ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდიები თსუ სტუდენტებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (MA in European Studies) 10 სტუდენტს "კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი" სტიპენდიას დაუწესებს. ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 2020 წელს ჩარიცხულ მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ. სტიპენდიის დანიშვნისა და, ზოგადად, თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და "კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის" რეგიონულმა დირექტორმა თომას შრაპელმა.

თსუ  ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის თქმით,  "კონრად ადენაუერის სახელობის ფონდთან" ინსტიტუტი რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს. "ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის  მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი სასტიპენდიო პროგრამა,  ერთის მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოსთვის ევროკავშირის შესახებ სწავლების პრიორიტეტულობას და მნიშვნელობას, ხოლო მეორეს მხრივ, განათლების სექტორში გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს, რაც  Covid 19 პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქებას ისახავს მიზნად," - აღნიშნა ნინო ლაპიაშვილმა.

"კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის" რეგიონული დირექტორის თომას შრაპელის თქმით, ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს დახმარება ევროკავშირთან დაახლოებაში. "საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. გვსურს როგორც ქართველი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სტუდენტების დახმარება სტიპენდიის სახით. ამით ჩვენ მხარს ვუჭერთ სტუდენტებს, მხარს ვუჭერთ ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას და, გარკვეულწილად, საქართველოსაც ევროპული მიმართულებით სვლაში ვუწყობთ ხელს," - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა (MA in European Studies) ევროკავშირის ფინანსური დახმარებით 2007 წელს შეიქმნა და კურსდამთავრებულთა დასაქმების  100%-იანი  მაჩვენებლი აქვს.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება