ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ - ქართული ინოვაციებისა და გამოგონებების გამოფენაზე

28 ივლისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ თსუ მეცნიერ-მკვლევართა გამოგონებები და ინოვაციები წარმოადგინა. გამოფენა „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ორგანიზებით 10-12 ივლისს გაიმართა.

წარმოდგენილ ინოვაციურ პროექტებს შორის იყო გულის აპარატი, რომელიც გარკვეული პერიოდი გულის ფუნქციონირების შენარჩუნების საშუალებას იძლევა და ექიმებს დამატებით დროს აძლევს პაციენტის გადასარჩენად, ლითონდეფიციტური ანემიის პროფილაქტიკურ-სამკურნალო საშუალებები; ეკოლოგიურად სუფთა სასუქები მცენარეთა დასაცავად; ახალი თაობის ხელატები სოფლის მეურნეობისთვის; ე.წ. დსპ-ს საწარმოებლად ახალი ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტების გამოყენება; ბიოჩიპი, როგორც ინსტრუმენტი ბაქტერიების და ვირუსების სკრინინგისთვის; ღვარცოფების, მეწყერების ადრეული შეტყობინების აკუსტიკური ტელემეტრული სისტემები და ა.შ. - ეს მხოლოდ ნაწილია იმ სამეცნიერო პროდუქტიდან, რომელიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.  

ბიზნესის განვითარების გამოფენა-კონფერენციაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ეკონომიკა: ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები.“

გამოფენის ორგანიზატორის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზა-ნია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საქართველოში არსებული გამოყენებითი კვლევების შედეგები და ტექნოლოგიები, ხელი შეუწყოს ინოვატორებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის წახალისებას, ახალი ინოვაციური პროექტების დაწყებას და „სტარტ-აპ“ კომპანიების გაჩენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება სხვადასხვა ინდუსტრიისათვის. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ქართველ მეცნიერებს, გამომგონებლებსა და ინოვატორებს საშუალება მიეცათ ბიზნესის წარმომადგენლების და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ საზოგადოებისთვის გაეცნოთ საკუთარი ინოვაცია თუ გამო-გონების ეფექტური მოდელი.

სხვა სტატიები »