ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“

4 სექტემბერი, 2013
ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვან ჩართვაზე: ტექსტური კორპუსების, ელექტრონული ბიბლიოთეკების, ენის ელექტრონული სწავლებისა და სათარგმნი პროგრამების შექმნის საკითხებს დაეთმო ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“, რომელშიც ქართველ ლინგვისტებთან ერთად ევროპელი მეცნიერები მონაწილეობენ. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ნებისმიერი სართაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ქართულ ენას,  პრინციპულად მნიშვნელოვანია.  ქართული ენის შესწავლის წამყვანი სამეცნიერო ცენტრი საქართველოში თსუ და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტია  ძალიან მდიდარი ტრადიციებით. ეს საერთაშორისო კონფერენცია არის კიდევ ერთი აღიარება იმისა თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ენას, როგორი დიდი ინტერესია მთელ მსოფლიოში ამ ენის შესწავლასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის უბრალოდ ქართული ენის პრობლემის შესწავლასთან ერთად კონფერენციაზე განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით ქართული ენის შემდგომი გამოყენება და განვითარება.“ 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო საერთაშორისო ფორუმი, რომლის ამოცანაც არის დავადგინოთ რამდენად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევას ქართული ენათმეცნიერება და რამდენად მზად ვართ იმისთვის, რომ ქართული ენა იყოს ინტერნეტ სივრცის ენა , ქართული ენა იყოს დამუშავებული თანამედროვე ტექნოლოგიებით, გვქონდეს ის კომპიუტერული პროგრამები,  ელექტრონული რესურსები , რომლის გარეშე თანამედროვე ეპოქაში შეუძლებელია ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება.  შესაბამისად, ამ ფორუმზე უცხოელი მომხსენებლები თუ ქართველი კოლეგები ამ სფეროში ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას,“- აღნიშნა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლალი ეზუგბაიამ.   

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ენაში ტექნოლოგიური ტერმინების შემოჭრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ ქართული ენისა და ტექნოლოგიების კავშირი პრობლემატურია. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კონფერენციები ძალიან ბევრ პრობლემას წამოწევს წინ და შემდეგ შეძლებისდაგვარად გვარდება ეს პრობლემები.“

21-ე საუკუნეში  ეროვნული ენებისა და კულტურების შენარჩუნებისა და განვითრების საქმეში კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი გამოიკვეთა. ბუნებრივ ენათა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა ენობრივ მონაცემთა დამუშვება თანამედროვე ტექნოლოგიებით. არსებულ პრობლემაზე მოხსენებებს ქართველ მკვლევრებთან ერთად გერმანიის, შვეიცარიის, ლიტვის, შვედეთის, ფინეთისა და რუსეთის წარმომადგენელი ენათმეცნიერები გააკეთებენ. 

კონფერენციის მიზანია ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების წარმოდგენა, შედეგების შეჯამება, სამომავლო ამოცანების დასმა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.



სხვა სტატიები »