ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

საერთაშორისო სამართლის უქმეები თსუ-ში

2019 წლის 26-27 იანვარს თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა საქართველოში საერთაშორისო სამართლის უქმეების (International Law Weekend) ჩატარებას ჩაუყარა საფუძველი. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო სამართლის სწავლებასა და კვლევასთან დაკავშირებული მრავალი აქტივობა გაიმართა პროფესორ-მასწავლებლების, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლების, სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.

ღონისძიება საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ გახსნა. საერთაშორისო სამართლის ლეგენდად აღიარებულმა პროფ. ალექსიძემ დარგის მკვლევარების ყურადღება საერთაშორისო სამართლის პროფესიის თავისებურებებზე მიაპყრო და სახელმწიფო სუვერენიტეტის ეფექტიანად დაცვისთვის საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ზარანდიამ, აუდიტორიისადმი მიმართვისას ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამართლის უქმეების რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმ მიღწევებს, რომელიც თსუ-ს საერთაშორისო სამართლის სკოლას, აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობით, უკვე მრავალი წელია, აქვს.

ღონისძიების ფარგლებში თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ ინსტიტუტის 2017-2018 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა ამ ცენტრის დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. აქვე დამსწრე საზოგადოება ცენტრის ახლად შექმნილ ვებ-გვერდსა და მის მთავარ ფუნქციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

საერთაშორისო სამართლის უქმეების ფარგლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ჟურნალის მორიგი ნომრის წარდგენაც მოხდა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ჯერ კიდევ 1994 წლიდან რეგულარულად გამოსცემს. ეს ერთადერთი რეგულარული სამეცნიერო გამოცემაა საქართველოში, რომელიც სრულად საერთაშორისო სამართლის თემატიკას ეძღვნება და ორენოვანი პუბლიკაცია მსოფლიოს მრავალი მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკის, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების, კატალოგებშია წარმოდგენილი.

ღონისძიების ერთ-ერთი აღსანიშნავი ნაწილი თსუ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ინიციატივითა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მხარდაჭერით თსუ-ს იმიტირებული სასამართლო პროცესების საზოგადოების დაფუძნება გახლდათ. სტუდენტებმა ახლადშექმნილი ორგანიზაციის მიზნები, სტრუქტურა და სამომავლო გეგმები ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს.

საერთაშორისო სამართლის უქმეების ფარგლებში ასევე იმ სტუდენტების დაჯილდოვება მოხდა, ვინც 2018 წელს თსუ-ს სახელით სხვადასხვა საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში წარმატებით ჩაერთო; მათ შორის იყვნენ ფილიპ ჯესაპის სახელობის კონკურსში (ვაშინგტონი, აშშ), 16 საუკეთესო გუნდს შორის გასული თსუ-ს გუნდი, რომელმაც მსოფლიოს 600-ზე მეტ გუნდს შორის შერჩევის შემდეგ საერთაშორისო რაუნდებში ასპარეზობა სხვა 144 გუნდთან ერთად შეძლო, და ასევე საერთშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპულ შეჯიბრზე (ლუბლიანა, სლოვენია) მეორე ადგილზე გასული თსუ-ს ფინალისტი გუნდი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეორე სამეცნიერო კონფერენცია „ჰოლოკოსტი და გენოციდის კვლევა ადამიანის უფლებების ჭრილში“, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე დადგენილ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ამ დღის აღნიშვნა ყოველწლიურად 27 იანვარს მსოფლიოს მასშტაბით ხდებადა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჰოლოკოსტისა და მისი მემკვიდრეობის შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში მოხსენებები დაეთმო ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიცაა ჰოლოკოსტის სამართლებრივი ანალიზი, მისი გავლენა გენოციდის ცნების ჩამოყალიბებასა და საერთშორისო სამართლის განვითარებაზე, ასევე გენოციდის უარყოფისა და გამოხატვის თავისუფლების ურთიერთმიმართება, ჰოლოკოსტი, როგორც მოვლენა ომის დანაშაულიდან ტრამვულ დრამამდე, ჰოლოკოსტის გავლენა II მსოფლიო ომის შემგომ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა უფლებები: ნიურნბერგიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე, და სხვ. სპეციალური ყურადღება დაეთმო ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზს.

საერთაშორისო სამართლის დღეების აღნიშვნა რეგულარულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება თსუ-ში.


სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება