ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტმა რექტორი აირჩია

უნივერსიტეტმა რექტორი აირჩია
3 ოქტომბერი, 2016
2016 წელი უნივერსიტეტისთვის ხმაურიანი მოვლენებით დატვირთული იყო. სასწავლო წელიც ხმაურით - სტუდენტთა საპროტესტო აქციით დაიწყო. თუმცა, ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - თსუ-მ რექტორი - გიორგი შარვაშიძე აირჩია, რომელიც უნივერსიტეტში კრიზისის დაძლევის სურვილითა და დიდი გეგმებით მოვიდა.
გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტელია - სწორედ აქ დაამთავრა წარჩინებით ფილოლოგიის ფაკულტეტი, ყოველთვის გულშემატკივრობდა მშობლიურ სასწავლებელს და ამ რთულ ვითარებაში რექტორობაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. განათლების სფეროს მართვის საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო, მათ შორის ფორსმაჟორული სიტუაციების მართვის გამოცდილება დაუგროვდა, რაც იმედს აძლევს, რომ ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებასაც შეძლებს.


მიზანი
ახალი რექტორის მთავარი მიზანი უნივერსიტეტის არსებითად ახალ საფეხურზე გადაყვანaა. „ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უნივერსიტეტი განვითარდეს. ის ნამდვილად ღირსია უკეთესის. ის არის პირველი კავკასიაში და, ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ნამდვილად საუკეთესოა. მსურს რომ ეს თამასა ავწიო, მეტი გაკეთდეს და, სერიოზულად მაქვს იმის ამბიცია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს საერთაშორისო ცნობადი უნივერსიტეტი. დღეს ვამაყობთ იმით, რომ „თაიმსის“ რეიტინგით რვაას ერთი პლიუს ადგილზე იმყოფება ჩვენი უნივერსიტეტი; ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ფიზიკის მიმართულებით ვართ 187-ე ადგილზე... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საამაყოა, თუმცაღა არასაკმარისი. მგონია, რომ არათუ გამოვალთ ამ კრიზისიდან გაერთიანებული ძალებით, არამედ მივაღწევთ უფრო მაღალ შედეგებს“. - ამბობს გიორგი შარვაშიძე.
ამისათვის კი უნივერსიტეტი ნამდვილ ევროპულ უმაღლეს სასწავლებლად უნდა იქცეს - სადაც შერწყმულია მდიდარი და უნიკალური ტრადიციები და თანამედროვე ღირებულებები, პრინციპები და ტენდენციები; სასწავლებელმა უნდა გაიუმჯობესოს ადგილები რანჟირების პრესტიჟულ საერთაშორისო სისტემებში და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის თსუ დიპლომი დასაქმებისა და წარმატებული პროფესიული საქმიანობის გარანტიად იქცეს.

მოკავშირეები
გიორგი შარვაშიძე მოკავშირედ თვლის ყველას, ვინც ამ მიზნების შესრულებას აუცილებლად მიიჩნევს. ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია საუნივერსიტეტო საზოგადოების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტებისა და ადმიანისტრაციის გაერთიანება საერთო საუნივერსიტეტო იდეის გარშემო მათი ხედვის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მიუხედავად. პირველ რიგში სწორედ მათი მხარდაჭერის იმედი აქვს. ამასთან, „მოკავშირე იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც ამის სჯერა და ყველა ის, ვინც გულშემატკივრობს ჩვენს უნივერსიტეტს; ძალიან ბევრი ადამიანია დაკავშირებული უნივერსიტეტთან, ჩვენ გვაქვს უნიკალური პოზიციონირება, რომლის გამოყენებაც არის უმნიშვნელოვანესი. მიუხედავად პრობლემებისა და იმ რთული წლებისა, რაც გამოიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ის გადარჩა და მოვიდა ჩვენამდე. ახლა ჩვენი ამოცანაა ავიდეთ უფრო მაღალ საფეხურზე“ - ამბობს რექტორი.


პირველი ნაბიჯები
პირველივე სამუშაო დღეებში რექტორმა უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციის შექმნის განზრახვის შესახებ განაცხადა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. საკუთარ თავს და უნივერსიტეტს ამისთვის 3 თვეს აძლევს. „სამ თვეში უნივერსიტეტმა ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ და რა ტემპით ვითარდება, რა არის ინდიკატორები, როგორ ვამოწმებთ იმას, ვვითარდებით თუ არა. ეს იქნება თანამედროვე, ღია დოკუმენტი - ალბათ პირველად საუნივერსიტეტო სივრცეში. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ხედვა. ჩვენ უნდა გავხდეთ კვლევის და სწავლების საუკეთესო ცენტრი დიდ რეგიონში. როგორ მივაღწევთ ამ მიზანს? როგორ გავზომავთ მივაღწიეთ თუ არა მიზნამდე? ეს ყველაფერი არის ელემენტარული საკითხი, ეს არის იმ ცოდნის საკითხი, რომელიც გააჩნია განათლების სფეროს სპეციალისტს. მე ვარ უმაღლესი განათლების მართვის სპეციალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როგორ შეიძლება ამის გადაყვანა ინდიკატორებში, ჩაშლა დროში და შემდგომ რესურსების მობილიზება ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდან. ვაპირებთ განვითარების პროცესში ჩავრთოთ ყველა, პირველ რიგში უნივერსიტეტში დღეს მოღვაწე პროფესიონალები, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ბიზნესი, დამსაქმებლები და სხვ.“, - აცხადებს გიორგი შარვაშიძე. რექტორის თქმით სტრატეგიული გეგმა უფრო მასშტაბურია, თუმცა „4 წელი იქნება ის მიჯნა, სადაც გვინდა, რომ სასწავლო გარემო ძირითადად შეიცვალოს, მოხდეს ამ გარემოს შეგუება თანამედროვე მოთხოვნებთან, თანამედროვე ტექნოლოგიები შემოვიდეს კვლევასა და სწავლებაში, გვქონდეს უფრო მეტი ლაბორატორია, რაც მთავარია, ხდებოდეს ცოდნის კვლავწარმოება, გადაცემა და არა მხოლოდ აკუმულირება“.


სტუდენტი - უნივერსიტეტის ღერძი
„ჩემი ღრმა რწმენით, თსუ უნდა იყოს ევროპული სტანდარტების დონის უნივერსიტეტი. რას ნიშნავს ეს სტანდარტი? სტუდენტი უნდა გახდეს უნივერსიტეტის ღერძი“, - ამბობს გიორგი შარვაშიძე. ამისთვის იგი პირველ რიგში გეგმავს სასწავლო ბაზების პრობლემის გადაწყვეტას, სტუდენტური მომსახურებებისთვის „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შემოღებას, სტუდენტური საცხოვრებლის შესაქმნელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, კვლევის კომპონენტის დაბრუნებას სწავლების პროცესში, კვლევისა და სწავლის შერწყმას, სტუდენტების ჩართვას კვლევაში. იხსენებს ფუტსალელთა წარმატებებს და ამბობს, რომ მზადაა სპორტის სხვა სახეობების განვითარებასაც შეუწყოს ხელი, მათ შორის უნივერსიტეტის ტრადიციულად ძლიერი კალათბურთის გუნდის მხარდაჭერას, ალპინიადის ტრადიციის აღდგენას და ა.შ.
„გვაქვს ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის არის სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება, მათ შორის სტუდენტური აქტივიზმი. ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ ამან რაღაც ფორმა მიიღო - ზოგისთვის მოსაწონი და ზოგისთვის არცთუ მოსაწონი. მე მგონია, რომ ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, ეს გემოვნების საკითხია, თუმცა შინაარსი არის ერთი - სტუდენტი აქ იმიტომ მოდის, რომ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. ეს არის იმპერატივი, ამის გარშემო უნდა ვიმუშავოთ ჩვენ ყველამ: რაც შეიძლება მაღალი ხარისხის განათლება ჰქონდეს ჩვენს კურსდამთავრებულს; მერე შეეძლოს ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში, დასაქმდეს. ეს ყველაფერი უნდა იზომებოდეს. აუცილებლად უნდა ვაწარმოებდეთ დასაქმების სტატისტიკას; მაგალითად 5-10 წელიწადშიც უნდა ვიცოდეთ, მიაღწია თუ არა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა კარიერულ ზრდას. ეს არის ის საკითხები, რომელიც იქნება ასახული ამ დოკუმენტში და ჩვენ ძალიან კარგად პ’ ამბობს რექტორი. ამ მიზნის მისაღწევად სხვა რესურსების გარდა, დონორთა მობილიზების იმედიც აქვს: “ჩვენ გავხდით „ჰორიზონტ 2020“-ის წევრი. უკვე შესაძლებელია, რომ ჩვენ მივიღოთ სერიოზული დახმარება ამ არხების მეშვეობით, ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ევროგაერთიანებასთან. ჩემი ინფორმაციით, 2017 წლიდან საქართველოს ერთ-ერთი განვითარების პრიორიტეტი იქნება უმაღლესი განათლება, ამიტომ ვვარაუდობ, რომ ფონდების დიდი რაოდენობა გახდება ხელმისაწვდომი. ვისურვებდი, რომ ამ გრანტების პირველი ბენეფიციარი სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს. ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციაში უნდა არსებობდეს ჯგუფი, რამდენიმე პროფესიონალი, რომელიც იმუშავებს თანხების მოზიდვაზე და ანგარიშვალდებულიც იქნება... ძალიან ბევრია გასაკეთებელი მეცნიერების რეზულტატების კომერციალიზაციისთვის. პირველი „ფაბლაბი“ გვაქვს, სმარტ-ლაბი ახლა გაიხსნა მე-2 კორპუსში, ბლუმბერგის ლაბორატორიაც, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ლაბორატორია უნდა გვქონდეს ბევრი და მკვლევრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კვლევებში. ვეცდებით, რომ ჩავრთოთ კვლევებში ის მეცნიერები, რომლებიც არ არიან საქართველოში, ძალიან საინტერესო იდეები გვაქვს და გამოცდილება ამ მიმართულებით“, - ამბობს გიორგი შარვაშიძე და ამ საქმეში უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების დიდი იმედიც აქვს.


საჭირო ფინანსები
უნივერსიტეტის ახალი რექტორი თსუ-ში უნივერსიტეტის განვითარების ფონდის შექმნის იდეით მოდის. „ეს ფონდი სამ თვეში ვერ შეიქმნება, თუმცა, სამომავლოდ სწორედ აქ უნდა მოხდეს აკუმულირება სხვადასხვა თანხების - იქნება ეს კურსდამთავრებულების შემოწირულობა, ბიზნესისგან თუ სახელმწიფოსგან გაღებული თანხა თუ ა.შ. უნივერსიტეტს დღეს აქვს სხვადასხვანაირი დაფინანსება. სტუდენტური ვაუჩერების გარდა, მაგალითად, ერთი ნაწილი ფინანსდება ბიუჯეტიდან და ეს ეხება კვლევით დაწესებულებებს - საუბარია 14 კვლევით დაწესებულებაზე, რომელიც 2010 წელს გადმოვიდა საუნივერსიტეტო სივრცეში და განაგრძობს არსებობას უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ. აქვე არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ასევე ფინანსდება პირდაპირ ბიუჯეტიდან. მაგალითად მე-3 სასწავლო კორპუსის აღდგენა, მორფოლოგიის ინსტიტუტის აღდგენა, ფიზიკის ინსტიტუტის საკონფერენციო ნაწილის აღდგენა, სარებილიტაციო სამუშაოები ეროვნულ სამეცნიერო ბიბილიოტეკაში ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში... ყველა აქტივობის დაფინანსება, რაც იყო რემონტთან და რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული, მოდის განათლების სამინისტროდან. დაახლოებით, 7 მილიონი ლარი გამოიყო ამ სასწავლო წლისთვის, რათა მომზადებულიყო უნივერსიტეტი. ტენდენცია ძალიან კარგია, თუმცა - არასაკმარისი. ადრე რომ დაგვეწყო, კარგი იქნებოდა, თუმცა მაღალი კონკურენცია იყო და ბევრმა უნივერსიტეტმა იყოჩაღა. ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია, თუმცაღა უფრო კარგი იქნებოდა, რომ მეტი სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში ყოფილიყო“, - ამბობს გიორგი შარვაშიძე და უახლოესი პერიოდის მთავარ ამოცანასაც გვაცნობს: „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოცდა ჩასაბარებელი, ეს არის უნივერსიტეტის ასი წლის იუბილე. 2018 წელს შეხვდება განახლებული უნივერსიტეტი თავის იუბილეს. ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც გაგვაჩნია. უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ თარიღს შევხვდეთ ძალიან ღირსეულად“.

სხვა სტატიები »