ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საერთაშორისო სტომატოლოგიური კონფერენცია „დენტალ თბილისობა 2013“

12 ოქტომბერი, 2013
12 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონფერენცია „დენტალ თბილისობა 2013“ გაიმართა. კონფერენციაზე სტომატოლოგიაში ახალი თაობის იმპლანტებზე,  თანამედროვე სტომატოლოგიის შესაძლებლობებსა და საქართველოში მათი დანერგვის პერსპექტივებსა და პრობლემებზე ისაუბრეს. 

კონფერენცია უკვე  მეშვიდედ ჩატარდა და მასზე მოხსენებები მსოფლიოში ცნობილმა პროფესორებმა წაიკითხეს საქრთველოდან, ისრაელიდან, ლუქსემბურგიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიებაზე განიხილეს თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალური საკითხები, ახალი მიდგომები კბილის ტრავმის მკურნალობაში, ბაზალური იმპლანტაციის საფუძვლები, კარიესის პრევენციის მენეჯმენტი, უახლესი კომპოზიტური მასალები. ასევე წარმოდგენილი იყო მოხსენება ევროპის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების სისტემის შესახებ და საქრთველოს ინტეგრირების პროცესი ამ სისტემაში.

თელავივის უნივერსიტეტის პედიატრიული სტომატოლოგიის პროფესორმა ბეჯამინ პერესმა კბილის ტრავმის მკურნალობაში არსებულ ახალ მიდგომებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბავშვების უმრავლესობა   კბილის ტრავმით იტანჯება და მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება. დღეს უკვე არსებობს ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები ამ მიმართულებით და მოხარული ვარ, რომ ხდება ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის“.

„მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები გვიზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას თანამედროვე სტომატოლოგიის შესაძლებლობებზე, რაც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს საქართველოში სტომატილოგიის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას“, - განაცხადა  სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, თსუ პროფესორმა მერაბ  მარგველაშვილმა.

ღონისძიება  სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის უწყვეტი განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
სხვა სტატიები »