ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თსუ-ში კონფერენცია ჩატარდა

ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რომელიც 2001 წლიდან, ყოველწლიურად მსოფლიოს ასზე მეტ სახელმწიფოში აღინიშნება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის ოცამდე სტუდენტმა, თავისუფალი უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევარებმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან, საქართველოს გაეროს ასოციაციის ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამიდან, ასევე, დარგის წამყვანმა პრაქტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
 
ლტოლვილთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტებისა და მასზე დაფუძნებით შექმნილი პრაქტიკის შესახებ მიმდინარე დებატები, შემდეგი ძირითადი მიმართულებების ირგვლივ განვითარდა:
•თავშესაფრის ძიებისა და ლტოლვილის სტატუსის სამართლებრივი ასპექტები მიგრაციის სამართლის ჭრილში
•თავშესაფრის მაძიებელი ქალებისა და ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებები
•თავშესაფრის ძიება და ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
•მიგრაციის აქტუალური პრობლემები და ევროკავშირის სტანდარტები
•იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები მიგრაციის სამართლის ჭრილში

კონფერენციის ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა კონკრეტული მიმართულებების ირგვლივ წარმოადგინეს დარგის მიმომხილველი პოზიციები, რითაც მყარი საფუძველი შექმნეს დისკუსიისთვის და თავის მხრივ საშუალება მისცეს აუდიტორიას ერთიან სტრუქტურირებულ კონტექსტში განეხილა კონკრეტული მოხსენებები. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი პოზიცია იძლეოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიის გაგრძელების შესაძლებლობას.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, მათ შორის მოხდა ხუთი საუკეთესო მომხსენებლის გამოვლენა. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი საკითხების ანალიზისა და გამოვლენილი უნარების საფუძველზე, ოთხ სტუდენტს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირება შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების კვლევა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე. საქართველოში კი მიგრაციის მართვის მხრივ ცოდნის დაგროვება მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება