ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
27 მაისი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე და თსუ თვითმმარველობის წარმომადგენლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორი, თვითმმართველობების წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  რექტორის არჩევის წესს, საფაკულტეტო საბჭოების დაკომპლექტებასა და სტუდენტური თვითმმართველობების საკითხს განიხილავდნენ.

,,არის მოსაზრებაც რომ რექტორი აირჩიოს უნივერსიტეტის სრულიად აკადემიურმა პერსონალმა. ჩვენს შემთხვევაში აკადემიური პერსონალი, არის სამეცნიერო პერსონალიც. არის საუბარი იმაზეც, რომ სტუდენტებმა მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, არის საუბარი იმაზეც, რომ ეს არჩევანი გააკეთოს წარმომადგენელთა ორგანომ. მე მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მაქვს,  თუმცა მაქვს გარკვეული პრიორიტეტული პოზიციები, რომ რექტორის არჩევა, ჩვენი უნივერსიტეტის პირობებში,  შეიძლება მოხდეს აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს გაერთიანებული შემადგენლობით’’, აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, შეხვედრაზე ის საკითხები და პოზიციები შეაჯერეს, რომელიც სამომავლოდ კანონში უნდა აისახოს. ,,უნივერსიტეტს აქვს ცვლილებები გასატარებელი.  2015 წელს მიღებულ კანონში ცვლილებებია შესატანი და ამისთვის ვადა იწურება, მიღებული კანონები უნდა იყოს მოქნილი და ფუნქციონალური. ის გონივრული ვადა, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ უნდა იყოს დროულად მოწოდებული და კანონში ჩაწერილი. ამით არ უნდა შეექმნათ ფაკულტეტებს და უნივერსიტეტს ფუნქციონირების პრობლემა. კანონი უნდა იყოს ჩარჩო, და არ უნდა იყოს დეტალიზირებული და უნივერსიტეტებს უნდა შეეძლოთ წესდების მიხედვით მოქმედება’’,  განაცხადა თამარ სანიკიძემ.

შეხვედრა პროტესტის ნიშნად თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა საბაურმა დატოვა, მისი განცხადებით უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში მათი მოთხოვნები და შეხედულებები არ არის გათვალისწინებული. მოგვიანებით შეხვედრა ასევე თსუ სტუდენტური თვითმმართველობის  წევრებმაც დატოვეს. შეხვედრას არ ესწრებოდნენ ,,აუდიტორია 115“-ის წევრები.

სხვა სტატიები »