ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ-ში ტრეფიკინგის, თავშესაფრის და მიგრაციის თემებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

30 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), თავშესაფრისა და მიგრაციის თემაზე მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია ორგანიზებული იყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ და მიეძღვნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლისთავსა და ივნისში აღნიშნულ ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს. კონფერენცია მიზნად ისახავდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის, ასევე თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროების გარშემო აკადემიური დებატის წახალისებასა და სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი წლების განმავლობაში ხელს უწყობს ტრეფიკინგის, თავშესაფრის და მიგრაციის თემებზე სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითიც აღნიშნული კონფერენციაა.

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებდა სხვადასხვა თემატური პანელების ფარგლებში როგორც სტუდენტების პრეზენტაციებს, ასევე მოწვეული სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოსვლებს. კერძოდ დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიგრანტთა ინტეგრაციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში სახელმწიფოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე. ამასთანავე მოხსენებები გააკეთეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრისა და საქართველოს გაერო-ს ასოციაციის წარმომადგენლებმაც.

კონფერენციის მონაწილებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა, პროფ. ლევან ალექსიძემ, რომელმაც ისაუბრა საკონფრენციო თემატიკის მრავალფეროვნებაზე და ამ სფეროში სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა, თსუ-ს საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კვლევითი და სასწავლო ცენტრის დირექტორი პროფ. ქეთევან ხუციშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება თსუ-ში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ლტოლვილთა სამართლისა და მიგრაციის სამართლის დამოუკიდებელ დისციპლინებად სწავლება. მასვე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევების დანერგვასა და განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ პროფ. ხუციშვილი 2014-2017 წლებში იკავებდა გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას, ამასთანავე იგი გახლავთ ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) საკონტაქტო პირი საქართველოსთან.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის 30-ზე მეტმა სტუდენტმა, რომელთა გამოსვლის ფარგლებში, მათი ნაშრომების ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არასრულწლოვანთა ჩაბმა ანტი-საზოგადოებრივ ქმედებაში, როგორც ტრეფიკინგი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ, ტრეფიკინგი ონლაინ სივრცეში, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა სტატისტიკა, მიგრაციული ტენდენციები და სხვა.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ასევე გამოვლინდა სამი საუკეთესო მომხსენებელი, თსუ-ს საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ლილე პირველი, ნინო ცაგარეიშვილი და ალექსანდრე მერკვილაძე.



სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება