ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ქართულ-რუსული“ ლექსიკონის პრეზენტაცია თსუ-ში

22 ოქტომბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ პრეზენტაცია 22 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ენათმეცნიერები, თსუ სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს, რისი დასტურიც ახალი ქართულ-რუსული  ლექსიკონია. ეს ლექსიკონი  თაობათა ნაშრომია და ის სამაგიდო წიგნი გახდება. ლექსიკონი ძალზე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. საერთოდ ლექსიკონების გამოცემა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს ეხმარება ჩვენ თანამოქალაქეებს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ უცხო ენაზე. აქედან გამომდინარე, ასეთი ლექსიკონების შექმნა არის ყოველთვის  მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ მსგავსი ლექსიკონი თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა.“

„ქართულ-რუსული ლექსიკონი პირველი აკადემიური გამოცემაა საქართველოში, ის ძალიან სერიოზული ნაშრომია რამოდენიმე მიზეზის გამო: პირველი გახლავთ მისი  მოცულობა, სალექსიკონო ერთეულების რაოდენობა 58 000-ზე მეტია, ასეთი მოცულობის ქართულ-რუსული ლექსიკონი დღემდე არ არსებობდა. მეორე - ეს არის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადებული ლექსიკონი, რომელიც ყველა თვალსაზრისით არის ნორმატიული: როგორც ქართული სალიტერატურო ენის, ასევე რუსული სალიტერატურო ენის თვალსაზრისით. ანუ ეს ნორმირება, სტანდარტული ფორმების შესატყვისობა  დაცულია და, შესაბამისად, მაღალი სანდოობის ლექსიკონია. მესამე - თავისთავად ნებისმიერი თარგმნითი ლექსიკონი თანამედროვე სამყაროში ყოველთვის აქტუალურია, ის  უკავშირდება არა მხოლოდ ენების შესწავლას, არამედ სხვადასხვა კულტურების გაცნობას. ამდენად ეს სამუშაო, რომელიც ენათმეცნიერების ინსტიტუტმა დაიწყო მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, დასრულდა და დღეს უკვე საზოგადოებას შეუძლია ის ნაბეჭდი სახით იხილოს. ვფიქრობთ, რომ მომავალში ამ ლექსიკონის ელექტრონული ვერსიაც შეიქმნება და საერთოდ, ძალიან სერიოზული ბაზისი შეიქმნა იმისათვის, რომ ამ ტიპის ორენოვანი ლექსიკონები შეიქმნას,“- აღნიშნა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ლალი ეზუგბაიამ.

ახალი ლექსიკონი დღემდე არსებულ ლექსიკონებზე ბევრად ვრცელია და 58 500 ლექსიკურ ერთეულს მოიცავს. “ქართულ-რუსული ლექსიკონის” შედგენის საკითხი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში XX საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებში დაისვა. შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა ლექსიკონის სიტყვანი და დაამუშავა მისი შედგენის ინსტრუქცია.

ლექსიკონის გამოსაცემად მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე წლის წინ განახლდა. ისტორიულ ცვლილებათა გამო აუცილებელი გახდა ნაშრომში შემავალი ლექსიკის საფუძვლიანად გადამუშავება - კომუნისტური პერიოდის ლექსიკის ამოღება ან მნიშვნელოვანი კორექტირება. მეორე მხრივ, ენაში შემოიჭრა ახალი  (ძირითადად უცხოური) ლექსიკა, რაც ლექსიკონში უნდა ასახულიყო.

სარედაქციო ჯგუფის მიზანი იყო მკითხველისთვის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკის ზუსტი რუსული შესატყვისების მიწოდება. ლექსიკონი ფილოლოგიურია: მასში არ შედის საკუთარი სახელები (პირთა, გეოგრაფიული...); მეცნიერების, ხელოვნების, ტექნიკის სფეროებში დამკვიდრებული სპეციალური ტერმინები; ძველი, ხმარებიდან გადავარდნილი, კუთხური, ჟარგონული, სათაკილო და უწმაწური სიტყვები და გამოთქმები.

ლექსიკონი ტექნიკურად მომზადდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში,  გარეკანის დიზანი შესრულდა თსუ გამომცემლობაში. ლექსიკონი შედგება  772 გვერდისგან.

სხვა სტატიები »