ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ამომავალი ლიდერი“ საქართველოდან

„ამომავალი ლიდერი“ საქართველოდან
31 მაისი, 2016
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 ახალგაზრდა „ამომავალი ლიდერის“ ტიტულით დააჯილდოვა.
არჩევანი შეჩერდა იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც მათსავე ქვეყანაში ინოვაციური გზებით ცდილობენ სოციალური ცვლილებების მიღწევას და არსებული პრობლემების მოგვარებას.
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული, 23 წლის ნინო ნანიტაშვილი  მათ შორის ერთ-ერთია. ნინო ამჟამადაც აგრძელებს საქმიანობას უნივერსიტეტში. ის თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET -ის  კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი  განაპირობა იმ ფაქტმა, რომ  ნინო საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფის Google Developer Group -ის დამფუძნებელია. მან  შექმნა კომპიუტერული თამაშები ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის და მიიღო  მონაწილეობა 400-მდე ღონისძიების ორგანიზებაში.
ნინო ნანიტაშვილი
ინტერესები :
– დაინტერესებული ვარ ტექნოლოგიებით და უფრო მეტად იმ პროექტებით, პროგრამებითა და ინიციატივებით, სადაც სასარგებლო სოციალური მიზნებისთვის  ცდილობენ ტექნოლოგიების გამოიყენებას. ასეთი ინიციატივები ქმნიან ისეთ პლატფორმებს, აპლიკაციებსა და მოწყობილობებს, რომლებიც ამარტივებს რთულ პროცედურებს, წყვეტს პრობლემებს, ხალხს ეხმარება და ა.შ.
ჩემი ძირითადი პროფესია სოციოლოგიაა. დროდადრო,რაც უფრო უახლოვდებოდა ჩემი საქმიანობა ტექნოლოგიებს და პროექტებს, რომლებიც მასთან იყო დაკავშირებული, მივხვდი რომ არ გამორიციხავს ტექნოლოგიები სოციოლოგიას. პირიქით, დღეს ტექნოლოგიები თითქმის ყველაფერს განსაზღვრავს. ასე, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამ ორი მიმართულებისა და დისციპლინის თანხვედრა.

კონკურსის შესახებ:
– ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო, რომელსაც ჰქვია emerging leaders – “ამომავალი ლიდერი”, არის ინიციატივა, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს მასშტაბით გამოარჩიოს ახალგაზრდები. ახალგაზრდები, რომ¬ლებიც სა¬კუთარ ქვეყანაში ცდილობენ მოხალისეობრივ, თუ სამოქალაქო ინიციატივებით, ცვლილებები განახორციელონ. სხვა¬დასხვა ქვეყნაში ამერიკის საელჩოებს სთხოვეს, რომ დაესახელებინათ თითო წარმომადგენელი.  
პირველ რიგში, ძალიან გამიმართლა და მადლობა საქართველოში ამერიკის საელჩოს, რომ ჩაატარა შიდა შერჩევა და ამარჩიეს მე. შემდეგ ეტაპზე,  მსოფლიოდან უკვე  ათი შეგვარჩიეს, ვიყავით   განსხვავებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მქონე ქვეყნებიდან.  მაგალითად, გამარჯვებულებს შორის საფრანგეთთან ერთად იყო მალტა, პალესტინა, კენია, ინდონეზია და ა.შ.

განხორციელებული პროექტები:
რაც შეეხება პროექტებს, რის გამოც ამარჩიეს, მათი უმეტესობა სწორედ ტექნოლოგიებს უკავშირდება. მაგალითად იყო პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ელვაში“ ჩავატარეთ 2014 წელს. ეს პროექტი მიზნად ისახავდა კომპიუტერული თამაშებით ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოებას და მათთვის საერთო სივრცის შექმნას.
შევქმენით ასევე თამაში „მშვიდობის პარკი“ და ეს თამაში ხელმისაწვდომია ყველანაირ პლატფორმაზე. ასევე გვაქვს პროექტი,რომლიც გულისხმობს, პროგრამირების საფუძვლების სწავლებას  რეგიონების სკოლებში. გუგლის ჯგუფის ფარგლებში მოვაწყვეთ 400-მდე ღონისძიება, მანამდეც საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული სამოქალაქო საქმიანობაში და ვარ „ფლექსის“ კურსდამთავრებულიც. როდესაც ამერიკიდან დავბრუნდი ვიყავი კურსდამთავრებულთა კოორდინატორი და უკვე 17 წლიდან – ორგანიზატორი. თვეში 5-6 სოციალურ ღონისძიებაში ყოველთვის ვიყავი ჩართული. იქნებოდა ეს დასუფთავება, სისხლის გაღება, ხეების დარგვა, თუ კათარზისში სტუმრობა.

კონკურსის შეფასება:
ეს პროგრამა წელს დაიწყო და ჩვენ ვართ პირველი ნაკადი. ძალიან ემოციური და დადებითი დღე იყო ნამდვილად. პირველ რიგში, იმიტომ რომ  მაღალი დონის ღონისძიება მოაწყვეს, იყვნენ მდივნის თანაშემწეები,  დარბაზი სავსე იყო ელჩებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებით.
ნამდვილად ბევრს ნიშნავდა ჩემთვის ისიც, რომ შევხვდი დანარჩენი 9 ქვეყნის ძალიან საინტერესო წარმომადგენლებს,  მათ გვერდით ყოფნა და მათთან ერთად ამ ჯილდოს მიღება იყო დიდი გამოცდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
ჩემთვის ყველაზე განსა¬კუთრებული და ემოციური იყო ის, რომ ათეულში მოხვდა საქართველო. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძალიან ხშირად გაიჟღერა საქართველოს სახელმა. ვაჩვენეთ, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებიც კარგ საქმეებს აკეთებენ.
მიზნები:
ჩემი მიზანია, რომ იმ ცოდნის, გამოცდილებისა და კონტაქტების მეშვეობით, რაც აქამდე დავაგროვე, კიდევ  უფრო მეტი გავაკეთო და ჩემი საქმიანობა უფრო ხანგრძლივი გავხადო.  მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩავრთო, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ყველაზე დიდი ოცნებაა   შევქმნათ ისეთი სივრცე,სადაც უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დაუკავშირდება ტექნოლოგიებს და უფრო მეტი კომპანია, რომელიც მოღვაწეობს ტექნოლოგიებში, დაუკავშირდება სოციალურ საკითხებსა და პრობლემებს. მოხდება იმ ყველაფრის თანხვედრა, რაშიც მე ვარ ჩართული და რასაც მეთვითონ ვაკეთებ.

რჩევები:
ახალგაზრდებმაც, სანამ სტუდენტები არიან მაქსიმალურად უნდა გამოსცადონ თავიანთი თავი სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა საქმიანობაში. ეს იმისთვისაა კარგი, რომ გაიგონ, რა უნდათ ამ ცხოვრებაში, რა აინტერესებთ, რა გამოსდით და ა.შ  
ასევე კარგი იქნება,თუ აქტიურად მიიღებენ მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობას. მოხალისეობის პროცესში ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები. ადამიანებს,რომლებიც შენსავით აზროვნებენ და გაძლევენ დიდ მუხტს, რომ შენ თვითონაც გახდე მათნაირი და მათსავით კარგი საქმეები აკეთო.
სხვა სტატიები »