ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალი ელექტრონული სამეცნიერო ბაზები თსუ ბიბლიოთეკაში

28 ივნისი, 2013
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ელექტრონული სამეცნიერო ბაზების პრეზენტაცია გაიმართა. ბაზები საერთაშორისო ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებს აერთიანებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "საქართველოს ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის კონსორციუმის" ფარგლებში 2013 წლის დასაწყისში შეიძინა. საქართველოს ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის კონსორციუმი საერთაშორისო ორგანიზაციის EIFL.net (ბიბლიოთეკების ეროვნული კონსორციუმი) წევრია, რომელიც განვითარებად სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს შეღავათიან ფასად, ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს ცნობილი გამომცემლობების ჟურნალებითა და წიგნებით ისარგებლონ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეძენილ სამეცნიერო ბაზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი EBSCO გახლავთ, რომელიც 11 000 დასახელების ჟურნალსა და 100 000 წიგნს მოიცავს.
"ელექტრონული სამეცნიერო ბაზები ეტაპობრივად ჩაირთო. პრეზენტაციას ყველა ფაკულტეტზე გავმართავთ, რადგან შეძენილი ელექტრონული ჟურნალები და წიგნები ყველა მიმართულების პროფესურისა და სტუდენტებისთვის არის გამიზნული. ერთერთი ყველაზე დიდი ბაზა არის EBSCO, რომელსაც საშუალება აქვს - მოცემული მასალები ინგლისური ენიდან რუსული ენაზე თარგმნოს. ამავე დროს, მას აქვს სპეციალური ციტირების რეჟიმიც, რაც პროფესორებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს გარკვეულ თემაზე მუშაობას გაუმარტივებს. თსუ-ის მასშტაბით ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუზღუდავია, ახლა ვმუშაობთ, რომ უნივერსიტეტელების გარდა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლოს სარგებლობა", - განაცხადა თსუ-ის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევითი განყოფილების უფროსმა თამარ კოშორიძემ.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ელექტრონული სამეცნიერო ბაზების პრეზენტაცია 14 ივნისს გაიმართა. პრეზენტაციას EIFL.net მონაცემთა ბაზების კოორდინატორი საქართველოში თამარ ხახუტაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ფაკულტეტის წარმომადგენლებს ბაზების მოხმარების წესები გააცნო.
"EBSCO-დან წიგნების თავების მიხედვით გადმოწერაც არის შესაძლებელი, თუმცა ამ ბაზაში შესული სამეცნიერო ჟურნალებისა და წიგნების 30% ფასიანია. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, ამიტომ ფასები მიზერულია და 5-დან 50 ლარის ფარგლებში მერყეობს. მათი შეძენა კი ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით შეიძლება. ამავე დროს, აკადემიურ საზოგადოებს ამავე ბაზის მეშვეობით შეუძლია წინასწარ გაიგოს სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალების მომდევნო ნომრებში დასაბეჭდი მასალების თემატიკაც", - აღნიშნა თამარ ხახუტაშვილმა.
ახალი ელექტრონული სამეცნიერო ბაზების ნახვა თსუ ვებ-გვერდზე, ბიბლიოთეკის ბმულზე არის შესაძლებელი. ვებ-გვერდზე განთავსებულია ბაზების მოხმარების სახელმძღვანელოც.

ნატო ობოლაძე, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“



სხვა სტატიები »