ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობასა და სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონს“ შორის

13 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“ ყველა საინტერესო ახალი გამოცემის თითო ეგზემპლარს გადასცემენ. ამის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, „თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობასა“ და სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონს“ შორის გაფორმდა.

მემორანდუმს  თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ,   თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობის ხელმძღვანელმა ნინო მელიქიშვილმა და სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონის“ დირექტორმა ნიკოლოზ კორტავამ მოაწერეს ხელი.

„ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ურთიერთშეთანხმებების  ქონა სხვადასხვა გამომცემლობასთან , რადგანაც ეს ის სფეროა, რომელიც უშუალოდ შედის  უნივერსიტეტის ინტერესში.  ეს მემორანდუმი გარკვეულად დაარეგულირებს ურთიერთობას თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობასა  და უნივერსიტეტს შორის და ასევე სადისტრიბუცია კომპანია „ირიათონსა“ და უნივერსიტეტს  შორის.   ამ ურთიერთშეთანხმების შედეგად, უფრო მარტივი გახდება ჩვენი სტუდენტების და მკვლევრების უზრუნველყოფა შესაბამისი ლიტერატურით“, - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობის ხელმძღვანელის ნინო მელიქიშვილის თქმით,  „მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენი გამომცემლობა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს გადასცემს  ჩვენს ყველა ახალ გამოცემას. ასეთი გამოცემები უკვე საკმაოდ მრავლად გვაქვს და ამ  გამოცემების გაცნობა დიდად შეუწყობს ხელს სამოქალაქო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ფორმირებას და ზოგადი განათლების ამაღლებას“.

თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტი  დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებისა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში.
 

სხვა სტატიები »