ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პროექტის „სტუდენტები სტუდენტებისათვის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება

18 ივლისი, 2013
17 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „სტუდენტები სტუდენტებისათვის“ გამარჯვებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საუკეთესო ტრენინგ-იდეების ავტორებს სერტიფიკატები თსუ  რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გადასცა.
„პროექტმა უნივერსიტეტის  სტუდენტებს ძალიან კარგი შანსი მისცა, რომ  გამოევლინათ საინტერესო ტრენინგ-იდეები და დაუფლებოდნენ ტრენერის პროფესიას. მოხარული ვარ, რომ ასეთი აქტიურობა იყო სტუდენტების მხრიდან. პროექტის იდეა ძალიან საინტერესოა. ვიმედოვნებ, რომ  ყოველწლიურად განხორციელდება და უფრო მეტ სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა თავი გამოსცადოს ტრენერის როლში“, - განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
„პროექტის შედეგად  აუდიტორიასთან ურთიერთობის გამოცდილება მივიღეთ  და მოხარული ვარ, რომ საკუთარი იდეების საზოგადოებისთვის გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცა. პროექტი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო სტუდენტებისთვის და მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს ასეთი საინტერესო პროექტის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ერთ-ერთი გამარჯვებული ტრენინგ-იდეის „არაბული გაზაფხული და რევოლუციების თეორიის“ ავტორმა ზაალ კვინჩიამ.
პროექტის ფარგლებში, კონკურსის შედეგად 10 ტრენინგი შეირჩა. მათგან 6 უკვე ჩაუტარდა დაინტერესებულ სტუდენტებს. (სტერეოტიპებიდან მრავალფეროვნებამდე;        ეფექტური პრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის ხელოვნება; გარემოს დაცვა; კანონი და სამართალი ყოველდღიურ ცხოვრებაში; არაბული გაზაფხული და           რევოლუციების თეორია; ოფიციალური დოკუმენტების მომზადება).
4  ტრენინგი შემოდგომის სემესტრში ჩატარდება (გენდერი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა + თანასწორთა განათლება; შესავალი მარკეტინგში, ბრენდინგის საფუძვლები და საზოგადოებასთან ურთიერთობა; ხშირად დაშვებული შეცდომები წერისა და მეტყველების დროს; იფიქრე ჩემპიონივით-გაუწიე რეკლამა საკუთარ თავს და იპოვე შენთვის სასურველი სამსახური დღესვე).

სხვა სტატიები »