ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა თსუ-ში

13 სექტემბერი, 2013
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.
პროექტის პირველი საჯარო განხილვა 13 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა ღონისძიება სიმბოლურად  ეკონომისტის დღეს დაამთხვიეს.

ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა, პრეზენტაცია  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარმოადგინა. სტრატეგიის პროექტზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ის რომ მთავრობა სტრატეგიის განსახილველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდის, ჩვენი აკადემიური სფეროსადმი და ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებისადმი მთავრობის დამოკიდებულებულების მაჩვენებელია. ბუნებრივია, სერიოზული სამთავრობო დოკუმენტის განხილვის ადგილი არის დედა უნივერსიტეტი. ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი,  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან მან უნდა იმუშაოს როგორც ქართულ საზოგადოებაზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველას მკაფიოდ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი - უახლოეს პერიოდში რა  მიზნები აქვს საქართველოს მთავრობას დასახული, რას უნდა მიაღწიოს საქართველოს ეკონომიკამ და რა გზებით.“

„ვიწყებთ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვას, რათა მან საბოლოო სტრატეგიის სახე მიიღოს. სტრატეგიის მთავარი მესიჯი არის ის, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო მისაღები უნდა იყოს ბიზნესისთვის, მისი საკუთრება უნდა იყოს დაცული, განვითარდეს ადამიანური კაპიტალი და მოხდეს განათლების სისტემის რეფორმა. საქართველოს ეკონომიკა უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი, რადგან მხოლოდ მაშინ შეიძლება იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას,“- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ სტრატეგიის ძირითად ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020 წლამდე პერიოდში ექცევა და რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა: უნდა განავითარდეს  ქვეყნის ეკონომიკა, ინვესტორებს შეუქმნას  სტაბილურობის განცდა, უზრუნველყოს რეალური და ხელშესახები ეკონომიკური ზრდა და საზოგადოების კეთილდღეობა. საუბარია როგორც ეკონომიკური ზრდის და განვითარების ძირითად მოტივატორებზე, ასევე სოციალურ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მწვავედ იდგა.“

პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა,  ეროვნული ბანკის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.

ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი სამინისტროების, ექსპერტების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა.ქვეყნის განვითარების სტრატეგია საბოლოო სახეს საჯარო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინების შემდეგ მიიღებს.

სხვა სტატიები »