ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შემოდგომის ლეგენდა 2013 დაიწყო

17 სექტემბერი, 2013
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.  ორგანიზატორები წლევანდელ კონკურსზე მონაწილეებს საინტერესო სიახლეს სთავაზობენ - კონკურსის მასშტაბები გაფართოვდა და ტრადიციულ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს ონლაინ მარათონი დაემატა.

„გაიზარდა ლიტერატურული კონკურსის თანამონაწილეთა რიცხვი. ტრადიციულ სტუდენტურ კონკურსს დაემატა ონლაინ მარათონი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ყველას, ვისაც ქართულად წერის შესაძლებლობა აქვს. ამისათვის საჭიროა შეივსოს სპეციალური მობილური აპლიკაცია და 8 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში დაწეროს თხზულება ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე“- განაცხადა კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა თაკო როდონაიამ.

თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, პროექტების მენეჯერის ნინო კალანდიას განცხადებით, „ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს, რომელსაც წერა უყვარს.  მასში თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ტურში კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროზაული ნაშრომი არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 თაბახის გვერდისა, ამასთან კონკურსანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტაც, რომელიც უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.“

უნივერსიტეტის შიდაშესარჩევი ჟიური გამოავლენს 10 საუკეთესო ავტორს, რომელიც კონკურსის მეორე - იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებს. კონკურსის ფინალი წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ფინალისტები ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე რვა საათის განმავლობაში ახალ ნაწარმოებებს შექმნიან.

იმპროვიზაციული ტურის 10 მონაწილიდან ჟიურის წევრები სამ გამარჯვებულს გამოავლენენ, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად - 700 და 500 ლარი გადაეცემათ.

„შემოდგომის ლეგენდა“ წელს მეხუთედ ჩატარდება. საიუბილეო წელთან დაკავშირებით კონკურსის მასშტაბიც გაიზრდება, ამასთან დაგეგმილია სხვადასხვა სახის სიურპრიზი, რომელიც ფინალისტებისთვის ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. საიუბილეო წელს მიეძღვნება 5 წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებების ერთიანი ბროშურაც, რომელიც ყველა მსურველს საჩუქრად გადაეცემა.

ლიტერატურული კონკურსი 2009 წელს იყალთოში, 2010 წელს ყვარლის ტბაზე გაიმართა, 2011 წელს კონკურსს ლოპოტას ტბამ უმასპინძლა; რიგით მეოთხე ლეგენდა ქართულ შატოში ჩატარდა.

Print
სხვა სტატიები »