ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

ორი დღე, ერთი ღამე და მთელი ამბავი

ბევრი წლის წინ, როდესაც საბერძნეთის ვიზა პირველად მივიღე და წავედი, ათენის აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალ გზაზე რომ ხვლიკისფერი ბორცვებია, იქიდან დაიწყო ჩემთვის ევროპაც და ნამდვილი, ტკბილი ცხოვრებაც. მერე კი მექცა საბერძნეთი მეორე სამშობლოდ, მაგრამ მაშინ მეგონა, პარალელურ რეალობაში გადავინაცვლე, ყველაზე ფერადსა და ჯადოსნურში. ასეც იყო.

სულ ვამბობ, რომ სამყაროს ყველაზე მაგარი თვისება მისი კანონზომიერებაა: ვიზალიბერალიზაციის პირველსავე დღეს, პირველი ევროპული ქალაქი, რომელსაც ვესტუმრე, ჩემი ათენი იყო. ეს ამბავი კი ასე დაიწყო:

მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო პელოპონესის ნახევარკუნძულით შემოიფარგლებოდა, ამ სამყაროსთვის კი სამად სამი კონტინენტი არსებობდა - ევროპა, აზია და აფრიკა, ერთმა ცნობისმოყვარე კაცმა, სახელად ანაქსიმანდრემ, ალბათ თავისთვის, სალაღობოდ, ევროპის საზღვრების განსაზღვრა მოინდომა, აღმოსავლეთ საზღვრად მდინარე ფაზისი დაასახელა და დარწმუნებული ვარ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ეს ფრაზა საუკუნეების განმავლობაში ბედისწერად ექცეოდა ხალხს, რომელიც ამ მდინარის მიდამოებში ცხოვრობდა.

ერთხელ ჩემმა ერთმა ბერძენმა მეგობარმა, მისი აზრით, უნიკალური აღმოჩენა გააკეთა, რაშიც, მგონი, ჭიქა უზოს დამსახურება მეტი იყო, ვიდრე მისი მართლაც შესაშური ინტელექტისა. უცებ განდობილის სახით შემომხედა - იცი, მე მივხვდი, რომ ქართველებს და ბერძნებს რაღაც სხვანაირად გვიყვარს ერთმანეთი, საბედისწეროდო. მერე ჩაფიქრდა და კითხვის ნიშნები აუკიაფდა თვალებში, მივხვდი რისი გაგებაც სურდა... ნეტავ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი - ამოვიკითხე მის თვალებში. რასაც ვუპასუხებდი, ყველა ქართველი ადვილად მიხვდება - მედეადან, რაღა თქმა უნდა, მედეადან!

ათენის აეროპორტში ჩასულს, საქართველოსა და საბერძნეთის დროშები რომ შემომხვდა პირველივე ხედად, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ რაღაც დიდის, ენით აღუწერელი მნიშვნელობის მოვლენის მონაწილე ვიყავი - ბერძნულ-ქართული სიყვარულის ისტორიული აღორძინების მონაწილე. ამაში ათენის გადაკეტილმა ქუჩებმა კიდევ მეტად დამარწმუნა. მივდიოდით ქართველი ელინისტები საპატიო მსვლელობით ათენისკენ და გვახსენდებოდა, პირველად, ერთად რა გზით ჩავაღწიეთ ჩვენთვის აღთქმულ მიწაზე ამ ათიოდე წლის წინ - ავტობუსით, ორდღიანი, გამანადგურებელი მოგზაურობის შემდეგ, რომელიც უხვად იყო გაჯერებული საბერძნეთისკენ დაძრული ჩვენი თანამგზავრების შიშით საზღვრის გადალახვისას მოსალოდნელი საფრთხის გამო და ამ ამბით გამოწვეული ტკივილით. ათენში ჩასულებმა აკროპოლისს რომ მოვკარით თვალი, იქ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. თუმცა მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ჩვენ და ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეები ყოველგვარი ბარიერის და შიშის გარეშე გადავკვეთდით საზღვარს, რომელიც იმხანად სეზამის კარზედაც უფრო რთულად გასახსნელი გვეჩვენებოდა.

მაგრამ მოდით, მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას და სულ თავიდან დავიწყოთ:
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისულს ბევრი ნაცნობი, ბევრიც კი უცნობი სახე შემომხვდა - თუმცა ყველა მათგანს რაღაც ამოუხსნელი, მაგრამ სრულიად თავდაჯერებული სიხარული დაჰფენოდა და სწორედ ეს განწყობა იყო, მთელ ორ დღესა და ერთ ღამეს ყველა ჩვენგანს რომ აერთიანებდა და აძლიერებდა. დელეგაციის წევრების მრავალფეროვნების შესახებ ბევრი ითქვა: ის, რომ დელეგაციის მთავარი წევრები სტუდენტები, მეცნიერები, ახალგაზრდა, მოტივირებული და წარმატებული მეწარმეები იყვნენ და არა პოლიტიკოსები, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მე ნაკლებად ვცნობ პოლიტიკოსებს. ეგ კი არა, ჩამოსვლისას აღმოვაჩინე, რომ ის გულღია ადამიანები, რომლებთან ერთადაც სიხარულს ვიზიარებდით, გულიანად ვიცინოდით, მნიშვნელოვან და უმნიშვნელო საკითხებზე ვმსჯელობდით, თურმე პარლამენტარები და მინისტრები ყოფილან და თან საკმაოდ ცნობილებიც. ეს ადამიანები უპირობოდ რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მე სწორედ იმ ახალგაზრდებმა მომხიბლეს ყველაზე მეტად, რომელთა საქმიანობის შესახებაც ბევრმა ალბათ არ იცის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ამ გოგოებსა და ბიჭებზე და მათ წარმატებაზე მთელი საქართველო და ვინ იცის, ეგებ მთელი მსოფლიოც კი ალაპარაკდეს.

დელეგაციის წევრთა შორის ჩვენ გარდა, ვინც ქართული კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის ახალგაზრდა წარმომადგენელთა სტატუსით აღმოვჩნდით, ჩვენგან და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებიც იყვნენ: მათ შორის, ერთი გოგონა, სულ რაღაც 22 წლისა, რომელიც გარდა ინტელექტისა, იმითაც გამოირჩევა, რომ პირველი და ალბათ ყველაზე ახალგაზრდა მეღვინე ქალია ჩვენ ქვეყანაში, მისი წარმოებული პროდუქცია კი კარგა ხანია, საქართველოს საზღვრებს გასცდა; სრულიად არაჩვეულებრივი სტარტაპერები - რომლებსაც გაოგნებულები ვუსმენდით, როდესაც ისეთივე აღტაცებითა და შთაგონებით გვიხსნიდნენ ნაირნაირი თამაშების, სამშენებლო მასალების ფასების კვლევისა თუ სოფლის მეურნეობის სიკეთეების, ჯანსაღი პროდუქტების  წარმოების, ჰიდროპონიკისა თუ სხვა მაღალი ტექნოლოგიების შესახებ, როგორი აღტკინებაც ჩვენ, ფილოლოგებს, ოდენ ილიადა-ოდისეაზე საუბრის საკადრის განწყობად თუ გვესახებოდა აქამდე. ჩვენთან ერთად იყვნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელშეწყობით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ქართველი ახალგაზრდები, რომელთა ნიჭი და ენერგია, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ საუკეთესო მომავლის გარანტია. ჩვენთან ერთად იყვნენ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები კონფლიქტური ზონებიდან, რომლებსაც ზუსტად ვიცი, სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, რადგან ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ ასეთი ადამიანების მაგალითი გაარღვევს მავთულხლართებს, მოშლის პირობით საზღვრებსა და სხვა ხელოვნურ ბარიერებს და ჩვენიანებს ჩვენთან დააბრუნებს. ჩვენთან ერთად იყვნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად შეახსენებენ, რომ ჩვენი მთავარი ძალა ჩვენივე ჰარმონიული მრავალფეროვნებაა, რომ ამის გარეშე ქართული კულტურა არ არსებობს, რომ იმ მრავალ საამაყო ნიშანთა შორის, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას გამოარჩევს, ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე საამაყო ნიშანი სწორედაც რომ ეთნიკური მრავალფეროვნების წიაღში აღმოცენებული ყოველდღიურობაა - სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დაფუძნებული. ამ ყოველივეს ვიღაც ევროპულ ღირებულებებს უწოდებს, ჩვენ კი კარგად ვიცით, რომ ეს ამავდროულად, ნამდვილი, ქართული ღირებულებებია, რომ სწორედ ესაა ჩვენი ტრადიცია.

მათთან ერთად ვიყავით ჩვენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ-დოქტორანტები, რომლებსაც გარდა საერთო სასწავლო-სამეცნიერო სივრცისა, ერთმანეთთან და დანარჩენ სამყაროსთანაც ერთი დიდი სიყვარული გვაერთიანებს - ბერძნულ-რომაული ენებისა და ცივილიზაციის გადამდები სიყვარული. ეს სიყვარული რომ მართლაც გადამდებია, ჩვენმა თანამგზავრებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, როდესაც აკროპოლისის მშვენიერებით მოხიბლულებს საბერძნეთის კიდევ ერთხელ და უკეთ შეცნობის სურვილი გაუჩნდათ.

და რაღა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და ქართული ლიტერატურის შემოქმედნი, რომლებსაც გარდა მათი თანდაყოლილი მისიისა, იმ კონკრეტულ დღეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მისიაც ჰქონდათ - კიდევ ერთხელ უნდა წარმოეჩინათ, თუ რა გზა განვლო ჩვენმა ქვეყანამ საიმისოდ, რომ აი, იმ ევროპიდან, ზემოხსენებული ანაქსიმანდრე საზღვარს მდინარე ფაზისთან რომ უდებდა, კვლავ თავის ისტორიულ სივრცეში - ევროპაში დაბრუნებულიყო.

შეუძლებელია, იჯდე კაპოდისტრიას სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის მთავარ დარბაზში, მასპინძლად გხვდებოდნენ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები, შენი მეგობრები, რომლებთანაც სტუდენტობის პირველი და დაუვიწყარი წლები გაკავშირებს, უსმენდე ათენის უნივერსიტეტის რექტორი ქართველ წარმატებულ ელინისტთა მაგალითად როგორ ასახელებს შენი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელს, რომელიც რამდენიმე წუთში მთელ დარბაზს აუჩუყებს გულს თავისი უნაკლო ბერძნულით, ისმენდე, როგორი გულწრფელობით გილოცავენ ბერძენი მეცნიერები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას და არ ფიქრობდე, რომ დიდი კი არა, უდიდესი მოვლენის მონაწილე ხარ და ალბათ, მაინც ძველი ბერძენი ღმერთების ამბავია, ასეთი იღბლიანი რომ აღმოჩნდი.

ათენის აკროპოლისზე მე აქ ვერაფერს ვიტყვი. უფრო სწორად, აჯობებს, არაფერი ვთქვა, თორემ ტომების წაკითხვა მოუწევთ ჩემს მკითხველებს. მხოლოდ იმას დავძენ, რომ თუ სადმე უნდა დაედგათ ფეხი ევროპაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებს პირველად, სწორედ აკროპოლისზე, იმ ადგილას, რომლის მიდამოებშიც იმ ღირებულებებს მიეცათ ფორმა, რომლითაც დღეს ჩვენც და მთელი მსოფლიოც ამაყობს.

მივდიოდით ათენიდან და ვფიქრობდი: დიახ, ასეთები არიან ბერძნები - მათ ყველაზე კარგად იციან ისტორიულ გარემოებათა გამოისობით შელახული ღირსების აღდგენის მნიშვნელობა, მათ ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს და ჩვენი ვიზიტი მათთვის, საკუთარი უახლოესი წარსულის ერთგვარი შეხსენებაც იყო. მათ ისიც კარგად იციან, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ყოველთვის უფრო მეტი ვიყავით, ვიდრე უბრალოდ მეზობლები: ისინი იყვნენ ჩვენთვის ფანჯარა  - დასავლეთისკენ, ჩვენ მათთვის - აღმოსავლეთისკენ, ჩვენ ერთმანეთის თავშესაფარიც ვყოფილვართ და ნამდვილი სახლიც, და შეუძლებელია, არ დავეთანხმო ჩემ ზემოხსენებულ მეგობარს, ამ ათიოდე წლის წინ რომ მიმტკიცებდა, ქართველებს და ბერძნებს სხვანაირად გვიყვარს ერთმანეთი, საბედისწეროდო. დიახ, ყველაზე ნამდვილ და კანონზომიერ ამბებს ბედისწერა წერს. ბედისწერამვე დაგვიწერა, 2017 წლის 28 მარტს, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ქართველებისთვის პირველად სწორედაც რომ ბერძნებს ემასპინძლათ.

ათენიდან დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა. ლამაზი ქალაქია ბრიუსელი. მნიშვნელოვანი რომაა, ეს თავისთავად ცხადია. ბრიუსელში სეირნობა ერთი სიამოვნებაა, მითუმეტეს, თუ გზად აუცილებლად შეხვდები შენთვის თითქმის მშობლიურ ლათინურ წარწერებს, ბერძნულ ბარელიეფებსა და ისტორიით გაჯერებულ არქიტექტურას. ბრიუსელი რომ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქია, ესეც ყველამ იცის, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის - ბრიუსელმა კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობა შეიძინა: ბრიუსელი აღმოჩნდა ქალაქი, რომელშიც ჩვენ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ და ამ აღმოჩენის სიხარული პირადად მე მთელი ცხოვრების გზაზე გამყვება. ბრიუსელშივე აღმოვაჩინეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად მღეროდნენ, მხიარულობდნენ, ჩვენზე ზრუნავდნენ და რომლებსაც აქამდე მხოლოდ როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ისე ვიცნობდით ან საერთოდაც არ ვიცნობით, სრულიად ჩვეულებრივი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალიან კეთილშობილი ადამიანები ყოფილან. აქ ერთი ლათინური სენტენციის ოდნავ თავისუფალი რეცეფცია უნდა მოვიშველიო: რაღატომღაც, ჩვენთან ეგეთი ტრადიცია არსებობს - მთავრობაზე ან ცუდს ამბობენ, ან არაფერს. მე ალბათ შემეძლო არაფერი მეთქვა, მაგრამ მადლიერება ადამიანის ყველაზე გამორჩეული თვისება რომაა, ეს ახალი ამბავი არ არის. ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს, ისიც აღინიშნოს, რომ მრავალ აღმოჩენათა შორის სწორედ იმ ადამიანების ღირსებების აღმოჩენამ გამახარა ყველაზე მეტად, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის რეალობას განაპირობებენ. უნდა ვაღიარო, ვერაფრით ვიფიქრებდი, ქართულ პოლიტიკას ამდენი ღირსეული, სწორი ღირებულებების მქონე და საინტერესო ადამიანი თუ ქმნიდა. მართლაც რომ სასიამოვნო აღმოჩენების ქალაქი ყოფილა ბრიუსელი.

სამშობლოში დაბრუნებულებს ამ მოგზაურობამ სამი მთავარი საჩუქარი გამოგვაყოლა: ისტორიული სამართლიანობის აღდგენის განცდა, ერთმანეთის აღმოჩენის სიხარული და უკეთესი მომავლის იმედი, რასაც დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი საკუთარი საქმიანობით, თავდაჯერებულობითა და ურთიერთპატივისცემით რეალობად აქცევს, სწორედ იმ განწყობისა და შემართების კვალდაკვალ, რომელიც ბრიუსელმა ერთ-ერთ მონუმენტზე ამოტვიფრული ლათინური წარწერით კიდევ ერთხელ შეგვახსენა: SALUS PATRIAE SUPREMA LEX - სამშობლოს კეთილდღეობა უზენაესი კანონია!

თათია მთვარელიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
   



სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება