ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

,,პრობლემა როგორც პერსონებშია, ისე მმართველობის არჩევის წესში''

,,პრობლემა როგორც პერსონებშია, ისე მმართველობის არჩევის წესში''
30 მარტი, 2016
პაატა ბახტურიძე 24 წლისაა, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე--პრეზიდენტია. სანამ თვითმმართველობაში აირჩევდნენ  მას მერეც, სწავლის პარალელურად, საქართველოს სტატისტიკის სამსახურში მუშაობდა და სტატისტიკურ კვლევებში იყო ჩართული. ამბობს, რომ პერსპექტივაში თავს სწორედ ამ საქმეში ხედავს. ახლა კი თვითმმართველობის პოსტის დატოვებამდე 2 თვე და  უნივერსიტეტის დამთავრებამდე 1,5 წელი აქვს. ის დღეს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:  

_ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება, რას ითხოვთ?
_ პირველი ჩვენი მოთხოვნა რექტორის გადადგომაა. რექტორის გადადგომით უნივერსიტეტი რომ არ აყვავდება და მხოლოდ ეს კაცი რომ არ არის პრობლემა, ამაზე, მგონი, ყველანი ვთანხმდებით. მაგრამ სტუდენტთა მეორე ჯგუფი არ ითხოვს უნივერსიტეტის რექტორის გადაგომას და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ჩიხში შეყვანა არ უნდათ.  მაგრამ არსებობს სხვადასხვა უნივერსიუტეტების ქეისები, და მგონია, რომ უნივერსიტეტს ჩიხში რექტორის გადადგომა არ შეიყვანს.

_ ამ წუთში უნივერსიტეტს არ ჰყავს კანცელერი ანუ ადმინისტრატორი, თქვენ ითხოვთ რექტორის გადადგომას და სტუდენტთა ნაწილი ითხოვს აკადემიური საბჭოს გადადგომას.  არის თუ არის ასეთ სიტუაციაში გადადგომა გამოსავალი?
გამოსავალი არ არის გადადგომა. გამოსავლი არის ის, რაც გადადგომის შემდგომ უნდა დაიწყოს. გადამდგარ ადამიანს ვინც ჩაანაცვლებს, ის უნდა იყოს გამოსავალი. რადგან, პირველ რიგში, დაუშვებელია რექტორის მიერ სამი წლის განმავლობაში სუს-ის თანამშრომლის შენახვა და შემდეგ, საჭირო დროს ამის, როგორც კოზირის გამოყენება სიტუაციის გასამწვავებლად. ასევე კუდის მაღალჩინოსნის, ოდეერების უფროსის,  პოლკოვნიკი კუბლაშვილის და ამასთანავე საკუთარი ნათესავის დასაქმებაც არის ნეპოტიზმი, ადამიანის რომლის აშკარა ჩართულობაც იგრძნობა საუნივერსიტეტო პროცესებში.
წინა აქციების დროს, სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრის დროს იყო მოლაპარაკება, შევთანხმდეით პატიოსანი თამაშის მეთოდებზე. იმაზე, რომ არც თვითმმართველობა ჩაერეოდა ფეხების ბრახუნით არჩევნებში და არც რექტორი უნდა ჩაერიოს, ყველაფერი უნდა იყოს დემოკრატიული და გამჭირვალე. რექტორი ჩაერია პროცესებში და მოინდომა თავის კანდიდატურის გაყვანა. დაიწყო არეულობა, არეულობის დროს წამოიწია ოდეერის საკითხმა. იყენებს ოდეერის საკითხს, სიტუაციის კიდევ უფრო დასაძაბად. თვითმმართველობას ეჯახება სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი საპროტესტო აქციით და არის მცდელობა, რომ თვითმმართველობა იქნეს ჩამოშორებული ამ პროცესებს. მაგრამ საბედნიეროდ ამ ყველაფერს ჩვენ გავუძელით და ისევ ვართ ჩართულები და ისევ ვითხოვთ უნივერსიტეტისათვის სასიკეთო ცვლილებებს.

_ თქვენის აზრით, რა შეიცვლება რექტორის გადადგომით?
რექტორის გადადგომით მოხდება ის, რომ სრული აკადემიური პერსონალი ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს და, ჩემი აზრით, ეს დემოკრატიული იქნება,  რადგან ვერც სახელმწიფო და ვერ სტუდენტობა ვერ გაიყვანს თავის „კანდიდატს“. უნივერსიტეტი ჩიხში არ უნდა შევიდეს, ეს უნდა მოხდეს ოპერატიულად. გადადგომის თარიღისთვის  წინასწარ უნდა მომზადდეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. შემდეგ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს აკადემიური საბჭოსთან რეფორმები და მათი ახალი წესით  არჩევა. დღეს აკადემიური საბჭოს გადადგომა და უფლებამოსილების შეჩერება არაფერს არ ცვლის, რადგან აკადემიური საბჭო ირჩევა ისევ იგივე წესით. ახალი რექტორი უნდა აირჩიოს ახალმა აკდემიურმა საბჭომ. როგორც ხედავთ, პროცესის წყვეტა არსად არ ხდება და უნივერსიტეტი არ შედის ჩიხში.

_ არსებული კანონმდებლობა და რეალობა იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ უნივერსიტეტის ამ პროცესებში არ მოხდეს ჩარევა, ზემოქმედება ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან?   
ნებისმიერ საკანონმდებლო მოცემულობაში ამისგან დაზღვევის ერთადერთი საშუალება არის საუნივერსიტეტო საზოგადოების, ზოგადად საქართველოს საზოგადოების მხრიდან ყურადღების მიქცევა, მონიტორინგი.  როგორც დამკვირვებლების.

_ იზიარებთ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აკადემიურმა საბჭომ დაუშვა შეცდომები და ის უნდა შეიცვალოს?  მაგალითად დაარღვია კანონი, როგორც ეს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი?
პირველ რიგში შეცდომა იყო კანცლერად სოსო არჩვაძის არჩევა, რომელიც ყველაზე სუსტი იყო კანდიდატებს შორის.  ამ ეტაპზე იმის განცხადებისაგან, რომ   აკადემიურმა საბჭომ იურიდიული შეცდომა დაუშვა, თავს შევიკავებ მანამდე, სანამ თსუ იურიდიული დეპარტამენტი  დასკვნას დადებს. 

_ პრობლემა პერსონებშია თუ  მმართველობის სტრუქტურებში და მათი არჩევის წესში?
პრობლემა როგორც პერსონებშია, ისე მმართველობის არჩევის წესში. აკადემიური საბჭოს არჩევნებში სტუდენტების ჩართულობა არის მინიმალური. სრული აკადემიური პერსონალი ფაკულტეტზე ირჩევს აკადემიური საბჭოს წევრს, სტუდენტი წარმოდგენილია მხოლოდ ფაკულტეტის საბჭოდან. ამ საბჭოების სტუდენტების მაქსიმალურ რაოდენობა ათია. როდესაც 10 სტუდენტი და 170 პროფესორი ირჩევს, აქ  სტუდენტების ხმას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. სტუდენტებს აღარ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ აკადემიური საბჭო არ არის სტუდენტების ინტერესების გამტარებელი. სტუდენტების ხმას რომ რამე წონა ჰქონდეს, მინიმუმ ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს აკადემიური საბჭოს ამომრჩეველთა რაოდენობის. მე არ ვიძახი, რომ ისინი აუცილებლად სტუდენტური თვითმმართველობდან უნდა იყვნენ წარმოდგენილი. შეიქმნას სხვადასხვა რეგულაციები საინიციატივო ჯგუფი. და ა.შ

_ თქვენი ჯგუფში ადრეც გამოდიოდა რექტორის გადადგომის მოთხოვნით.  როგორც მახსოვს, მაშინ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. რა გააკეთა ამ ჯგუფმა?
საზოგადოებას თვალში ნაცარს ნუ შევაყრით. ამ ჯგუფმა რაღაც გააკეთა, მაგრამ ბევრი ვერაფერი. მიდის მოლაპარაკებები ინფარსტურქტურულ საკითხებზე. მაგალითად განათლების სამინისტრო გვაძლევს ელექტრონული საქმისწარმოების სისტემას.  ამ  ჯგუფს  მუშაობა არ დაუსრულებია. ჩვენ არ ვმუშაობდით, ჩვენ პირადად არ მივცემთ უნივერსიტეტის ავტონომიაში არც განათლების სამინისტრის და არც შსს-ს და არ სხვას ჩარევის უფლებას. უნივერსიტეტში უნდა მოხდეს რეფორმები უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე. განათლების სამინისტროსთან მიდიოდა საუბარი მხოლოდ იმაზე, თუ რა მატერიალური საფუძველი შეიძლება მიიღოს უნივერსიტეტმა სამინისტროსგან.

_ თქვენ რომ არ იყოთ თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე და იყოთ მხოლოდ სტუდენტი,  რას შეცვლიდით თვითმმართველობის არჩევის ან მუშაობის  წესში?
თუ როგორი თვითმმართველობა უნდა ჰყავდეს, ამას განსაზღვრავს თავად უნივერსიტეტი და ესეც გახლავთ უნივერსიტეტის ავტონომიურობის კიდევ ერთი დასტური. საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია მხოლოდ თვითმმართველობის არსებობა და თუ როგორი უნდა იყოს იგი, ამას განსაზღვრავს თავად უნივერსიტეტი. როდესაც თითმმართველობის ვიცე_ პრეზიდენტი გავხდი, დავიწყე ცვილებები, რომელიც არ დამიმთავრებია და ისევ ვაგრძელებ. თვითთმართველობას ჰქონდა თავისი ოდერეების მსგავსი მონიტორინგის სამსახური, რომელიც გავაუქმეთ ჩვენ თვითონვე. გარდა ამისა, შევქმენით სტუდენტთა უფლებების დაცვის  დეპარტამენტი, ასევე  ანალიტიკური დეპარტამენტი. უმაღლესი წარმომადგნლობითი ორგანო შიგნით თვითმმართველობაში არის დელეგატთა საბჭო.  იგი იღებს გადაწყვეტილებას და ამტკიცებს წესდებას. იყო ჩადებული ასეთი ოდიოზური რაღაც, რომ თვითმმართველობის დელეგატთა გადაწყვეტილების შეცვალა შეეძლოთ თვითმმართველობის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, რაც ამოვიღეთ წესდებიდან.
მსგავსი ხარვეზები სწორდება, თუმცა არ ვემხრობი იმ სტუდენტების მოთხოვნას, რომ თვითმმართველობას აღმასარულებელი საქმიანობა უნდა ჩამოშორდეს. იყო პროტესტები გარკვეულ პროექტებთან დაკავიშირებით, მაგალითად ბაკურიანის, რომლის მოგვარება მარტივად, რეგულაციების შემოღებით შეიძლება, მაგალითად შეიძლება შემოვიღოთ ზედა ზღვარი. ამის მოგვარებას არ ჭირდება ფეხების ბრახუნი და აქციების ენა.
 
_ ერთ-ერთი პრეტენზია სტუდენტური პროექტების დაფინანსების არსებულ წესს ეხება, როცა ყველა სტუდენტური პროექტი ვიზას თვითმმართველობისგან საჭიროებს.  
ის, რომ სტუდენტების წერილები ჩვენთან გამოდის, არ უნდა ჩაითვალოს რაღაც პროვილეგიად. პირიქით, ეს არის დამატებითი პროცედურა. რეზოლუციას ჩვენ ყველა შემთხვევაში ვადებთ, ერთადერთი პროექტი რაც მახსოვს იყო ის, რომ პირველკურსელ სტუდენტს უნდოდა 250 ადამიანის ექსკურსიაზე წაყვანა ისე, რომ არც საორგანიზაციო ჯგუფი ჰყავდა ადა არც არაფერი. დანარჩენ შემთხვევაში რეზოლუციას ვადებდით. მაგრამ ბოლო პერიოდში პროექტი არ შემოსულა.

_ შესაძლოა იმიტომ, რომ ნდობაა ნაკლები.
მე რატომ უნდა მენდობოდეს, ცდას წინ რა უდგას? დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, იღებს კანცლერი ან რექტორი კანცლერთან შეთანხმებით. 2015 წელს სტუდენტებისათვის გამოყოფილი თანხებიდან თვითმმართველობამ დახარჯა მხოლოდ 22 პროცენტი. დანარჩენი 78 პროცენტი იყო ჩვეულებრივად ხელმისაწვდომი  ნებისმიერი სტუდენტისთვის. უბრალოდ შექმნილია სტერეოტიპული მიდგომა, რომ თვითმმართველობა თანხებს 100 პროცენტით ხარჯავს.

_ ეს სტერეოტიპი ხომ არ გეხმარებათ, რომ წევრების რაოდნობის  მობილიზება უფრო მოახდინოთ?
არ ვთვლი ასე, რადგან თვითმმართველობაში ყოფნა პრივილეგია არ არის. ეს არის ნერვების და დროის ხარჯვა. არანაირ სარგებლობას არ იღებ გარდა გამოცდილებისა.

_ თქვენ ჩართული ხართ  _ რა არის თქვენი მოტივაცია?
მე მივიღე გამოცდილება საპროექტო მენეჯმენტის და ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით. მიღირდა ეს წლები აქ ყოფნა და წლები რომ უკან დაბრუნდეს იგივეს ვიზამდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი  კრიტიკის ქარცეცხლში მივლია და შეურაცხყოფაც მიმიღია მაგრამ, ამავე დროს, მიმიღია ბევრი მადლობაც. კრიტიკა უფრო ადვილია. დარწმუნებული ვარ რომ იმ ადამიანების უკან ვინც თვითთმართველობის გაუქმებას ითხოვა, დგას ადამიანთა უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც ამ მოსაზრებას არა თუ არ ეთანხმება, დარწმუნებული ვარ, საკითხი დღის წესრიგში რომ დადგეს შეეწინააღმდეგება კიდეც.

_ რატომ არ ისმის ამ ადამიანების ხმა? თქვენ საინფორმაციო ომიც წააგეთ.
წავაგეთ იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ვინც ასე ვთქვათ კორდონს მიღმა იდგა, იყვნენ ჟურნალისტები, ან ადამიანები, რომლებიც გამობრძმედილები იყვნენ აქციების ჩატარებაში და იციან საზოგადოებას რა და როგორ მიაწოდონ. ისინი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ ტყიბულიდან. ჩვენ არ გვქონდა ასეთი გამოცდილება. თვითმმართველობა ტრადიციულად იყო რექტორის მეგობარი, ადმინისტრაციის მეგობარი, ყავდა პოლიტიკური ზურგი. ჩვენ ყველაფერ ამაზე უარი ვთქვით. დღეს, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი, თვითმმართველობა არის სტუდენტების მეგობარი.  ჩვენ ვიყავით ორიენტირებული რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება და მიუხედავად გარკვეული დაძაბულობისა, ეს შევძელით.  ჩვენ გვქონდა აქციები სახელმწიფო საქმიანობის გაპროტესტების სახით. თუ ასეთი პრეცენდენტი თვითმმართველობის მონაწილეობით ვინმეს ახსოვს, ვთხოვ მეც გამახსენოს.
გარდა ამისა, პასიური ადამიანების რიცხვი ჩვენ უნივერსიტეტში არის დიდი. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივად დადიან და სარგებლობენ მომსახურებით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამჯობინებენ იყვნენ ჩუმად. ასეთი ადამიანების რაოდენობა უფრო დიდია ვიდრე ჩვენი ან მეორე მხარის მხარდამჭერების. 22 ათასი სტუდნეტიდან რამდენი იყო ჯამში გამოსული აქციებზე თსუდან? ჯამში 2 ათასი?

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმოადგენთ 22 ათასის სტუდენტის ინტერესებს?
საპროექტო აქტივობის კუთხით 2015 წელს თვითმმართველობის პროექტებში ჩართული იყო 12 ათასზე მეტი სტუდენტი ფაკულტეტებზე, ხოლო ჯამში 27 000 მდე. გარდა ამისა, ფაკულტეტის საბჭოებშიც, წარმომდგენლობითი საბჭოში, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი რქებით გამიტანია.

_ შეხების წერტილი რა არის „აუდიტორია 115“-ის წევრებთან?  რაზე შეიძლება შეთანხმდეთ?
მე ბევრ შეხების წერტილს ვხედავთ. ვფიქრობ ის, რომ ჯერ აკადემიური საბჭოს გადადგომას ითხოვენ და მერე რექტორის, არ ნიშნავს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის. სპეცსამსახურების მუშაობის საკითხის შესწავლა თსუ-ში და საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხიც შეიძლება საერთო გვქონდეს. მესამე, არ ვთვლი, რომ რამე გვაპირისპირებს. მაქვს ჩემი ინიციატივები, უნდა მოისმინო მათიც და ეს რუპორიდან რუპორში ყვირილით არ უნდა ხდებოდეს.

სხვა სტატიები »