ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გლობალური კვლევის “ჩემი სამყაროს“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის პირველადი შედეგების პრეზენტაცია

24 ოქტომბერი, 2013
გლობალური კვლევის - MY World/ჩემი სამყარო საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის პირველადი შედეგების პრეზენტაცია 24 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე მაკა ჯაში და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ გაეროს გამოკითხვის თანახმად, საქართველოში პრიორიტეტული განათლებაა. გაირკვა, რომ სწორედ განათლებაა დანარჩენი მსოფლიოსთვისაც პრიორიტეტული. ამ პროექტის პრეზენტაცია კი შედგა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწორედ განათლების ცენტრში. ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი კვლევა არის მნიშვნელოვანი, უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ამაში ჩვენი სტუდენტობა, პროფესურა. უნივერსიტეტის კარები ყოველთვის ღია იქნება მსგავსი პროექტების რეალიზაციისთვის.“

„კვლევაში გამოიკვეთა  გლობალური საჭიროებები და 2015 წელს მსოფლიო ლიდერთა შეხვედრაზე ამ კვლევის შედეგებიც მოახდენს გავლენას. გაირკვევა თუ რა დაისახება უახლოესი მომავლის ამოცანებად მსოფლიო მასშტაბით. საქართველოსთვის პრიორიტეტები არის განათლება, ჯანდაცვა, დასაქმების საკითხები. მოხარული ვართ რომ ეს ყველაფერი ემთხვევა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტებს.“- აღნიშნა  პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში გამოკითხულთა 80% შემდეგი ათწლეულის პრიორიტეტებად განათლების (78%), დასაქმებისა (71%), და ჯანდაცვის (66%) გაუმჯობესებას ასახელებს. ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ასევე კარგი მმართველობა, რომელსაც გამოკითხულთა 49% ანიჭებს უპირატესობას.

„კვლევა რომელიც ჩატარდა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ და ჩვენი ახალი პროგრამები დავგეგმოთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. ეს კვლევა მთელს მსოფლიოში ტარდება. ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელება უკვე სრულდება 2015 წელს და ამიტომ მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს რა მიზნები და რა პრიორიტეტები გვაქვს ჩვენ 2015 წლის შემდეგ. მოხარული ვარ რომ ეს კვლევა ჩატარდა საქართველოშიც. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, იმისთვის რომ ახალი პროგრამები კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმოს,“- აღნიშნა გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილს სკოტმა.

კვლევაში, რომელიც ზაფხულში დაიწყო,  საქართველოში 3 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაცემები შეგროვდა ფოკუს ჯგუფების, ვებგვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.

გამოკითხვის მიზანია გაარკვიოს, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.  უპრეცედენტო საერთაშორისო პროცესმა მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. გამოკითხვის მონაწილეები ავსებენ კითხვარს და 16 ჩამოთვლილი საკითხიდან, პირადად მათთვის მნიშვნელოვან ექვს პრიორიტეტს ირჩევენ. 

„ჩემი სამყარო“ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით და საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება.

სხვა სტატიები »