ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

ერთობლივი სიმპოზიუმი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და უინძორის უნივერსიტეტის მონაწილეობით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის  და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ერთობლივი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები უინძორის უნივერსიტეტიდან (კანადა) და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.

სიმპოზიუმს თავმჯდომარეობდა პროფესორი, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში, საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორი ქეთევან ხუციშვილი, რომელიც ასევე თანამომხსენებელი იყო.

განსახილველი თემები მოიცავდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. სიმპოზიუმი გახსნა და მონაწილეებს მიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ, რომელმაც ისაუბრა ინსტიტუტის თანამშრომლობაზე საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სიმპოზიუმზე განსახილველი თემების მნიშვნელობაზე თანამედროვე საერთაშორისო სამართალში.

უინძორის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქრისტოფერ უოთერსის გამოსვლა შეეხებოდა ახალი იარაღების რეგულირებას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, ასევე კიბერ ძალის გამოყენებასა და ე.წ. ჰიბრიდულ ომს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს.

ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ანეკე სმითმა ისაუბრა ლტოლვილის სტატუსის რეგულირებაზე საერთაშორისო სამართალში, მიგრანტთა ნაკადის მოწესრიგებასა და მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე დანიშნულების სახელმწიფომდე. მანვე განიხილა ლტოლვილთა გადანაწილების სხვადასხვა სისტემები კანადასა და ევროკავშირის ფარგლებში შემუშავებული მოდელების მაგალითზე.

პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, ხაზი გაუსვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის სწავლების პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს კონტექსტში. გამოსვლა ასევე შეეხებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ურთიერთმიმართებას და ამ მხირვ საერთშორისო სამართლის თეორიაში არსებულ მიდგომებს. მანვე ისაუბრა საქართველოში ლტოლვილთა სამართლის ეროვნულ დონეზე განვითარების პროცესზე, რომელშიც თავად იყო აქტიურად ჩართული მაშინ როდესაც საქართველო მიუერთდა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციასა და მის დამატებით ოქმს და შემდგომ ამ ინსტრუმენტების ნაციონალურ დონეზე იმპლემენტაციის მიზნით დაიწყო შიდა კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც არეგულირებს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივ მდგომარეობას საქართელოში. პროფესორი ხუციშვილი იყო ასევე ინიციატორი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში ლტლვილთა საერთაშორისო სამართლის ცალკე კურსად სწავლებისა, რომელიც დღესაც წარმატებით მიმდინარეობს.

სიმპოზიუმის ფარგლებში საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტმა, საბა ფიფიამ ისაუბრა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გავრცელების კუთხით ინსტიტუტის საქმიანობაზე, ასევე ომის წარმოების მეთოდებსა და საშუალებებზე და მათ ადგილზე სასწავლო კურიკულუმში.

სიმპოზიუმის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩაერთვნენ დამსწრე სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობაზე.  

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება