ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა", თამუნა ჩქარეული, „რაკურსის ამბავი“

"შემოდგომის ლეგენდა", თამუნა ჩქარეული,  „რაკურსის ამბავი“
2 აპრილი, 2020
ივა ფეზუაშვილის წერილი
 
ერთმანეთს გავდნენ.
ყველა.
პირველმა რომ თავის თავი დახატა, მეორესაც მოუნდა.
დახატა.
შეხედეს ერთმანეთს და აღარ გავდნენ.
სხვებმაც ნახეს ნახატები და თავისი თავის ხატის შექმნა გადაწყვიტეს.
ხატეს ხატები. უყურებდნენ თავიანთ სახეს კედლებზე და ერთმანეთის სახეებზე.
აღარ გავდნენ ერთმანეთს.
არცერთი.
კედლებზე სახეები უყურებდნენ და გზებს უჩვენებდნენ.
პირველი რომ გზას დაადგა. მეორესაც მოუნდა.
წავიდა.
შეხედეს ერთმანეთს და შორი - შორს იდგნენ.
სხვებმაც ნახეს გზები და თავიანთი გზების გაკვალვა დაიწყეს.
გზებზე იარეს. უყურებდნენ თავიანთ გზას და შორს იყვნენ ერთმანეთისგან.
ძალიან შორს იყვნენ ერთმანეთისგან.
ყველა.


თამუნა ჩქარეული

„რაკურსის ამბავი“


დაიმახსოვრე, არსებობს მიზეზი, თუ რატომ უღებენ დამნაშავეებს ორ სურათს - პროფილსა და ანფასში. და კიდევ: არ არსებობს ორი სარკე, რომელიც ერთნაირად ირეკლავს.


 თავი პირველი

ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, ნათესაობა ისე შეესია მის სახლს, როგორც დამშეული თევზები პურის ნატეხს. სერვიზები ზოია დეიდამ წაიღო, წითელი ხის „ტუმბოჩკა“ ალეკომ და ლიამ (ბროლის ლარნაკიც მიაყოლეს, რომ „ტუმბოჩკა“ ნამეტანი ცარიელი არ გამოჩენილიყო), მაცივარი, ჭრიალა კარადა და სხვა უსარგებლო ნივთები სოფელში წაიღეს ანზორი ბიძიას სატვირთოთი. ამ ყველაფერს ისე ვუყურებდი, თითქოს შორს ვიდგე და დურბინდი მეჭიროს. წინააღმდეგობას არ ვუწევდი. თავს ვუქნევდი, ვეთანხმებოდი, დიახ, რა თქმა უნდა, როგორ გეკადრებათ, გმადლობთ... ვამბობდი ყველაფერს, რასაც დედაჩემი იტყოდა აქ რომ ყოფილიყო. სინამდვილეში კი შორს ვიდექი ჩემი დურბინდით და მახსენდებოდა რაღაც -  სტამბულის ტოპკაპის სასახლეში ნანახი მუჰამადის ნაწილები. ვიტრინის იქით, ოქროსფერ სადგამზე იდო მისი თმის ღერი. მაშინ ვიფიქრე, ალბათ რომ მოკვდა მოსიყვარულე მიმდევრებმა მისი გვამი ისე გაძიძგნეს, გაცივება არ აცალეს. მუჰამადის მადლი მთელ მსოფლიოს მოეფინა, ბაბუაჩემის ხსოვნა - სანათესაოს. ოღონდ ის კია, ბაბუაჩემი ათეისტი იყო და ნათესაობა ეზიზღებოდა.
    არც მე, არც ჩემს ძმას არ გვანაღვლებდა ძველი ნივთების ამბავი. მთავარი, ანუ ბინა, მაინც ჩვენ გვრჩებოდა. ბინა კარგი იყო, არასტანდარტული პროექტი. გაქირავებას ვუპირებდით. მაშინ ფული გაგვიჩნდებოდა და დედაც ჩამოვიდოდა თურქეთიდან.
    ნათესაობის ნაკადი რომ მიილია, ბინაში მარტო გახუნებული შპალერები დარჩა და რამდენიმე ნივთი, რომელიც ზედმეტად დიდი იყო ან არავის სჭირდებოდა. დარჩა დიდი სამნაწილიანი სარკეც. გასაკვირი არცაა რომ დარჩა, სარკე ხომ ყველას აქვს სახლში, თანაც ლამაზი, სწორი, თანამედროვე. აბაზანაში და გარდერობის კარებზე.
   ჩვენს სახლში კი დიდი სარკე არ იყო. ალაბათ უცნაურია, რომ ერთი შეხედვით ნორმალურ თბილისელ ოჯახს არა აქვს სარკე. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მარტო პატარ-პატარა სარკეები გვაქვს, სადაც ერთი-ორი წამით ჩავიხედებით ხოლმე, უბრალოდ ვამოწმებთ ყველაფერი რიგზე თუა. დიდი შესწორებებისთვის არსებობს დეიდაჩემის მახვილი თვალი. ისე, იმის მერე რაც დეიდაჩემი გათხოვდა და ძველებურად ხშირად აღარ გვსტუმრობს, მე და ჩემი ძმა მთლად ავეშვით და სულ დაჭმუჭნულები, ამოჩაჩულები და გაბურძგნილები დავდივართ. დერეფანში ერთმანეთს ვეჯახებით და ორივე ვამბობთ -  რას გავხარო. მერე, როგორც ყოველთვის ჩხუბს ვიწყებთ. „როცა და-ძმის ასაკში მცირე განსხვავებაა, მათი შეტაკება უფრო ხშირი იქნება, რადგან ორივე მიისწრაფვის ლიდერობისკენ“ -  ამბობდა ექიმი ტელევიზორში. მე და ჩემი ძმა, რაც მარტო დავრჩით, იმდენად ხშირად ვჩხუბობთ რომ უსარკეობაც კი მიზეზად იქცა.
   ამიტომ, როცა დავინახე რომ ბინაში დიდი სარკე დარჩა, ტაქსი გამოვიძახე, მძღოლის დახმარებით ფრთხილად მივაბი მანქანის სახურავზე და სახლში წავიღე. გზაში ჩემს ძმაზე ვფიქრობდი. მინდოდა, სახლში დამხვედროდა, მაგრამ როგორც კი გავაღე კარები მივხვდი რომ ისევ სადღაც დაბოდიალობდა. ამის გამოცნობა არასდროს მიჭირს. ცარიელი სახლის სუნთქვა სულ სხვანაირია.
  უკვე საღამო იყო და ნახევრადბნელში წვალებას და სარკის ჩამოკიდებას კუთხეში მიყუდება ვარჩიე. ძალიან დაღლილი ვიყავი, თვალწინ ნათესავების სახეები მიტრიალებდა.
  ძლივს ავფოფხდი ლოგინზე და დავიძინე. დავიძინე კი არა, გული წამივიდა საწოლში.

***
ჩემი დილა სიზარმაცის, აბსურდისა და სინდისის ბრძოლაა ხოლმე. დიალოგად რომ დამეწერა, ასეთი რამ გამოვიდოდა:
-    აუუ... არ მინდაა....
-    საერთოდ, რა საჭიროა ცხოვრებაში ადგომა? სრულიად შესაძლებელია პირდაპირ აქედან ვიცხოვრო, არა?
-    მშვენივრად იცი, რომ მაინც ადგები. ასე რომ ნუ  ათამაშებ ახლა ტრაკს და ა-დე-ქი.
და ვდგები.
მაგრამ ეს დილა ასეთი არ იყო. უბრალოდ გავახილე თვალები და უბრალოდ დავინახე: მაგიდა, მასზე გადმობრუნებული ჭიქა (ჩემი ძმის უაზრო ჩვევა), ჩაის ფერი და საშაქრე. წარმოდგენაში მივახატე მაგიდაზე გადმოყრილი შაქარი.
 უცბად თვალს უჩვეულო რამ მოხვდა - კუთხეში სარკე აღმართულიყო. ვიღაცას, ალბათ ჩემს ძმას, გვერდითა პატარა სარკეები მოეკეცა. დილაადრიან ეს საგანი წარმოუდგენლად საზიზღარი მომეჩვენა. „ყველაფერი, რაც ჩვეულებრივობას არღვევს, ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ცვლილებას იწვევს და შეიძლება ემოციების ფართო სპექტრს შეეხოს, შიშით დაწყებული, უკიდურესი ექსტაზით დამთვრებული,“ - ასე ამბობდა ექიმი ტელევიზორში. ოდესმე გიცდიათ სკამების მაგიდაზე დაყენება? აი, რა მგვრის ნამდვილ შიშს. რაკურსის ამბავია.
  სარკესთან მივედი და ძირს ჩამოვჯექი. გამოუძინებელი თვალებით ვუყურებდი ჩემს თავს - თუკი ამას შეიძლება „ჩემი თავი“ ვუწოდო. ნეტავ ჩემმა ძმამ უკვე ნახა საკუთარი თავი? მეეჭვება. ალბათ ჩაი დალია და წაბოდიალდა სადღაც.
   გვერდითა სარკეები გავშალე. მარცხენა და მარჯვენა მხრიდან გაჩნდა პროფილები. ასეთ რამეს პირველად ვხედავდი. მარცხენას დავაკვირდი - ლამაზი იყო, ჩემზე ლამაზი, ოღონდ მკაცრი. გამოხედვა ჩემსას არ გავდა. ეს მე ვარ? მარჯვნივ გავიხედე. აქ ნაკვთები რბილი იყო, დაბნეული სახე, ბავშვური გამოხედვა.. მერე პირდაპირ ჩავხედე ჩემს თავს თვალებში.
და სწორედ ეს გახდა ის მომენტი, სადაც პირველი თავი დამთავრდა.

თავი მეორე

მარცხენა პროფილი
მე არასდროს ვამბობ „იისფერს“, მხოლოდ „მოიისფროს“.

როცა მთხოვენ, რამე მომაწოდეო, ყოველთვის ისე ვაწვდი, რომ მაჯები გამომიჩნდეს, იმიტომ რომ ვიცი, ლამაზი მაჯები მაქვს.

სიცილისას არასდროს ვაღებ პირს.

არ ვუყურებ არაფერს, რაც ახლოსაა, გარშემომყოფებმა რომ თქვან - „ეს გონებით სადღაც შორსაა“.

მე ვიცნობ ყველას და ყველა მიცნობს მე. ამიტომ არასდროს ვესალმები ადამიანებს პირველი.

მე ვიცი რა მინდა, როგორ მინდა და სად.

წარსული იმისთვისაა, რომ დაივიწყო.

შენ სუსტი ხარ, მე - ძლიერი. მეუცნაურები. ალბათ შენც.

მარჯვენა პროფილი

დედა თურქეთში რომ მიდიოდა, შენ ხელს უქნევდი, მე ვტიროდი. ზოგჯერ ვხვდები რომ ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ არ ვიცი, როგორ. საკუთარი უძლურება გზას მიკეტავს. გამოუთქმელი სიტყვები ჩემს შიგნით დადიან და საშინელ ქავილს ვგრძნობ, თითქოს ტერმიტების ბუდე გადამეყლაპოს. მგონი, ყველაზე დიდი სისულელეა ხვალინდელი დღის იმედი გქონდეს.


თავი მესამე

ასე ვიჯექი და ვუსმენდი.
ერთმანეთს ვგავდით. მაგრამ მხოლოდ ვგავდით. სინამდვილეში უკვე სხვადასხვა ვიყავით. სამივემ ვიცოდით, რომ ვარსებობდით, ოღონდ ყველანი ერთად. სანამ მივხვდით, რომ სხვადასხვა ვართ.
არ გამიკვირდა, როცა გაქრობა დაიწყეს. ალბათ თითოეული მათგანის სამყაროში ახლა მე ვქრებოდი. ჩემს რეალობაში კი მარტო მე დავრჩი საკუთარი ანფასის ანარეკლთან. მაგრამ ესეც მე არ ვარ.
  ისინი, ვინც წავიდა, ჩემთან არიან, მეც ვარ მათთან.
მე-ჩვენ ყველგან ვართ, მილიონობით სარკეში, რომელიც სხვადასხვა კუთხით დგას.
და კიდევ, არსებობს ერთი ჩვენგანი, ერთადერთი, რომელიც ზურგით დგას და მის სახეს ვერასდროს დავინახავ. შეიძლება მან იცის პასუხი ჩემს კითხვებზე. მაგრამ ვერასდროს გავიგებ, როგორია. ეს მამშვიდებს.

* *  
- ეე, რას შვები? - ჩემი ძმა სახლში პარკების შხრიალით შემოვიდა და სიცივის სუნი შემოიტანა.
- სარკეში ვიყურები.
  პარკები ძირს დაყარა. ვიგრძენი, კარგ ხასიათზე იყო. ქურთუკი გაიხადა, ჩემთან დაიხარა და კისერზე ხელი მომხვია. შევამჩნიე რომ ქურთუკი ჯერ კიდევ ეცვა ცალ მკლავზე. მერე სარკეზე გადავიტანე მზერა და ჩემდაუნებურად გამეღიმა - ისე ვგავდით ერთმანეთს.  მასაც ეღიმებოდა.
-ეე, რამდენი ვართ!





სხვა სტატიები »