ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჩემი სამყარო - მსოფლიო გამოკითხვა საქართველოში

25 სექტემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მასობრივი კამპანიის - საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის „ჩემი სამყაროს“ მთავარი ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ინიტა პაულოვიჩა დაესწრნენ.  

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ გამოკითხვა ემსახურება იმას, რომ შეიქმნას მსოფლიოს განვითრების პრიორიტეტების სურათი. პროცესი ტექნოლოგიურად მარტივი ჩასატარებელია, შედეგად კი დაიდება ძალიან კარგი მასალა შემდგომი კვლევებისთვის - მთავრობებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მეცნიერებისთვის მიღებული შედეგების გასაანალიზებლად.“

„დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერები არიან შეკრებილი და სხვადასხვა პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. ათასწლეულის განვითარების გეგმების ციკლი 2015 წელს მთავრდება, ამიტომ საინტერესოა თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო მომავალში, როგორი ცხოვრება გვსურს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსოფლიო ლიდერებს, საერთასორისო ორგანიზაციებს ვაჩვენოთ თუ რა პრიორიტეტები აქვთ ადამიანებს. ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ ვუთხრათ მსოფლიო ლიდერებს თუ რა პრობლემები გვაქვს, რა გვჭირდება“- აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ინიტა პაულოვიჩამ.

გამოკითხვის მიზანია გაარკვიოს, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს უპრეცედენტო საერთაშორისო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს 194 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გამოკითხვის მონაწილეები ავსებენ კითხვარს და 16 ჩამოთვლილი საკითხიდან ირჩევენ პირადად მათთვის მნიშვნელოვან ექვს პრიორიტეტს. 

გამოკითხვის პირველადი შედეგების განხილვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შედგება. ადგილობრივი კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს წარმოჩენას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე. 

საქართველოში კამპანია „ჩემი სამყარო“  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გამოკითხვა მიმდინარეობს ფოკუს ჯგუფების, SMS-ის და ვებ გვერდის მეშვეობით. გამოკითხვაში უკვე მიიღო მონაწილეობა 2 ათასზე მეტმა ადამიანმა. 

საქართველოს ყველა რეგიონში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში გაიმართება საინფორმაციო სესიები მსურველთათვის, ახალგაზრდული პარლამენტის წევრები პასუხს გასცემენ შეკითხვებს გამოკითხვის „ჩემო სამყარო“ შესახებ და დაეხმარებიან მსურველებს მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვაში ვებ გვერდის მეშვეობით.   

სხვა სტატიები »