ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

დრონების გამოყენების პირველი პრაქტიკული კურსი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროექტის „განათლება დრონებისათვის“ (Educational for Drone) ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დრონების ლაბორატორია და ფაბლაბ-თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ახორციელებს დრონების გამოყენების პრაქტიკულ კურსს. 
პროექტში 9 ქვეყანა მონაწილეობს. ევროპელი პარტნიორების მეშვეობით საქართველოში, ბელორუსიაში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში დაარსდა დრონების ლაბორატორია, რომელიც თავის თავში გულისხმობს სამოქალაქო მიზნებისთვის დრონების ექსპლუატაციასა და მათი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიტიკას, დრონების აწყობასა და მოდიფიცირებას. ამ დროისთვის უნივერსიტეტის მიერ შეძენილია როგორც პროფესიონალური, ასევე პატარა დრონები. 
პროექტის მიზანია მსმენელმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს დრონების მეშვეობით ინფორმაციის მიღების პრაქტიკული გამოცდილება და სპეციალური სოფტების მეშვეობით შეძლოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკა, თავად ააწყოს და ამუშაოს აპარატი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამმიიღოს ინფორმაცია, რომ დრონები ემსახურება არა მხოლოდ ფოტო-ვიდეოგადაღებას, არამედ გააჩნია უამრავი სხვა შესაძლებლობა,  გამოიყენება აგრარულ და სამხედრო სფეროებში, მელიორაციაში, სატყეო და აზომვითი ნახაზების შემუშავებასა და მრავალ სხვა ასპექტში. 
პირველი კურსის ფარგლებში, რომელიც არის სრულიად უფასო, მიიღება 20 აპლიკანტი და მათ ტრენინგებს ჩაუტარებენ როგორც თსუ-ს, ისე ილიაუნის წარმომადგენლები. მომდევნო კურსები გახდება ფასიანი. კურსის ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა მოიფიქრონ რა სტარტაპს ან რა მცირე ბიზნესს შეიძლება დაუკავშირონ დრონის გამოყენება.  აპლიკანტების მიღება  მოხდება განაცხადების გადარჩევის შედეგად და მინიმალურ კომპეტენციად განისაზღვრება საბაზისო ცოდნა აღნიშნულ სფეროში. მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ არა მხოლოდ თსუ სტუდენტებს, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს შესარჩევი კომისიის მოთხოვნებს. კურსის ხანგრძლივობაა 10 დღე და მისი დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს.
დრონების გამოყენების პრაქტიკულ კურსს ანალოგი არ გააჩნია და იგი პირველად ტარდება საქართველოში. თსუ პირველია ვისაც განათლების სისტემაში  შემოაქვს მსგავსი ტიპის კურსები. პროექტის დასრულების შემდეგ აპარატურა რჩება თსუ-ს ბაზაზე და მოდერატორად განისაზღვრება ფაბლაბ-თსუ.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება