ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა", ანი გიგაშვილი, "ამბავი მიტოვებულთა"

"შემოდგომის ლეგენდა", ანი გიგაშვილი, "ამბავი მიტოვებულთა"
7 აპრილი, 2020


ამბავი მიტოვებულთა

იკენე


ჩვენკენ ჩუმად იცოდნენ ტირილი. წასვლაც ჩუმად იცოდნენ. აი ასე, ღამით ჩაალაგებდნენ ბარგს და წავიდოდნენ. ერთ წერილსაც არ ტოვებდნენ. ხო და ბოლოს კი დარჩა სამი ოჯახი. ბებიაჩემი ყოველ დილით ჭიშკართან იჯდა, ელოდებოდა რომელიმე დღის შუქზე წასვლას თუ გაბედავდა.
ჩვენკენ მიტოვებულმა სახლებმა იმატა.
ერთ დღეს იკენე გამოჩნდა, ჩაბნელებულ ორღობეში, ცეცხლისფერთმიანი იკენე.
რა მეგონა რომ სიცოცხლისგან მიტოვებულ სოფელში ვინმე ფეხს დაადგამდა, ბებიაჩემიც, რომელიც სულ რაღაცის მოლოდინში იყო, ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. და ასე, ერთ წვიმიან დღეს იკენეც გამოჩნდა.
უცნაური გოგო იყო, ეგეთი გიჟი მე არავინ მინახავს ჩემს ცხოვრებაში. დიდად ლაპარაკი არ უყვარდა, ერთს ამოგხედავდა, წარბებს ქვემოდან და ეგ იყო. აბა სულ მაგის ჩიტი იყო შენთვის ახსნა-განმარტებები დაეწყო. დებილი ხარო მეუბნებოდა, რასაც გეტყვი ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროო. მეც კაი დებილი ვიყავი, აბა ვინ დაიჯერებდა რომ იკენე ძველბერძნულად „დაწყევლილ მიწას“ ნიშნავს და ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა ბებიასთან ერთად რომ ჯოჯოხეთის ანგელოზებს გაქცეოდა. თქვენ ხომ არ დაიჯერებდით, აი მე კი დავიჯერე, იმიტომ რომ დებილი ვარ.
რა უნდა გვეკეთებინა ახლა უკვე მთელ ოთხოჯახიან სოფელში. ხო და იკენე ჩამავლებდა ხელს და თავქუდმოგლეჯილი მიტოვებული სახლების დასათვალიერებლად წამიყვანდა. ეგრე იცოდა, ხელს ჩაგკიდებდა და გარბოდა, აბა ერთი კაი ბიჭი ყოფილიყავი და ვერ დაწეოდი. გეუბნებით, ეგეთი გიჟი მე არსად მინახავს. ეზოში რომ შევიდოდით, ხელს მიშვებდა, მე ენაგადმოგდებული ვქოშინებდი, ეგ კიდე, მაგიჟებდა, სუნთქვაც კი არ უხშირდებოდა. წავიდოდა წინ, მე კიდე უკან მივყვებოდი და ბრძანებებს ვემორჩილებოდი. ფეხისწვერებზე დგებოდა და ისე შედიოდა სახლში, სახლს თავის აჩრდილები ყავს და არ უნდა შეაწუხოო. ცოტა ვერ იყო რა საღ აზრზე. ერთი შეხედვით თითქოს ამ სახლიდან არც არავინ წასულა. ავეჯი, სურათები, ქოთანში დარჩენილი და ჩამომხმარი მინდვრის ყვავილები, ისე მართლა ლამაზი მინდვრის ყვავილები იცის ჩვენკენ. ერთი კი ეტყობოდა - სწრაფ-სწრაფად ჩაალაგეს ნივთები. თითქოს ომის დროს გარბოდნენ. სად ეჩქარებოდათ, სად გარბოდნენ ამდენი მოგონება რომ უკან მოიტოვეს, ერთი სურათიც არ იყო ჩამოხსნილი კედლიდან. შენ დებილი ხარო მეტყოდა იკენე, მაგ სურათებს გაექცნენო და მაგასაც ვერ ხვდებიო. კაი ხო, ვერ ვხვდები-თქო, რას ვეტყოდი, ეგ ისეთი იყო არ უნდა შეწინააღმდეგებოდი.
კი სულ მლანძღავდა, მაგრამ რომ იცოდა ვაშლის ნამცხვარი მიყვარდა, სულ მიყოფდა თავის წილს. ეგეთი იყო რა, გამოგლანძღავდა, მერე ვაშლის ნამცხვარს მოგცემდა და კაი რა იყო, ხომ არ გეწყინაო. რაღას ვეტყოდი, რომც მეთქვა რა, აბა სულ მაგის ჩიტი იყო ჩემთვის მოესმინა.
რამდენიმე თვეში იკენე აღარ მოსულა, ალბათ მაგათმაც ჩუმად ჩაალაგეს და წავიდნენ. მაგ დღეს მივხვდი რატომაც იჯდა ბებიაჩემი ჭიშკართან. მე არ დავჯექი, იკენეზე ძლიერი როგორ არ ვართქო გავიფიქრე და ეგ იყო.


ბაბო
ბებიაჩემს არ მოწონდა მიტოვებულ სახლებში ჩემი ხეტიალის იდეა. ბაბო გენაცვალოს, ხალხი რომ ეგრე ჩუმად ადგება და წავა, ისე რომ არაფერს გეტყვის, ესე იგი დიდად არც უნდათ გაგაგებინონ რატო მიდიანო და შენც არ უნდა ჩაერიო მაგ ამბავშიო. ერთ დღეს შენც მოგინდება ჩემგან წასვლა და მიხვდები მაგდენსო. არ მომინდება, ნუ ამეტებ-მეთქი, მაგრამ ბებიაჩემი ისეთი ქალი იყო რაღაცას რომ იტყოდა, ვერ გადაათქმევინებდი.
დედაჩემის გარდაცვალების მერე ბებიაჩემი უცებ დაბერდა. ჩემთან როგორ შეიმჩნევდა, მაგრამ ვხვდებოდი ჩემი დანახვაც მის ლალაჩკას ახსენებდა. ზამთარში ადიელაში გახვეულ ცხელ ტაფას შემომიდებდა ფეხებ ქვეშ, საბანს შემომიკეცავდა, ბაბო გენაცვალოსო დააყოლებდა და წავიდოდა დასაძინებლად. თავს დავდებ თვითონ საკუჭნაოში, ცივ იატაკზე იძინებდა და ეგრე ელოდებოდა სიკვდილს. ზინა ის ქალი არ იყო, ამდგარიყო და თავი მოეკლა, მე ეგრე ვერ დამტოვებდა, მაგრამ ის ქალიც აღარ იყო - სიცოცხლე ნდომებოდა. მისი ლალაჩკას გარდაცვალების შემდეგ სულ ეგრე იყო, სევდიანი და დაღლილი გამოხედვა ჰქონდა. დედაჩემს სიკვდილს ბებიაჩემის გამო ვერ ვპატიობ, თორე ისე არც კი მახსოვს როგორი იყო თვითონ.
იკენეს წასვლის მერე მეც ეგეთი, სევდიანი გავხდი.
18 წლის ვიყავი უკვე ზინამ წინა ღამით ჩალაგებული ბარგი რომ გამომიტანა, შენი დრო მოვიდა, უნდა წახვიდე და აქ ნუ დაბრუნდებიო. კითხვები არ დამისვამს, მივხვდი ჩემი წასვლის კი არა, ზინას წასვლის დრო იყო, უბრალოდ ეგ ის ქალი არ იყო ჩემ თვალწინ მომკვდარიყო. მეც ავდექი და წამოვედი, რაღას ვეტყოდი.
იკენეს სახლს რომ ჩამოვუარე ცდუნებას ვერ გავუძელი, იმედი მქონდა მოგონებებს ეგეც მოიტოვებდა ზურგს უკან, ან სახლის აჩრდილებს მაინც დატოვებდა. ფეხისწვერებზე დამდგარი შევედი სახლში. ეტყობოდა ბარგის ჩალაგებაზე არ უჩქარიათ. ოთახის კედელზე ერთი წარწერა კი მაინც იყო შემორჩენილი: „იკენე ძველბერძნული სიტყვაა და „დაწყევლილ მიწას“ ნიშნავს.“ ახლაც დამცინოდა. მეც კაი დებილი ვიყავი ეს რომ დავიჯერე. აბა იკენე სულ მაგის ჩიტი იყო ეგეთი საიდუმლო ინფორმაცია გაეთქვა.


სხვა სტატიები »