ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თურქეთის ელჩი ლევენთ მურათ ბურჰანი თსუ-ში

23 ოქტომბერი, 2013
23ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენთ მურათ ბურჰანს შეხვდა. შეხვედრა თურქეთის ელჩის საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებას მიეძღვნა.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით , „თურქეთის ელჩი  იუნუს ემრეს ცენტრის ეფექტურ მუშაობაში აქტიურად გვიჭერდა მხარს. მისი დამსახურებაა ის, რომ თურქული ენის შესწავლის სურვილს ბევრი სტუდენტი გამოთქვამს; ის, რომ მრავალი გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა თსუ-სა და თურქულ უნივერსიტეტებს შორის. მართალია, ლევენთ მურათ ბურჰანმა  დაასრულა საქართველოში დიპლომატიური მისია, მაგრამ ჩვენ მისი მხადრაჭერის იმედი გვაქვს. იმედია, მას  სტუმრის სტატუსით კვლავ ბევრჯერ ვიხილავთ უნივერსიტეტში.“

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ არაერთ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი.  ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა უნივერსიტეტთან ურთიერთობა. ემრეს ცენტრის გაძლიერების ხელშემწყობი ნამდვილად ვარ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი ხელს უწყობს ორი ერის კიდევ უფრო დაახლოებას,“- აღნიშნა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევენთ მურათ ბურჰანმა.

თსუ იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრის დირექტორმა ბარიშ დემირმა მადლობა გადაუხადა ლევენთ მურათ ბურჰანს ცენტრისთვის გაწეული დახმარებისთვის. სამადლობელი სიტყვით გამოვიდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე. შეხვედრის ბოლოს ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს თურქოლოგიის კაბინეტი.

სხვა სტატიები »