ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი „მულტიკულტურიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“

23 ოქტომბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი „მულტიკულტურიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“ 23 ოქტომბერს გაიხსნა. ღონისძიებაში 16 ქვეყნის 200-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. კონგრესის გახსნას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლები, კავკასიოლოგიის მიმართულების მეცნიერ-მკვლევრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „არის ღონისძიებები, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა, კავკასიოლოგთა მესამე საერთაშორისო კონგრესი სწორედ ასეთი ღონისძიეება.   ეს არის ფორუმი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ კავკასიოლოგიის შემსწავლელი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები შეხვდნენ ერთმანეთს,  გაუზიარონ საკუთარი კვლევის შედეგები და დაამყარონ ახალი ურთიერთობები. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს.“

„კავკასია არის მულტიკულტურული სივრცე და გეოგრაფიული არეალი;  გეოეკონომიკური, გეოკულტურული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებული რეგიონი. ამ რეგიონს გარკვეული ისტორიული პროცესების გამო რიგი პრობლემები აქვს.  კონგრესმა სწორედ ამ პრობლემების მოგვარება დაისახა მიზნად, ვინაიდან არსებობს საშიშროება მულტიკულტურალიზმის თვალსაზრისით; ტოლერანტობის დარღვევის შემთხვევები, რომელიც  კავკასიაში არსებობს და რომელიც დღეს  ფსევდო ეთნოკონფლიქტებადაა მონათლული. კონგრესის მიზანია დაადგინოს - შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემების მოგვარება მშვიდობიანი გზით  და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ  ჩვენმა ხალხებმა იმისათვის, რომ შეინარჩუნონ მულტიკულტურალიზმი კავკასიაში,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა ცირა ბარამიძემ.

კონგრესის მიზანია კავკასიის, როგორც მულტიკულტურალიზმის თვალსაზრისით განსაკუთრებული რეგიონის შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება და სამეცნიერო დისკუსიის მოწყობა; რეგიონში ამ მიმართულებით მოღვაწე მკვლევართა ინტეგრაცია; კავკასიოლოგიის საკითხებთან  დაკავშირებული სამეცნიერო პრობლემატიკის გამოკვეთა; პრობლემათა  მეცნიერული საფუძვლების განხილვა და მათი გადაჭრის გზების დასახვა; ხელი შეუწყოს კავკასიელ ხალხებს შორის გარკვეული მიზეზების გამო გაჩენილი გაუცხოების გადალახვას,  ახლახან აღდგენილი სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას,  საერთაშორისო კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრებისა და  კავკასიის შემსწავლელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგების ინტეგრირებას, მეცნიერთა დაახლოებას, მშვიდობის დამყარებას კავკასიაში.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი. კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი 26 ოქტომბერს დასრულდება.
სხვა სტატიები »