ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტმა სენატის ახალი წევრები აირჩია

უნივერსიტეტმა სენატის ახალი წევრები აირჩია
25 ივლისი, 2016
თსუ-ში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნებზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. რეგისტრირებული 44 კანდიდატიდან არჩეულია სენატის 33 ახალი წევრი, აქედან _ 12 სტუდენტი, და 21 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი. ამომრჩეველთა აქტივობამ 10 % შეადგინა.
თსუ შვიდ ფაკულტეტსა და 14 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იყო 21 საარჩევნო უბანი და 28 781 ამომრჩეველი. თსუ სენატის არჩევნებს 3 არასამთავრობო ორგანიზაციის („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და განვითარების ცენტრი“) წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.
არჩევნები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და თსუ წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად ტარდება. ცვლილებების შესაბამისად სენატის შემადგენლობა განისაზღვრა 74 წევრით, თსუ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 36 წევრით (ორჯერ მეტისა).
სენატის არჩევნები თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში ფაკულტეტების წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლების შეყვანისა და ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად, ახალი წევრების არჩევის მიზნით გაიმართა.
არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ და თვითმმართველობის კანდიდატებთან ერთად, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც იღებდნენ. ჩვენ დღეს სხვადასხვა სტუდენტური ჯგუფიდან არჩეული ორი კანდიდატის ინტერვიუს შემოგთავაზებთ:

  თორნიკე შევარდნაძე , სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

_ რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება სენატის არჩევნებში?

_ სენატის არჩევნებში მონაწილეობა უპირველესად ერთმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა - ცვლილებების აუცილებლობამ და სურვილმა. ის სტუდენტები, რომლებიც დღეს „აუდიტორია115-ის“ ქვეშ ვერთიანდებით, წლებია ვიბრძვით ცვლილებებისთვის. მანამ, სანამ აუდიტორია საერთოდ შეიქმნებოდა, მაშინაც ჩვენი ბრძოლა ცვლილებებისთვის სისტემატური იყო. ბოლო თვეების განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ყველა საშუალებით ბრძოლა თანაბრად _ ქუჩის აქტივიზმით თუ საარჩევნო ურნებთან ბრძოლის გზით. ვფიქრობ, ამაში არის ჩვენი სიძლიერე. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არჩევნებში ვმარცხდებოდით და ამიტომ ვირჩევდით აქციების გზას. ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ეს ასე არ არის და 6 დასახელებული კანდიდატიდან 4-ის გამარჯვება შევძელით, მათ შორის 3 _ პირველ ადგილოსანია.

სამწუხაროდ, დღეს სტუდენტების უმრავლესობამ, სენატის არათუ ფუნქციები, ისიც კი არ იცის, რომ სენატი მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დამუშავებასა და დამტკიცებაში, რომელიც ხშირად ირღვევა სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მხრიდან ქსენოფობიური, სექსისტური თუ ჰომოფობიური გამოვლინებების შედეგად; რომ სენატი განიხილავს და განკარგავს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს და ა.შ. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ არ იცის ამ ორგანოს არსებობის შესახებ უნივერსიტეტში. ეს დაკავშირებულია იმ ათეულობით სტუდენტის პასიურობასთან, რომლებიც წლების განმავლობაში სტუდენტური თვითმმართველობის კვოტით აკომპლექტებდნენ წარმომადგენლობით ორგანოს.

სენატი წლების განმავლობაში მოგვევლინა ჩაკეტილ, ელიტურ წარმომადგენლობით ორგანოდ, რომელშიც ერთსა და იმავე ადამიანებს ვხედავდით მუდამ და არავინ იცოდა, რა საკითხებს განიხილავდა ორგანო.

ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე არჩევნებში კენჭისყრა, იყო სწორედაც ამის გამოსწორების სურვილი. ვაპირებ მუდმივად გავმართოთ საჯარო შეხვედრები უნივერსიტეტში, მუდმივად გავავრცელოთ სენატის სხდომების ანგარიშები და მაქსიმალურად ჩავრთოთ სტუდენტობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რითაც მოხდება უნივერსიტეტის მართვის მეტი დემოკრატიზაცია და გამჭირვალობის გაზრდა.

_ რა სჭირდება თქვენი აზრით, უნივერსიტეტს და სტუდენტობას პირველ რიგში?

_ უნივერსიტეტში პრობლემები მრავლადაა, ამას თავისი საკუთარი სიღრმისეული საფუძვლები გააჩნია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც უნივერსიტეტის წინაშე დგას _ ფინანსური პრობლემაა. დღეს უნივერსიტეტი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტის მიერ გადახდილი თანხით, რის გამოც, ფაქტობრივად, იგი არაფრით განსხვავდება კერძო უნივერსიტეტისაგან.

სამწუხაროდ, უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან საბიუჯეტო დაფინანსებას არ იღებს, რის გამოც უნივერსიტეტში გაჩერებულია მეცნიერული საქმიანობა, პრაქტიკული სამუშაოები და მძიმე მდგომარეობაშია უნივერსიტეტის მატერიალურ-ინფრასტრუქტურული მხარე. ამის ფონზე, სამწუხაროდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელიც ამას ხმამაღლა იტყვის _ ხმამაღლა მოითხოვს სახელმწიფოსგან პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით მათი სტატუსი და თანამდებობები სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსაც არასოდეს გამოუყენებიათ. ჩვენ, რასაც ვაპირებთ უკვე სენატში შესვლის შემდეგ, ეს არის სენატორის სტატუსის გამოყენება იმისთვის, რომ ეს საკითხი გავხადოთ უფრო აქტუალური უნივერსიტეტის შიგნით თუ გარეთ. ჩვენ ამითი გვეძლევა უფრო მეტი საშუალება, უფრო მაღალი ტრიბუნიდან სახელმწიფოს მოვთხოვოთ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა განათლებაში.

_ თქვენ რას შეცვლით და როგორ აპირებთ თქვენი მიზნების განხორციელებას?

_ უპირველესად, რაც ჩემი არჩევნის შემდეგ შეიცვლება სენატში და უნივერსიტეტში, არის ის, რომ სენატი გახდება ანგარიშვალდებული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ. მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ: 1. მუდმივად გავავრცელოთ მნიშვნელოვანი სხდომების ანგარიშები, ტრანსკრიპტები სოციალურ ქსელებითა და ყველა სხვა საკომუნიკაციო გზებით; 2. გარდა ამისა, მუმივად გაიმართება საჯარო შეხვედრები სტუდენტებთან, სადაც მათ მიერ დაყენებული მოთხოვნებისა და ინიციატივების მოსმენის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ამ საკითხების სენატის ფორმატში გატანა; 3. ასევე, მუდმივად მოხდება უნივერსიტეტის ბიუჯეტისა და სხვა საკითხების ფართო საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ერთად განხილვა, რითაც ჩვენ გავზრდით ანგარიშვალდებულებას, ერთი მხრივ, და სტუდენტების თანამონაწილეობას, მეორე მხრივ.

ჩემი და ჩემი მეგობრების საარჩევნო პროგრამა, პირობითად სამ სიტყვაში შეიძლება გავაერთიანოთ: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და თანამონაწილეობა _ სწორედ ამის დეფიციტი იყო წინა მოწვევის სენატებში და სწორედ ამის რეალიზაციისკენ იქნება ჩემი საქმიანობაც მიმართული.

ტარიელ გაგელიძე , ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

_ რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება სენატის არჩევნებში?

_ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა თსუ-ს უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნებში, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავი იჩინა ისეთმა პრობლემება, რომელთა მოგვარებაც უნივერსიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამასთან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციული საუბარი და დიალოგის რეჟიმი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რადიკალური ზომები, რომლითაც იყო მცდელობა, მოგვარებულიყო რიგი პრობლემები.

უკვე მესამე წელი სრულდება, რაც თსუ-ის სტუდენტი ვარ და საკმაოდ აქტიურად ვსაქმიანობ სტუდენტურ თვითმმართველობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობი ყველა იმ პრობლემას, რომლის წინაშეც დგანან სტუდენტები და მაქსიმალურად ვცდილობ მოვნახო ის გზები, რომლითაც შესაძლებელია ამ პრობლემებზე სათანადო რეაგირება. ჩემი სურვილი, ვყოფილიყავი სტუდენტთა წარმომადგენელი, სენატის შემადგენლობაში, ემსახურება მთავარ მიზანს, ისმოდეს სტუდენტების ხმა და მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები.

_ რა სჭირდება თქვენი აზრით, უნივერსიტეტს და სტუდენტობას პირველ რიგში?

_ მოგეხსენებათ, რომ თსუ-ში უამრავი სტუდენტია, რომელთაც ფინანსური პრობლემების გამო უჭირთ სწავლის საფასურის გადახდა და უწევთ სხვადასხვა ადგილას მუშაობა. საბოლოო ჯამში კი, სამუშაოზე დახარჯული დრო და ენერგია აისახება მათი განათლების ხარისხზე, შესაბამისად საუნივერსიტეტო საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ სტუდენტებს, რათა სტუდენტის უპირველესი მოვალეობა, განათლების მიღება, იყოს ხელმისაწვდომი.

გარდა შეჭირვებული სტუდენტებისა თსუ-ში მრავლად არიან სტატუსშეჩერებული სტუდენტები, რომელთა დაფინანსება ვერ ხერხდება, რადგან არ არსებობს მექანიზმი ამ სტუდენტებს შორის პრიორიტეტების გამოყოფისა და შერჩევისა, შესაბამისად, საკითხი წლების მანძილზე გადაწყვეტის გარეშეა.

მე და ჩემს თანაგუნდელებს ბოლო დროინდელმა პროტესტმა სტუდენტური თვითმმართველობის მიმართ დაგვანახა ჩვენი საქმიანობის ხარვეზები, რომელთა შორისაც პრიორიტეტად მესახება ზემოთ აღნიშნული პრობლემა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოფიქრებული გვაქვს ხსენებული საკითხის გადაჭრის რამდენიმე გზა, რომელსაც აუცილებლად შევთავაზებთ საუნივერსიტეტო საზოგადოებას და წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად ვეცდებით, რომ ავარჩიოთ ერთ-ერთი მოდელი, შევუსაბამოთ საქართველოს კანონმდებლობას და გადავწყვიტოთ სტუდენტების სასარგებლოდ.

_ თქვენ რას შეცვლით და როგორ აპირებთ თქვენი მიზნების განხორციელებას?

_ სამწუხაროდ, წარმომადგენლობითი საბჭო დღემდე ასოცირდებოდა მხოლოდ შემოთავაზებულ წინადადებებზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ და სტუდენტების მხრიდან ნაკლებად იყო შეთავაზებული ინიციატივები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სტუდენტური პრობლემების მწვავედ დასმა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო არ არის ადგილი ურთიერთობების გარკვევისა იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანიზაციას თუ ინსტიტუციას წარმოადგენენ სენატის წევრი სტუდენტები. სტუდენტების ხმა სწორედ მაშინ არის ძლიერი, როდესაც ისინი შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებენ.

შესაბამისად, შევეცდები, რომ განურჩევლად იმისა არის თუ არა კონკრეტული სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, მქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია და კოორდინირებულად ვიმოქმედო მათთან ერთად.

სამწუხაროდ, სტუდენტების უმრავლესობამ არ იცის უნივერსიტეტში ინსტიტუციების, მათ შორის სენატის, არსებობის შესახებ, რაც დამეთანხმებით, რომ არის პრობლემა. აქედან გამომდინარე, საჯარო შეხვედრებისა და სტუდენტებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში შევეცდები დავანახო სტუდენტურ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა უნივერსიტეტის მართვაში.

სხვა სტატიები »