ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები უნდა იყვნენ დაცულნი“

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები უნდა იყვნენ დაცულნი“
30 მარტი, 2016
მაია კოპალეიშვილი - თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების  პროფესორი. თსუ აკადემიური საბჭოს წევრი:

_სტუდენტების  ნაწილი თვლის, რომ აკადემიურმა საბჭომ ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები კრიზისის განსამუხტად უნივერსიტეტში. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?
აკადემიურმა საბჭომ ყველა ზომას მიმართა, რომ სტუდენტებს შორის არ მომხადარიყო დაპირისპირება. ის არ იქცა მხარედ ამ პროცესებში. შეიძლება იმის აღნიშვნა, რომ აკადემიურ საბჭოს შეეძლო დროული შეფასება მიეცა იმ მოვლენებისათვის როდესაც წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა ჩაიშალა. კრიზისი შეფასების საგანია. სერიოზული პრობლემები ნამდვილად იყო და ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზეც რჩება. რაც შეეხება სტუდენტების მოსაზრებას,  აკადემიური საბჭოს თვითდაშლაზეც შეიძლება საუბარი და რეორგანიზაციაზეც. უბრალოდ აქ დგას საკითხი, თუ რა დროიდან შეიძლება ეს განხორციელდეს და რა დონის რეორგანიზაციაზე შეიძლება რომ ვიმსჯელოთ, რადგან ეს საკითხები უკავშირდება, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების საკითხსაც.  აკადემიური საბჭოს სახელით ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს შევიკავებ.  ამ საკითხებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად სჭირდება განხილვა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

_რამდენად ეთანხმებით განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დასკვნას, რომ კანცლერის არჩევის პროცესში საბჭომ დაუშვა იურიდიული შეცდომა?
ყველა არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად, რამდენადაც ვხვდები, ახლა შესაბამისი ფორმატიც არ გვაქვს. მხოლოდ ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები.  ის, რომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივად სწორი და საფუძვლიანი, ჩვენ დავასაბუთეთ  განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნაზე ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის მიერ დასკვნის სახით მომზადებულ საკმაოდ ვრცელ, არგუმენტირებულ პასუხში,  რომელსაც 23 მარტს გამართულ აკადემიური საბჭოს სხდომაზე ჩვენ კენჭი ვუყარეთ.  პასუხი გაეგზავნება სამინისტროს და დაინტერესებულ პირებსაც შეეძლებათ, რომ მას გაეცნონ.
ბუნებრივია, აკადემიური საბჭო პასუხისმგებელია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და, მან დღეს ნათლად, დასაბუთებული არგუმენტებით დაადასტურა, რომ ეთანხმება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. აქ სხვა რამაა მთავარი. კერძოდ, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებმა, მათმა წევრებმა, პროფესურამ უნდა  გაითავისონ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობის ტვირთი არ დააკისრონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს,  იურიდიულ დეპარტამენტს, მათი მხრიდან საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარებით უნებლიეთ არ მოახდინონ  ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის  დისკრედიტაცია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩვენ გვირჩევენ, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი, იქნება ეს რექტორი, აკადემიური საბჭო, თუ წარმოამდგელობითი საბჭო  და, შესაბამისად,  პასუხისმგებლობის ტვირთიც სწორედ მან უნდა ზიდოს.  ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები უნდა იყვნენ დაცული. 

_გავრცელდა ინფორმაცია, რომ აკადემიური საბჭო განიხილავს რექტორის იმპიჩმენტის საკითხს.

16 მარტს აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის  საკითხის განხილვის შესახებ, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს. დავალებები მიცემულია ჩვენი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისადმი, რათა მათ ამ მხრივ დასკვნები წარმოუდგინონ აკადემიურ საბჭოს. ეს პროცედურა გულისხმობს, გარკვეული  საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის დადასტურდების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად ფარული კენჭისყრის ჩატარებას აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.  

სხვა სტატიები »