ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღე სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა. საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი სამეცნიერო კონფერენციას „საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები“ ყოველწლიურად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების „რომის სტატუტის“ ხელმოსაწერად გახსნის დღესთან (17 ივლისი) დაკავშირებით უკვე მეხუთედ მართავს.

კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართლისა და მომიჯნავე დარგების აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ეხებოდა და მასში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის ოცამდე სტუდენტი და მკვლევარი მონაწილეობდა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ და საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გენდერისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა. სტუდენტებმა მოხსენებები გააკეთეს თემატური პანელების ფარგლებში. კერძოდ, მათი გამოსვლები შეეხებოდა აგრესიასა და ძალის გამოყენებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას, საერთაშორისო დანაშაულებს, საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ადამიანის უფლებათა სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ურთიერთკავშირს.

კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

„რომის სტატუტი“ რომლითაც დაფუძნდა მუდმივმოქმედი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, ხელმოსაწერად გაიხსნა 1998 წლის 17 ივლისს, ხოლო ძალაში 2002 წლის 1-ელ ივლისს შევიდა. მიმდინარე წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თავისი ამოქმედების 15 წლისთავს აღნიშნავს. 17 ივლისთან დაკავშირებით აკადემიური თუ სხვა სახის აქტივობები ხორციელდება როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეგიდით, ასევე მსოფლიოს წამყვანი სასწავლო თუ კვლევითი დაწესებულებების მიერ. თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტიც აღნიშნული სამეცნიერო კონფერენციით უერთდება საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო კამპანიას, რომელიც წელს მიმდინარეობს დევიზით „Building a More Just World” (უფრო სამართლიანი მსოფლიოს მშენებლობა).

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება