ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლევან ალექსიძის ნაშრომთა კრებულის „საერთაშორისო სამართალი და საქართველო ანტიკური ხანიდან დღემდე“ პრეზენტაცია

19 ივლისი, 2013
19 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსის, პროფესორ ლევან ალექსიძის ნაშრომთა კრებულის  „საერთაშორისო სამართალი და საქართველო ანტიკური ხანიდან დღემდე“ პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულში თავმოყრილია აკადემიკოს ლევან ალექსიძის რჩეული ნაშრომები, რომლებიც 1957-2012 წლებში გამოქვეყნდა და ასახავს საქართველოს ისტორიის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებს, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ურთულეს თეორიულ პრობლემებს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული სეპარატიზმისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების კრიტიკულ ანალიზს. გამოცემაში ასევე შესულია ლევან ალექსიძის მონაწილეობით შექმნილი დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი შიდა და საერთაშორისო პოლიტიკური ოფიციალური დოკუმენტები.

„კრებული ფასეული და საინტერესოა არამხოლოდ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისა და იურისტებისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც და ყველა იმ იდამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს უახლესი ისტორიით. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი  ბევრ სპეციალისტს დაეხმარება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა პრეზენტაციაზე თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. 

„წიგნი ჩემი ნაშრომების მატიანეს წარმოადგენს.  კრებულში აღწერილია მთელი ჩემი საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტების შემუშავებისა და სუვერენიტეტის კონცეფციის ჩამოყალიბებისას. ასევე წარმოდგენილია  საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა, საერთაშორისო ურთიერთობის თეორიული საკითხები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დეტალური განხილვა, საქართველოს სეპარატიზმთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძვლები. კრებული ინგლისურ და რუსულ ენაზეც არის თარგმნილი, რათა მსოფლიომ გაიგოს საქართველოს შესახებ“,- განაცხადა ლევან ალექსიძემ.

კრებული განკუთვნილია ისტორიკოსებისთვის, იურისტებისთვის, პოლიტოლოგებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სტატიები »