ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"რეტულიტი", დავით ბებიაშვილი-"მანკიერების მუზეუმი"

"რეტულიტი", დავით ბებიაშვილი-"მანკიერების მუზეუმი"
7 აპრილი, 2020
მანკიერების მუზეუმი 


რამდენიმე წლის წინ უბრალო თბილისელ კაცს მხოლოდ სამი წყარო გააჩნდა თურქულად სიამოვნების მიღებისა. პირველი, რა თქმა უნდა, მაგრად მოხარშული თურქული ყავაა, მეორე ლავაშში მაგრად გადახვეული შაურმა, აი, მესამე კი, მაგრად ამორტყმული თურქული ნაფაზი, წინა ორს რომ მოუხდება დესერტად. არც თუ დიდი ხნის წინ მეოთხეც გახდა ხელმისაწვდომი -  ფამუქი თარგმნეს.  ხოდა, იმ დროინდელ ამბავს ვყვები, როცა მეც წითელი მერქვა და ჯევდეთ ბეის რკინაკავეულის მაღაზიასაც ხშირად ვსტუმრობდი. წიგნებზე საუბრისას სულ ფამუქი მეკერა პირზე და თოვლის ყოველ დანახვაზე ერთ დროს ჩვენი ყარსი მახსენდებოდა. აი, ასეთ პერიოდში შევხვდი ფამუქს, აქ, თბილისში; არც მეტი არც ნაკლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის საპირფარეშოში.
ლექცია დასრულდა თუ არა, აუდიტორიიდან პირდაპირ მესამე სართულის საპირფარეშოს მივაშურე მოსაწევად. როგორც წესი, იქაურობის დანიშნულებისამებრ გამომყენებელი თუ არა სიგარეტის მწეველი მაინც ყოველთვის დგას ხოლმე , მაგრამ მაშინ მარტო აღმოვჩნდი. კაბინებიდანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მე ჩემი მძიმე ყავისფერი ტყავის ჩანთა მოვიხსენი, რაფაზე შემოვაგდე და სიგარეტით ხელში დავიწყე "ფანჯრიდან ყურება". ვუყურებ, როგორ ინგრევა ლეჩკომბინატის შენობა... 
ორიოდ წუთში კაბინის კარის ხმა მომესმა. ვტრიალდები და ვხედავ, იქიდან შავი კეისით ხელში როგორ გამოდის თავად 2006 წლის ნობელიანტი. ორჰან ფამუქი ქართულად მესალმება და ღიმილით მიდის ონკანის მოსაშვებად. რა უნდა იფიქროს კაცმა?! პირველად სიგარეტის ღერი შევათვალიერე, ვაი და სულ სხვა რამეს ვეწევი-მეთქი. ნუთუ თსუ-ს მეორე კორპუსი ის  "თეთრი ციხესიმაგრეა", ავტორი კი "მამაჩემის ჩემოდნით" გამომეცხადა? ისე, თურქეთის საელჩო აქვეა; იქნებ იმავე ვიზიტით გამოგზავნეს თბილისში, რის გამოც კა ყარსში?.. ან საერთოდაც,  რომელიმე გამომცემლობა ჩამოიყვანდა და, ალბათ, აქაც წააკითხეს რაიმე ლექცია.. რაც შეეხება ქართულ მოსალმებას, ამ ერთ სიტყვას ყველა უცხოელი მარტივად იმახსოვრებს, რაღა ეს დაიბამდა ენას. ყველაფერი გადაწყვეტილია - ჩემ წინ ფამუქი ხელებს იბანს. ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა თავში. მერე მაშინვე ის გამახსენდა,1957-ში როგორ გადააწყდა მარკესი პარიზში, სენ-მიშელის ბულვარზე მოსეირნე  ჰემინგუეის. იმისავით დაბნეული ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. ვიფიქრე, გასვლისას ფამუქს მეც ტარზანივით შევძახებდი - „მა-ეე-სტრ-ოო“, ის კი, ჰემინგუეის მსგავსად, ღიმილით მომაძახებდა - "adios, amigo" და მოგვიანებით  ჩემსავით დაწერდა ამ ისტორიაზე...
ამ ფიქრებს ხაზი მალევე გადაესვა, როცა ხელების მშრალებისას ღიმილით მომიტრიალდა  და გამართული ქართულით გამომკითხა ჩემი ჩანთის სადაურობა..
 მანკიერების მუზეუმის ფანჯრიდან ვიყურებოდით და დეტალურად განვიხილავდით ჩანთის უმწიკვლობას. თან ჩიოდა, რომ ასეთ ნივთებში არასდროს უმართლებდა. იმაში კი არც ერთს არ გაგვიმართლა, ის რომ ფამუქი არ აღმოჩნდა, თორემ ეს ტყავის ჩანთა ნამდვილად იქვე შეიცვლიდა პატრონს.
ეს იყო და ეს.. 
მეორე ღერი სულ თურქული ნაფაზებით მოვახრჩე.
იმ დღეს უნივერსიტეტიდან გასვლისას კიბის ეფექტმა მიწია. ვნანობდი, უნდა მეთქვა, ვისაც ვამსგავსებდი და სამახსოვრო ფოტოც გადამეღო. 
მას მერე კიდევ არაერთხელ გადავეყარე ქართველ ფამუქს თსუ-ის დერეფნებში. როგორც აღმოჩნდა , აქაური ლექტორი ყოფილა და ისიც ხშირად დააბიჯებს მანკიერების მუზეუმში. 
მარკესი წერს, რომ ჰემინგუეისთან იმ ერთადერთმა შეხვედრამ სამუდამო განცდა დაუტოვა იმისა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შემთხვევა ქვეცნობიერის სულელური ახირების მეტი არფერი იყო, იმ მნიშვნელოვნების წუთიერი განცდა მაინც იმავე განცდად დარჩა. Adios, amigo!

დავით ბებიაშვილი
"რეტულიტი"
სხვა სტატიები »