ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ONLINE ENVOY, თსუ დესპანები - ონლაინ-პლატფორმებზე

ONLINE ENVOY,  თსუ დესპანები - ონლაინ-პლატფორმებზე
22 აპრილი, 2020
დღეს, ეპიდემიის ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, რომელთაც პროფესიული არჩევანის გაკეთება უწევთ, უნივერსიტეტის, სტუდენტური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღება ონლაინ შეძლონ. სწორედ ამიტომ, თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ინიციატივით დაიწყო ახალი ინოვაციური პროექტი „Online ENVOY”.

პროექტი ეფუძნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტს  „თსუ დესპანი“. პროექტის ფარგლებში, უკვე 9 წლის განმავლობაში, თსუ სტუდენტები საკუთარი უნივერსიტეტის ელჩობას კისრულობდნენ და, საკუთარ სკოლებში ჩასულები, მოსწავლეებს სტუდენტურ გამოცდილებას უზიარებდნენ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარებოდნენ.

პროექტი „Online ENVOY” იზიარებს ამ მიზნებს და განსხვავდება მხოლოდ ჩატარების ფორმატით. ახალ პროექტში ჩართული არიან უკვე გამოცდილი და ახალი „თსუ დესპანები“. დღეს ჩვენ ერთ მათგანს წარმოგიდგენთ: თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტი ნათია კენჭიაშვილი წლებია თსუ-ს ელჩია. პროექტში პირველად 2013-2014 წლებში ჩაერთო.

- მაშინ პროექტი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე დესპანებს უნდა ჩაგვეტარებინა პრეზენტაცია ჩვენს მშობლიურ სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, ხოლო მეორე ეტაპზე იგივე აქტივობა უნდა განგვეხორციელებინა ჩვენს მშობლიურ მხარეში. მახსოვს, სკოლის დამთავრების შემდეგ პირველად ვესტუმრე ჩემს მშობლიურ სკოლას, სადაც 12 წელი ვისწავლე. ეს იყო დაუვიწყარი ემოცია. ვაცნობიერებდი, რომ მე უნდა ჩამეტარებინა პრეზენტაცია იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ცხოვრების, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე იყვნენ: მათ უნდა დაესრულებინათ სკოლა და, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დაეწყოთ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა. დესპანის ერთ-ერთი მოვალეობაა აბიტურიენტის გზამკვლევის ფუნქციის შესრულება პროფესიის არჩევასა და დაგეგმვაში. რა თქმა უნდა, ცალკე საკითხია ის გამოცდილება, რომელიც შევიძინე მოსწავლეებთან ურთიერთობით და, რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში, მოგვიწია სხვა დესპანებთან თანამშრომლობაც, რითაც ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე.

- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში და დესპანობის პროცესში „კოვიდ 19“-მა?

- ასეთი მასშტაბის ცვლილებები, რაც მოჰყვა კოვიდ 19-ის გავრცელებას, არასდროს მომხდარა. გარკვეულწილად შემაფერხა როგორც სწავლის, ისე სწავლების პროცესის თვალსაზრისით, თუმცა სწავლა არ შეჩერებულა და პროფესორის ასისტენტობის ფარგლებში კვლავ შევდივარ სტუდენტებთან ზუმსემინარებზე და ვაკეთებ ყველაფერს, რათა სწავლების პროცესი სრულფასოვნად წარიმართოს. უშუალოდ მეც, სწავლის ბოლო ეტაპზე ვარ. ცვლილებები შეეხო „თსუ დესპანსაც“. პროექტის 9-წლიანი არსებობის განმავლობაში დესპანებს ცოცხალი პრეზენტაციების ჩატარება უწევდათ, ხოლო წელს, პროექტ „„Online ENVOY”-ის ფარგლებში, რომელიც „თსუ დესპანის“ გამოცდილებას ეფუძნება, პირველად მოგვიხდა პრეზენტაციების დისტანციურად, Zoom-ის პროგრამით ჩატარება.

- რითი იყო განსხვავებული და გამორჩეული ჩატარებული ონლაინ შეხვედრა და პრეზენტაციები?

- „Online ENVOY”-ის ფარგლებში უკვე რამდენიმე პრეზენტაცია ჩავატარე და წელს აუდიტორია ძალზე მრავალფეროვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სკოლიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან და, გარდა ამისა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, განსხვავებით „თსუ დესპანის“ პროექტის მონაწილე მოსწავლეებისგან, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ. ამდენად, სანამ უშუალოდ პრეზენტაციაზე გადავალ ხოლმე, ვგებულობ მათ ინტერესებს და სწორედ ამას ვითვალისწინებთ უკვე პრეზენტაციის მსვლელობისას. ამიტომ არის, რომ პრეზენტაციები ერთმანეთს არასდროს ჰგავს არც განხილული საკითხების თემატიკით და არც ხანგრძლივობით.

პროექტის ფარგლებში მონაწილე მომხსენებლებზეა მთლიანად დამოკიდებული, პრეზენტაციის ჩატარებისთვის როგორ მოვემზადებით, რომელი სკოლიდან/სკოლებიდან მოვიზიდავთ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, რამდენკაციან აუდიტორიაში ჩავატარებთ, როგორ წარვმართავთ თვითონ პრეზენტაციას და ა.შ.

პროექტის შესახებ ვავრცელებ ინფორმაციას და, საწყის ეტაპზე, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე დავაინტერესო. ამისათვის ფბ-ჯგუფიც შევქმენი, რათა მოსწავლეებმა სხვა მოსწავლეები, თანაკლასელები, თანასკოლელები, ნათესავები, მეგობრები და ა.შ. ჩართონ და ამგვარი ქსელური პრინციპით, უკვე უამრავი მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი დაინტერესდა. უახლოეს პერიოდში კიდევ ვგეგმავ რამდენიმე პრეზენტაციის ჩატარებას.

- რა აინტერესებთ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად? რა კითხვები დასვეს და რა მიმართულებებით არიან დაინტერესებულები?

- კითხვები  არის ტრადიციული, ის, რაც თავის დროზე, ჩვენც გვაინტერესებდა, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდით. აბიტურიენტებს კვლავ აინტერესებთ, თუ რა არის კრედიტი? როგორ ხდება მობილობა? რამდენია სწავლის საფასური? კარგი ფაქტია, რომ აბიტურიენტების ნაწილს აქედანვე აინტერესებს Erasmus-ის პროგრამების შესახებ, უნდათ გაიგონ რა პროცედურების გავლა უწევს სტუდენტს, რათა მიიღოს მონაწილეობა რომელიმე მსგავს პროგრამაში. ვფიქრობ, საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესება ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში მისასალმებელი ფაქტია.

- საფაკულტეტო მიმართულებების გარდა, რა ტენდენციები არის აბიტურიენტებში - რისი მიღება სურთ კიდევ უნივერსიტეტისგან?

- გარდა საფაკულტეტო პროგრამებისა, აბიტურიენტებს აინტერესებთ პროფესიული პროგრამები, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ვფიქრობ, კარგი ტენდენციაა.

ახალგაზრდებს, რომლებიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასში არიან, ყველაზე მეტად აინტერესებთ ის, თუ რა შეიცვლება მათ ცხოვრებაში უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში. მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლე დაინტერესებული იყო ISET-ში სწავლით, უნდოდა მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა მისი ფავორიტი სასწავლებლის შესახებ და თსუ „Online ENVOY”-ის პროექტში ჩართვით მას შესაძლებლობა მიეცა მიეღო მეტი ინფორმაცია ამ მიმართულებით. ვფიქრობ, პროექტი მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა, მით უმეტეს დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.




სხვა სტატიები »