ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ შემუშავებულმა საერთაშორისო პროექტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფის (პროფ. მაია ივანიძე, პროფ. ნონა თოდუა, ასისტ.პროფ. ირინე ხერხეულიძე) მიერ შემუშავებულმა საერთაშორისო პროექტმა "ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები" შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევს პროფესორი მაია ივანიძე. ასევე, მასში მონაწილეობას იღებენ  საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერები.

პროექტის გერმანულ მხარეს წარმოადგენენ: გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის, ასევე საავტორო  სამართლის  მიმართულებით,  სამართლის დოქტორი ბერნდ ჰაინრიხი; იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლისა და  სისხლის საპროცესო სამართალის, ასევე ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართალის მიმართულებით ედვარდ შრამი და ამავე  კათედრის მკვლევარი ასისტენტი - ნადია მიულერი;  ასევე, პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი, რომელიც მოღვაწეობს როგორც იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის, ისე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსით.

პროგრამის მოკლე აღწერა და მიზნები: მას შემდეგ, რაც სათანადოდ დადგენილი წესითა და კრიტერიუმებით მოხდება მონაწილეთა შერჩევა, შერჩეული დაინტერესებული კონტინგენტისთვის თსუ-ს პროფესურისა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის (სასამართლო, პროკურატურა, შსს) წარმომადგენელთა მიერ ჩატარდება 5 დღიანი სეზონური სკოლა. სკოლის მსმენელებს ამ ტიპის ღონისძიებათა ციკლის დასრულების შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება. ტესტირებაში გამარჯვებული ახალგაზრდები კი ასევე მიწვეულ იქნებიან 2 დღიან  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად, რომელსაც ქართველ პროფესორებთან ერთად გერმანელი მეცნიერებიც წარუძღვებიან.

პროექტის მიზანია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდა, განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ჯგუფთან მიმართებაში, როგორიც ახალგაზრდა თაობა - სკოლის მოსწავლეები და სტუდენტობაა. ოჯახში ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას ერთგვარი პრევენციული მნიშვნელობაც აქვს, რაც სწორედ სკოლიდან უნდა დაიწყოს. სამწუხარო რეალობის გამოძახილია ის, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, არაერთი ბავშვი გამხდარა ოჯახური ძალადობის პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლი. ასეთ სიტუაციაში კი ისეთი მოწყვლადი კატეგორია, როგორიც ახალგაზრდები და მოზარდებია, მათი მომავალი ცხოვრების სტილის ჩამოყალიბების თვალსაზრისით გარკვეული რისკის ქვეშ დგას. ამიტომაც, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის  საკითხზე, რის შემდეგაც ისინი უფრო ეფექტუნარიანი იქნებიან როგორც საკუთარი, ისე სხვისი, საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, უკეთ შეძლებენ რისკების შეფასებას და პრობლემის მართვას, რამდენადაც სეზონური სკოლის ფარგლებში მათ მიეწოდებათ სათანადო ცოდნა არამხოლოდ პრობლემის სამართლებრივ და სოციალურ, არამედ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, მათ შორის როგორც მეცნიერი, ისე პრაქტიკოსი იურისტების და სხვა რელევანტური სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა მიერ.

საბოლოო ჯამში, პროექტის მიზანია, მის მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ოჯახური და გენდერული ძალადობის საკითხის ხედვისა და მისი გადაჭრის პრობლემაზე ორიენტირებული მიდგომა, რაც ახალ თაობას აღნიშნულ პრობლემატიკაზე სისხლის სამართლის პოლიტიკის ახლებურად და ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება.

პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება სკოლების მე-11, მე-12 კლასელთათვის, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია პროექტში მონაწილეობისა და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება