ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„აქტუალური საკითხები საჯარო ფინანსებში“

16 სექტემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა  გადამზადების პროგრამა „აქტუალური საკითხები საჯარო ფინანსებში“  გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ, 11 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები საჯარო მოხელეებისთვის თსუ ადმინისტრაციულ  მეცნიერებათა ინსტიტუტის ფარგლებში, შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა.

ღონიძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ფინანსთა სამინისტროსა და თსუ-ს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის განცხადებით, „კვალიფიკაციის ასამაღლებელი მსგავსი კურსები  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად, რამდენადაც ეს ხელს უწყობს ახალი ტიპის საჯარო მოხელის  ჩამოყალიბებას, საჯარო მოხელეთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას საქართველოში.  ეს სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია.“

„ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოხელეებისთვის ჩატარდა სემინარები, რომელიც მიეძღვნა ევროკრიზისს, იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც ევროპაშია. ჩვენმა თანამშრომლებმა გაიღრმავეს  კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის სკოლის დახმარებით, შპაიერის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი წარმატებით გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას საკუთარ საქმიანობაში,“- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს გადამზადების პროგრამა 8 სექტემბერს დაიწყო.  პროგრამის მიმდინარეობისას განიხილეს თემები: ევრო-კრიზისი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური საფუძვლები და აქტუალური საგადასახადო რეფორმები საერთაშორისო ჭრილში. თემაზე შპაიერის უნივერსიტეტის სამმა ექსპერტმა: თსუ-ს საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ანდრეას კნორმა, პროფესორმა კირა ბარანოვამ და პროფესორმა ნილს ოთთერმა ისაუბრეს.

„ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი“ თსუ-ში 2013 წლის 12 თებერვალს  დაფუძნდა. მისი  დაფუძნების ინიციატორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

ინსტიტუტის ძირითადი მიზანია  საქართველოს საჯარო მოხელეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ინსტიტუტის პირველი გადამზადების პროგრამა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის, 8,9,10 სექტემბერს განხორციელდა.

სხვა სტატიები »