ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა დამტკიცებულია

თსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა დამტკიცებულია
25 დეკემბერი, 2016
2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმით ხვდება. გეგმის შემუშავება თსუ ახალი რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინიციატივით დაიწყო და უნივერსიტეტის სასწავლო და აკადემიური პერსონალის, სტუდენტთა ფართო ჩართულობით წარიმართა. გასულ კვირას დოკუმენტი აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა და პირველ უნივერსიტეტს კავკასიაში ამჯერადაც მნიშვნელოვანი მისია განუსაზღვრა:
უნივერსიტეტის მისია არის ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; ცოდნის გენერირება და გავრცელება; სამეცნიერო კვლევების განვითარება; აკადემიური თავისუფლების დაცვა; სტუდენტსა და უნივერსიტეტის პერსონალზე ზრუნვა; თავისუფალი სამყაროს საუნივერსიტეტო საზოგადოების ღირსეული წევრობა. უნივერსიტეტის მისიაა, ღირსეულად ატაროს საქართველოს პირველი ეროვნული უნივერსიტეტის სახელი, ისტორიულ პირველობასთან ერთად შეინარჩუნოს პირველობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, მიეკუთვნებოდეს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტთა რიცხვს, ხელი შეუწყოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო კეთილდღეობას.
უნივერსიტეტის ღირებულებები ეფუძნება ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიით განსაზღვრულ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ეთიკურ იდეალებს; კრიტიკულ, შემოქმედებით და პროგრესულ აზროვნებას; ღია, დინამიურ და გამჭვირვალე ურთიერთობებს.
მისიის შესრულებას არსებული ნაკლოვანებების რეალისტური შეფასება და ანალიზი სჭირდება. სწორედ ამიტომ კონცეფცია მნიშვნელოვან კვლევით და ანალიტიკურ ნაშრომებს დაეფუძნა:
2008 წელს შესრულებული ანგარიში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუშაობის ეფექტიანობის შესახებ (შემსრულებელი: Kელლყ Nოვაკ Oპპორტუნიტიეს), 2008 წელს შესრულებული ანგარიში ტექნოლოგიის ინსტიტუციური გამოყენების შესახებ (შემსრულებელი: AAჩღAO ჩონსულტინგ), 2009 წელს შესრულებული კვლევის ანგარიში ორგანიზაციული ეფექტიანობის შესახებ (შემსრულებელი: ნიუ იორკის უნივერსიტეტის სუნი დელჰაის კამპუსის პრეზიდენტი პროფესორი კენდის ვანკო), 2013 წელს შესრულებული კვლევის ანგარიში „ადმინისტრაციული რეფორმები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ (შემსრულებელი: პროფესორი ენ ლონსდეილი), 2015 წელს შესრულებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2012-2013 წლებისთვის“ (შემსრულებელი: სახელმწიფო ულკაუდიტის სამსახური), 2016 წლის „მისაღები ხარისხის განათლების უზრუნველყოფა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (შემსრულებელი: სახელმწიფო აუდიტის სამსახური). უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა დაეფუძნა 2011-2017 წლების გეგმის მიღწეული შედეგების ანალიზს. გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობაში ჩართვა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს. მუშაობის პროცესში შეგროვდა და დამუშავდა დიდი ოდენობის მონაცემები როგორც ცენტრალური ადმინისტრაციიდან, ასევე, ფაკულტეტებიდან, რამაც საშუალება მოგვცა დაგვესახა მაქსიმალურად რეალისტური და განხორციელებადი ამოცანები.
თსუ-ს განვითარებაში უახლოესი 5 წლის განმავლობაში ძირითადი გამოწვევები, სტრატეგიული გეგმის თანახმად, ასეთია:
1. ბოლო წლებში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების თსუ-სთან შეერთების შედეგად მივიღეთ ხელოვნური კონგლომერატი, რომლის ფარგლებში არც სამეცნიერო ერთეულებს მიეცათ განვითარების პირობები და ვერც უნივერსიტეტმა შეძლო მათი მდიდარი მატერიალური და/ან ადამიანური რესურსების გამოყენება. თუმცა, აღნიშნული გამოწვევა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებისა და სამუშაო ადგილზე ორიენტირებული სწავლების დანერგვის წინაპირობად;
2. სტუდენტების დასაქმება და შრომის ბაზართან ინტეგრირება დღეს თსუ-ს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. უნივერსიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაციას თეორიული სწავლების პროცესში და ამგვარად დაახლოვოს სტუდენტები და კურსდამთავრებულები შრომით ბაზართან;
3. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის წახალისების მექანიზმების დანერგვა უნივერსიტეტის ფართო პრიორიტეტებისა და მიზნების მიღწევის პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის. მსგავსი მექანიზმების არსებობა ხელს შეუწყობს შრომის საერთაშორისო ბაზარზე არსებული საუკეთესო აკადემიური და ადმინისტრაციული კადრების მოზიდვას;
4. მზარდი დიგიტალიზაციისა და სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში უნივერსიტეტმა უნდა მოახერხოს თავისი რესურსების მართვის პრინციპების სწრაფი ადაპტაცია მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებთან; ეს გულისხმობს სწავლებისა და უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული სისტემების აქტიურ გამოყენებას, დისტანციური სწავლების მეთოდისა და ღია საგანმანათლებლო რესურსების ათვისებას;
5. კურსდამთავრებულთა აქტივის გამოყენება თსუ-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც მოითხოვს შესაბამისი მექანიზმების შექმნასა და ინსტრუმენტების დანერგვას. კურსდამთავრებულები უდიდესი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსია, რომელიც თსუ-ს თანამედროვე და საყოველთაოდ აღიარებული დასავლური პრინციპების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
6. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსებისა და მატერიალური აქტივების მართვის მოდელის ცვლილება და ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს როგორც არსებული უძრავი ქონების აღწერას, აქტიურ განკარგვა-გამოყენებას, ასევე, უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და განაწილებას ეფექტიანობისა და რაციონალურობის პრინციპების გათვალისწინებით.
7. სტარტაპები, პატენტები, ცოდნის სამკუთხედი – ეს, ასევე, ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა გლობალურ საგანათლებლო სივრცეში. ამ ინსტრუმენტების დახვეწა და რიგ შემთხვევაში შექმნა შესაბამისი ინტელექტუალური აქტივების წახალისებით ცოდნის ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობის წინაპირობაა.
დოკუმენტი, რომელიც საზოგადოების სამსჯავროზე უკვე დაიდო, სამ ძირითად პრიორიტეტს ემყარება:
პრიორიტეტი 1. სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება;
პრიორიტეტი 2. სამეცნიერო კვლევითი პროცესის ინტეგრაცია სასწავლო პროცესთან;
პრიორიტეტი 3. სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება და მიახლოება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა არსებითად უნდა გაიუმჯობესოს პოზიციები საერთაშორისო მასშტაბით – დაიკავოს წამყვანი ადგილი უნივერსიტეტების რანჟირების პრესტიჟულ საერთაშორისო სისტემებში და უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი კურსდამთავრებულისთვის უნდა იქცეს დასაქმებისა და წარმატებული პროფესიული საქმიანობის გარანტად.
მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია, თუმცა წინ სტრატეგიული გეგმის შესაბამისი საქმიანობის რთული და მნიშვნელოვანი გზაა.

სხვა სტატიები »