ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

დამატებითი ანაზღაურება უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის

28 ოქტომბერი, 2014
უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ, - ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტის მიზანია, იმ პირებისათვის, რომლებიც უნივერსიტეტში მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ, არიან მოქმედი პროფესორები, აქვთ განუზომელი დამსახურება უნივერსიტეტის წინაშე (ყოფილი პროფესორები და დოცენტები, ლაბორატორიის გამგეები, სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები, ინჟინრები და სხვა), ცხოვრებისა და არსებობის ღირსეული პირობების შექმნა.
კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დაწესებულების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირთათვის საკუთარი ბიუჯეტიდან ანაზღაურების გაცემის შესაძლებლობა განსაზღვროს. ანაზღაურების წესსა და პირობებს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს.
„მათი საქმიანობის დაფასება გარკვეული ფინანსური ანაზღაურების, დახმარების ან სხვა სახით, აუცილებელია არსებული შესაძლებლობიდან, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში. მოქმედ კანონში ასეთი ცვლილება კიდევ უფრო გააძლიერებს ამ პირთა სოციალურ დაცვას და შეუქმნის მათ ღირსეული ცხოვრების პირობებს“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
არსებული მდგომარეობით, ფულადი ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ გარკვეული კატეგორიების პროფესორებისთვის საპატიო წოდების - ემერიტუსის მიღების შემთხვევაში, უნივერსიტეტში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ.
„უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში აღნიშნული ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტია, ავტორი კი  -ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

"ლიბერალი"
28.10.2014
სხვა სტატიები »