანატომის, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ელექტრონული მიკროსკოპიის, პათოლოგიის, ანტროპოლოგიის, სამედიცინო დემოგრაფიის, განვითარების ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის, გენეტიკის, ბიოტექნოლოგიის, რადიოიზოტოპური კვლევების, ვირუსოლოგიის, ინფექციური იმუნოლოგიის, ალერგოლოგიის, იმუნოჰისტოქიმიის, ბიო-ტრანსლაციური კვლევების, ანდროლოგიის, კლინიკური პათოლოგიის დიაგნოსტიკის, ექსპერიმენტული ქირურგიის და სხვა დეპარტამენტები, განყოფილებები, ლაბორატორიები.
მორფოლოგიის ინსტიტუტმა დაუდო სათავე საქართველოში მორფოლოგიური ტერმინოლოგიის შექმნას, აგრეთვე ისეთი დარგებისა და მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა ანთროპოლოგია, ელექტრონული მიკროსკოპია, გერონტოლოგია, ანდროლოგია, ბიოტექნოლოგია.
ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების შედეგებმა ორგანოთა სისხლმომარაგებისა და ინერვაციის, სისხლის მილების პლასტიკისა და პროთეზირების, ძუძუს კიბოს, რეგენერაციისა და ადაპტაციის, სამედიცინო ბიოტექნოლოგიების, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის საკითხებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ინსტიტუტი ჩამოყალიბდა საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევით ცენტრად, რომლის კედლებშიც ქართველმა და უცხოელმა (და არა მარტო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან) მკვლევარებმა შეასრულეს 600-ზე მეტი საკვალიფიკაციო ნაშრომი.
მორფოლოგიის უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობდა ჰიუსტონის სამედიცინო ცენტრთან, კენტუკის, სიეტლის, კანზასის უნივერსიტეტებთან, ბალტიმორის გერონტოლოგიის და ნიუ-იორკის პიროვნების ინსტიტუტებთან (აშშ), ვესტფალიის ვილჰელმის და ჰენრიხ ჰაინეს უნივერსიტეტებთან (გერმანია), იზუმოს უნივერსიტეტთან (იაპონია), ასევე რომის გერიატრიულ კლინიკასთან, სლოვაკეთის, რუსეთის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიების ინსტიტუტებთან.
უკანასკნელ წლებში უცხოელ პარტნიორთა დიდი ინტერესი გამოიწვია კვლევებმა, რომლებიც დაკავშირებულია მორფოლოგიის ინსტიტუტში შემუშავებულ ხელოვნურ ექსტრაკორპორულ საპერფუზიო სისტემებთან, კლინიკურ მედიცინაში მათი გამოყენების სავარაუდო ეფექტებთან და პერსპექტივებთან. ამ მიმართულებით ესპანელ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია ახალი მასშტაბური 5-წლიანი პროექტი, რომელიც 2017 წელს დაიწყება.
საერთაშორისო თანამშრომლობის უახლესი მაგალითია 2016 სექტემბერში, ბათუმში გამართული სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექიმთა ფორუმის VII საერთაშორისო კონგრესი, რომლის ფარგლებშიც მორფოლოგიის ინსტიტუტმა ორგნიზება გაუკეთა სატელიტურ კონფერენციას, სადაც ქართველი მეცნიერები უცხოელ კოლეგებს ახალი კვლევების მიმდინარეობასა და შედეგებს უზიარებდნენ.
2015 წლიდან საერთაშორისო თანამშრომლობაში ჩაება მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური პათოლოგიის დიაგნოსტიკური ცენტრიც: საქართველოს სოლიდარობის ფონდის ინიციატივით დაიწყო ერთობლივი პროექტი კილის (გერმანია) ბავშვთა პათოლოგიის ცენტრთან, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა სოლიდური სიმსივნეებისა და ლიმფომების ჰისტომორფოლოგიურ და მოლეკულურ დიაგნოსტიკას. მორფოლოგიის ინსტიტუტში დასმულ დიაგნოზებს უმაღლესი შეფასება ეძლევა გერმანელი კოლეგების მხრიდან. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ბავშვთა სიმსივნეების სწორი მართვის დამკვიდრებაში, ხოლო მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე მოლეკულურ-ბიოლოგიური კვლევების დანერგვასა და განვითარებაში.
უნივერსიტეტთან ინტეგრაციის შემდეგ, ინსტიტუტის ბაზაზე, განთავსდა თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეპარტამენტები და კვლევითი ლაბორატორიები.
ასეთი ინტეგრაცია ორმხრივ სასარგებლო აღმოჩნდა.
მორფოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიები და ექსპერიმენტული ქირურგიული ცენტრის საოპერაციო გამდიდრდა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, დანადგარებითა და ხელსაწყო-იარაღებით, რომლებიც თანამედროვე, სიღრმისეული კვლევების ჩატარებას და მიღებული შედეგების სარწმუნოობას უზრუნველყოფენ. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დოქტორანტებს კი მიეცათ ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში ჩართვის საშუალება. უკვე დასრულების სტადიაშია ინსტიტუტის შენობის სრული რეაბილიტაცია. ამასთანავე შენარჩუნებულია მორფოლოგიის ინსტიტუტის ფართო ავტონომია, სიმბოლიკითა და რეკვიზიტებით.
ამდენად, მორფოლოგიის ინსტიტუტში ხელახლა ყალიბდება სამეცნიერო კვლევითი ბაზა, რომლის ანალოგი საქართველოში ძნელად შეიძლება მოიძებნოს, და რომელსაც უნარი შესწევს მოემსახუროს გაცილებით მეტ მეცნიერსა და მკვლევარს, მონაწილეობა მიიღოს ვრცელი სპექტრის ექსპერიმენტულ კვლევებში, დაავადებათა მოდელირებაში, სამკურნალო მეთოდების შემუშავებაში.
70 წლის მორფოლოგიის ინსტიტუტი თავისი სახელოვანი ისტორიის ახალ ფურცელს შლის.

სხვა სტატიები »