ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

,,შემოდგომის ლეგენდა 2016" _ ფინალი

,,შემოდგომის ლეგენდა 2016" _ ფინალი
14 ნოემბერი, 2016
2016 წლის შემოდგომაზე, თსუ-მ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული და ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდები უკვე მერვედ მიიწვია ლიტერატურულ კონკურსზე ~შემოდგომის ლეგენდა”.
მერვე „შემოდგომის ლეგენდის“ ლოკაცია ამჯერად „ყვარლის ედემი“ გახლდათ. თსუ-ს და კომპანია „ჯეოსელისა“ ერთობლივი კონკურსი 29 სექტემბერს დაიწყო და პირველი ეტაპი _ შიდა შესარჩევი ტური, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. მონაწილეობის მსურველებმა თბილისში აკრედიტებული უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლიდან, საკუთარი ნაშრომები წარადგინეს, მათ შორის მოთხრობები, ნოველები და ნაწყვეტები ვრცელი ტექსტებიდან. შემდეგ ეტაპზე შიდა შესარჩევი ჟიური ჩაერთო, რომელსაც ათი ფინალისტი უნდა გამოევლინათ.
ჟიურიმ სამასზე მეტი ნაწერი მიიღო, შეინიშნებოდა წერის ზოგადი თემატიკის ცვლილებაც. დათო გორგილაძე, რომელმაც 2012 წლის „შემოდგომის ლეგენდაში“ გაიმარჯვა, ჟიურის წევრი იყო, ნაწერებში გამოკვეთილი ახალი ტენდენციების შესახებ გვესაუბრება.
„წელს წავიკითხეთ, დაახლოებით, 330-მდე ნაწერი, ვფიქრობ რომ თემების არჩევის თვალსაზრისით, დადებითი ტენდენცია შეინიშნება, იმ მხრივ, რომ სტუდენტები უკვე ნაკლებად წერენ ისეთ თემებზე, როგორიც არის წვიმის წამოსვლა, მოწყენილობა, სევდა, თვითმკვლელობა და ა.შ. ნელ-ნელა ისინი იწყებენ ამბების მოყოლას, ამბების რომლებსაც აქვთ დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. წელს შევამჩნიეთ, რომ შემოვიდა აღმოსავლური თემატიკა, კერძოდ კი იაპონურ თემატიკაზე იყო რამდენიმე ნაწერი, ასევე სასიამოვნოდ გამაკვირვა იმან, რომ რამდენიმე ტექსტში შეინიშნებოდა გაბედულობა, ისინი არ ერიდებოდნენ ინტიმურ თემებზე საუბარს და ამ შემთხვევაში არ იგულისხმება სექსუალური ურთიერთობები, იყვნენ გულწრფელები და თავიანთ ამბავს გადმოცემდნენ შესწორებებისა და კომპლექსების გარეშე“.
ათი საუკეთესო ნაწერის ავტორი საზოგადოებისთვის ცნობილი 7 ნოემბერს გახდა. კონკურსის მეორე ეტაპმა სტარტი 11 ნოემბერს აიღო და მონაწილეებმა, ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა ერთად დაიწყეს მზადება იმპროვიზაციული ტურისთვის. ათი ფინალისტი ყვარელში გაემგზავრა, ყვარლის ედემი და „ნეიტრალური ბაღები“ თითოეულმა მონაწილემ საგულდაგულოდ დაათვალიერა, ზოგიერთმა მათგანმა წინასწარ შეარჩია ადგილი, სადაც იმპროვიზაციულ ტურში წერას დაიწყებდა.
კონკურსს სხვა პროექტებისგან ის განასხვავებს, რომ ჟიური და მონაწილეები ერთმანეთისგან განყენებულად არ არიან, ისინი ორი დღის განმავლობაში დიდ დროს ატარებენ ერთად, აქვთ დისკუსია, აძლევენ რჩევებს ერთმანეთს და საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. პირველი დღე, კონკურსანტების აზრით, ერთ-ერთი საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩნდა, დიანა ანფიმიადმა მონაწილეებს მასტერკლასი ჩაუტარა, სადაც ლიტერატურული პერსონაჟების კულინარიული რეცეპტები შემოგვთავაზა. ჟიურის წევრები და კონკურსანტები საყვარელი პერსონაჟების კრეპებს ამზადებდნენ და ერთმანეთს სთავაზობდნენ.
კონკურსის მეორე დღეს პროექტის ორგანიზატორებმა იმპროვიზაციული ტურის თემა გააჟღერეს და პარალელურად საცხოვრებელი სახლის მაკეტიც წარადგინეს. თემა იყო „ახალი სახლი“. ბინების გასაღებები კალათიდან ათივე მონაწილემ ამოღო. ზოგს შეხვდა „ბინა#13“, ზოგს „პენტჰაუსი“, „ბინა დიდი ვერანდით“, „ლიფტი“ და „ბინა ფანჯრების გარეშეც“ კი.
იმპროვიზაციური ტურის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა, მან პროექტის მიმდინარეობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა, მერვედ ტარდება „შემოდგომის ლეგენდა“ ეს ნიშნავს იმას, რომ პოპულარული გახდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მწერლებს ვუსურვებ წარმატებას, იმედია რომ გაფართოვდება ეს კონკურსი, მეტი უმაღლესი სასწავლებელი და მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას, ვფიქრობთ იმაზეც, რომ პროექტი გავამდიდროთ, გვინდა გაფართოება და ვარაუდობთ იმას, რომ საერთაშორისო ხასიათსაც მიიღებს მომავალ წელს, ამიტომ დიდი გეგმები გავქვს „შემოდგომის ლეგენდასთან“ დაკავშირებით“.
თემების გამოცხადებასთან ერთად, „ჯეოსელმა“ ონლაინ მარათონიც გახსნა. მარათონის პარალელურად ზოგიერთმა მონაწილემ წერა ველოსიპედით გასეირნებით დაიწყო, ზოგმა პუფები ბაღში მშვიდ ადგილას წაიღო, სხვა მონაწილეებმა ჩოგბურთიც ითამაშეს. შუადღისთვის მოკლე მონახაზი უკვე ყველას ჰქონდა. უზიარებდნენ ერთმანეთის იდეებს, სეირნობდნენ და განიხილავდნენ საკუთარ თემებს. ჟიურის წევრებისთვის ნაწერების წარდგენამდე მათ 12 საათი ჰქონდათ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი მწერალი გურამ ოდიშარია პროექტისა და მისი მნიშვნელობის შესახებ გვიყვება :
„მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტია კონკურსი, მეტია ლიტერატურის წინსვლა. ამ კონკურსის მეშვეობით, ახალგაზრდები ერთმანეთს ეცნობიან, უზიარებენ საკუთარ სამყაროს, ჩემს ახალგაზრდობაში, კონკურსები ,ფაქტობრივად, არ იყო. არ იყო ლიტერატურული წინსვლის დინამიკა და მე ჩემით ვცდილობდი განვითარებას. ყოველთვის ვმეგობრობ ახალგაზრდებთან, მათგან ვგებულობ ძალიან ბევრს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ დიდი პატივია, როდესაც ასეთი პროექტის ჟიურის წევრი ვარ. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ნიჭიერ ხალხს, რომ წარმოჩინდნენ. ძალიან დიდი მადლობა უნივერსიტეტს, „ჯეოსელს“ და თითოეულ ორგანიზატორს“.
ჟიურის უცვლელი წევრი, პროზაიკოსი მაკა ლდოკონენი:
„ეს პროექტი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს თავი გამოსცადონ და მიიღონ გამოცდილება. ლიტერატურული კონკურსებით, სამწუხაროდ, არაა განებივრებული ჩვენი თანამედროვე ლიტერატურული სივრცე, თითზე ჩამოსათვლელია ასეთი პროექტები, მითუმეტეს მსგავსი სტაბილურობის. „შემოდგომის ლეგენდის“ მეშვეობით, ახალგაზრდები ხედავენ იმ რეალურ შედეგებს, რაც აქვთ წინა წლებში გამარჯვებულ სტუდენტებს. ისინი არიან რამდენიმე წიგნის ავტორები, მათი ამ პროექტის ფარგლებში დაწერილი მოთხრობების მიხედვით იღებენ ფილმებს, იდგმება სპექტაკლები, არიან სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები და ა.შ. ხელშეწყობა რა თქმა უნდა, ყოველმხრივ არის თსუ-დანაც და „ჯეოსელისგანაც“, ჟიურის წევრები ვთანამშრომლობთ და ვეხმარებით მათ. დანარჩენი, ვინ გადაწყვეტს გახდეს მწერალი უკვე მათზეა დამოკიდებული.“
მწერალი დათო ტურაშვილი მოუთმენლად ელის კონკურსანტების ნაწერებს და გამარჯვებულის გამოვლენას:
„მე რომ ვყოფილიყავი სტუდენტი და სტუდენტობის დროს ასეთი გადასარევი შესაძლებლობა მქონოდა, რომ ასეთი ტიპის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, აუცილებლად მივიღებდი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან დიდი ფინანსური სტიმულია. შესაძლებლობა ბეჭდური გამოცემის და შესაძლებლობა იმის, რომ ბევრი მკითხველი გყავდეს დასაწყისშივე.“
12 საათიანი წერის შემდეგ კონკურსანტებმა საკუთარი თხზულებები ჩააბარეს, გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ათივე ფინალისტის პირველი ტურის ნამუშევრებს.
ბექა ბერაძე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, მისი ნაწარმოები „როგორ ჩავიქნიე ხელი წერაზე“ იმ ადამიანის შესახებაა, რომელსაც მწერლობა უნდოდა. ერთხელაც თხზულების პერსონაჟი კერძო დეტექტივობას გადაწყვეტს და ბიზნესმენის ცოლის თვალთვალს დაიწყებს.
ბადრი ცხომარია თსუ სტუდენტია, მის ნაწარმოებში მთხრობელი ერთი ბიჭი, რომელიც სოფელში ჩადის და ბავშვობას იხსენებს. „ბაბუას არ ერგო კაკლის ხე“ _ ეს არის ბებიის, შვილიშვილისა და ბაბუის ცხოვრების სევდიანი ისტორია სოფელში.
„მე და როზა იქ ვართ ხოლმე, სადაც კაცები არიან. ფულიანი, მარტოხელა, თმაშეთხელებული კაცები. თავიდან, ყოველთვის ძნელია მიხვდე ბოლოს ვისთან აღმოჩნდები.“ თსუ სტუდენტის, მარიამ სულამანიძის თხზულება „სახლი რომელიც ვერ დავტოვე“ გოგონაზეა, რომელსაც მოულოდნელად ერთი ადამიანი და ერთი სახლი უყვარდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ტუხა კვინიკაძის თხზულება თენგოზეა, რომელსაც საერთოდ არავინ უყვარდა ზინას და მაღაზიის გარდა. თენგოს სიყვარულის მიუხედავად, მოვლენები სხვაგვარად ვითარდება : ზინა გათხოვდება, მაღაზია კი, რომელიც ასევე ზინას გამო უყვარდა, დაიწვება. „თენგო და ზინა და მაღაზია, რომელიც დაიწვა“ დიდ სევდაზეა.
„...მანქანებით სადღაც მივყავართ. ოღონდ ჯერ არ ვიცი სამშვიდობოს გავყავართ თუ სადმე საომრად, იმიტორო თუ საომრად, მე ტყუილა მივყავარ, მაინც არ მისწავლია მიზანში სროლა, აბა რა ვიცოდი მართლა თუ დამჭირდებოდა.“ მარიამ ზუბაშვილი თსუ სტუდენტია, მის თხზულებაში с алют , вера ორი რეზერვისტის ანზორ რევიასა და გოგა სიჭინავას დღიურს ვკითხულობთ, მოვლენები 2008 წლის აგვისტოში ვითარდება.
თსუ სტუდენტის, თეკლა ერემეიშვილის „დაურგველ ხეთა ჩრდილებში“ არის თხზულება, რომლის ისტორია გოგონას ირგვლივ ვითარდება. საზაფხულო არდადეგებზე უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გოგო სოფელში მამის საფლავზე მიდის, შემდეგ მშობლიურ სახლში დედას ნახულობს. დედას ახალი ქმარი ჰყავს.
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის, ლუკა გორდაძის ნაწარმოები „თავის უფლება“ იმ ადამიანზეა, რომელსაც თავი მოაჭრეს. თხზულება სამი ნაწილისგან შედგება : თავქუდმოგლეჯილი, თავზარდაცემული და მძიმე თავ-თავი. სამივე ნაწილში გადმოცემულია ერთი ისტორია ამ ადამიანისა და მისი თავის თანაცხოვრების შესახებ.
„ნეტავ, ფეხზე რამე თბილი ჩამეცვა“ _ ასე იწყება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, ნატა გელაშვილის თხზულება „ეფემიას დედა“. მთხრობელი ეფემიას დედაა, ზამთარია და ცივა, სოფლის მოედანზე გამოსულ ქალს ფეხები გაეყინა და კარგად აღარ ახსოვს, სად უნდა ჩამოიაროს ქალაქის ავტობუსმა.
„ყოველ ჯერზე, როცა მგონია რო ორ კაცს გავცდი, რაღაცას პოულობენ და სამასი კაცით უკან მგზავნიან.“ _ ეს ამონარიდი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის, მინდია არაბულის თხზულებიდანაა „საუზმის წერილები“. ამბავს ჰყვება შვილიშვილი, რომელსაც პაპა წერილებს უგზავნის საიქიოდან.
ცოტნე ავსაჯანიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მის ნაწარმოებში „დაკარგული გიტარა“ ისტორია ორი ახალგაზრდის, ნიცასა და ლეოს ირგვლივ ვითარდება. ისინი ნიცას ბაბუის ნაქონ გიტარას ეძებენ იქ, სადაც წესით უნდა ეძებონ, გიტარა კი სულ სხვაგან აღმოჩნდება.
ამ თხზულებებმა მათ ავტორებს „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალის ბილეთი მისცა. როგორც აღვნიშნეთ, კონკურსის გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდება.

სხვა სტატიები »