ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შეხვედრა თსუ კურსდამთავრებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან

8 აგვისტო, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა დოლიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ, რომლებიც თსუ კურსდამთავრებული არიან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ომის პერიოდის უნივერსიტეტის და სტუდენტობის ამსახველი ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოს ეროვნული სახლემწიფო არქივის მხარდაჭერით მომზადდა. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვეტერანები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიწვიეს ომში. ”ბედნიერი ვარ, რომ 73 წლის შემდეგ კვლავ ცოდნის ტაძარში ვიმყოფები. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ფრონტის ხაზზე გამიწვიეს. დიდი მადლობა უნივერსიტეტს და რექტორს, რომლის ინიციატივითაც გაიმართა ეს შეხვედრა”,- განაცხადა მეორე მსოფლიო იმის ვეტერანმა ვახტანგ ჯაფარიძემ.

როგორც თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, “უნივერსიტეტიდან ამ ომში მონაწილეობდნენ როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები. ბევრი მათგანი ვერ დაბრუნდა. გაჩნდა ინიციატივა, რომ გაკეთდეს  საიუბილეო წიგნი, მოგონებები ადამიანების, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობდნენ და მონაწილეობდნენ ბრძოლებში. ისინი იყვნენ 18-20 წლის ასაკის, როდესაც შეწყვიტეს სწავლა და მიიღეს ამ მძიმე ომში მონაწილეობა. ამ მოგონებებით ფართო საზოგადოებას შეეძლება გაეცნოს თუ რა ხდებოდა უნივერსიტეტში 70 წლის წინ და რა ფორმით  მიიღო   უნივერსიტეტმა მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში”. 

ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა არის ძველი ტრადიციის აღდგენა, როდესაც უნივერსიტეტში იწვევდნენ და პატივს მიაგებდნენ მეორე მსოფლიო ომის გმირებს. ”2013 წელს სრულდება 20 წელი აფხაზეთის ომიდან. ძალიან კარგი იქნება თუ ამგვარი შეხვედრები გაიმართება ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანებთან, რომ მათაც მივაგოთ შესაბამისი პატივი.”-განაცხადა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. 

შეხვედრის შემდეგ ვეტერანებს საჩუქრად უნივერსიტეტის ბეჭდური გამოცემები გადაეცათ. 

სხვა სტატიები »